გიორგი სანიკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი სანიკიძე
დაბ. თარიღი 24 ოქტომბერი, 1962(1962-10-24) (61 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი სანიკიძე (დ. 24 ოქტომბერი, 1962, თბილისი) — ქართველი მეცნიერი და ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986 წლიდან მუშაობდა გიორგი წერეთელის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2002 წლიდან არის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი. 1996-2002 წლებში იყო თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი და პროფესორი. 2006-2010 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს მიწვეული მკვლევრის სტატუსით მუშაობდა პარიზი-სორბონა-III და პარიზი-სორბონა-IV უნივერსიტეტებში, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში, ჰოკაიდოსა და ოსაკას უნივერსიტეტებში. მიღებული აქვს ფულბრაიტის, დიდროს, იაპონიის ფონდის, ჰოკაიდოს უნივერსიტეტის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის, კარნეგის ფონდის, რუსთაველის ფონდის, ამსტერდამის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“, „ევრაზიის“ ფონდის, INTAS-ის სტიპენდიები და გრანტები. მონაწილეობდა 70-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო ფორუმში. ლექციებს კითხულობდა კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში, მონტანას უნივერსიტეტში, სორბონა-III და სორბონა-IV უნივერსიტეტებში, ვასედას, ჰოკაიდოს, ოსაკას და კიოტოს უნივერსიტეტებში, მეხიკოს იბეროამერიკანას და ანაჰუაკის უნივერსიტეტებში. არის სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ასოციაციისა და საზოგადოების წევრი.

მუშაობს ახლო აღმოსავლეთის (უპირველესად ირანის) ისტორიასა და თანამედროვე მდგომარეობაზე, საქართველოსა და კავკასიის ისტორიული ურთიერთობებზე აღმოსავლეთის ქვეყნებთან, თანამედროვე ისლამთან და ისლამურ მოძრაობებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, „ორიენტალიზმის“ საკითხსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობებზე, აღმოსავლურ ისტორიოგრაფიაზე.

სამეცნიერო ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანიკიძე არის დაახლოებით 80-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის (გამოქვეყნებულია 11 ქვეყანაში), არაერთი სახელმძღვანელოსა და საგაზეთო სტატიის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ისმაილიანთა სახელმწიფოს შექმნა ირანში“, დაიცვა 1990 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „შიიზმი და სახელმწიფო ირანში“, რომელიც დაიცვა 2001 წელს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს ირანისტიკისა და ისლამმცოდნეობის დარგებში განხორციელებული კვლევებისათვის მიღებული აქვს „ფარაბის საერთაშორისო პრემია“ (იუნესკოს და ისესკოს (ირანისტიკისა და ისლამმცოდნეობის კვლევითი ცენტრი, ირანი) ერთობლივი კონკურსი).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 432

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]