გიორგი რცხილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რცხილაძე.

გიორგი (გულო) ვასილის ძე რცხილაძე (დ. 14 აპრილი, 1909, თბილისი — გ. 1 ნოემბერი, 1969, იქვე) — ქართველი სპორტსმენი (სპორტული ტანვარჯიში), სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1932, 1933, 1934), სსრკ ნაკრების ლიდერი 1930­-იან წლებში. საქართველოს კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1953-19­68).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი რცხილაძე დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწის ვასილ რცხილაძის ოჯახში. მუსიკის ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა ხდება თბილისის კონსერვატორიის სტუდენტი, მაგრამ ჭაბუკი გაიტაცა ტანვარჯიშმა. ამ დროიდან მისი ცხოვრების საქმედ იქცა ტანვარჯიში და სპორტულ-ფიზკულტურული მოძრაობა.

გიორგი რცხილაძე იყო ჩვენში სპორტული მოძრაობის ცნობილი საზოგადოების შევარდენის ერთ-ერთი მესვეურის, ცნობილი ტანმოვარჯიშის გიორგი ეგნატაშვილის მოწაფე და მიმდევარი. ამ სკოლიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა გაუთქვეს სახელი 30-იან წლებში ქართულ ტანვარჯიშს, როდესაც 1932 წელს გ. რცხილაძემ და გ. ეგნატაშვილის მეორე მოწაფემ, გიორგი ბაბილოძემ ფურორი მოახდინეს სსრ კავშირის ჩემპიონატზე ლენინგრადში; აბსოლუტურ პირველობაზე პირველი და მეორე ადგილები გაიყვეს. ამის შემდეგ გ. რცხილაძემ კიდევ ზედიზედ სამჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და 1936 წელს ერთ-ერთ პირველს ჩვენს ქვეყანაში მიენიჭა სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. სულ მალე იგი ასევე წარმატებით გამოვიდა მუშათა ოლიმპიადაზე ანტვერპენსა და პარიზში.

როგორც ნიჭიერმა ორგანიზატორმა, გ. რცხილაძემ განვლო სახელოვანი გზა სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლიდან თბილისის საქალაქო სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელამდე. სადაც კი მუშაობდა, იყო ეს თბილისის უნივერსიტეტი, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, მოსკოვის ფიზკულტურის ცენტრალური ინსტიტუტი, სპორტსაზოგადოება „დინამოს“ რესპუბლიკური საბჭო, ყველგან გამოირჩეოდა მაღალი, დახვეწილი პროფესიონალიზმითა და თავდადებული მუშაობით.

1972 წელს თბილისის უმაღლესი სპორტული ოსტატობის ტანვარჯიშის სპეციალიზირებულ სკოლას ამ გამოჩენილი სპორტსმენის სახელი მიენიჭა. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 315, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]