გიორგი რომანოვი
| გიორგი რომანოვი | |
|---|---|
![]() | |
| დაბადების თარიღი | 13 მარტი, 1981[1] (44 წლის) |
| დაბადების ადგილი | მადრიდი |
| საქმიანობა | მენეჯერი |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | პარიზის სტანისლასის კოლეჯი |
| მეუღლე | Princess Victoria Romanov |
| შვილ(ებ)ი | Prince Alexander Georgievich Romanov და Princess Kira Georgievna Romanov |
გიორგი რომანოვი (რუს. Гео́ргий Миха́йлович Рома́нов, დ. 13 მარტი, 1981, მადრიდი, ესპანეთი) — რომანოვების დინასტიის შთამომავალი დედის ხაზით. მონარქისტების ნაწილის (ე.წ. „კირილოველების“) მიერ აღიარებულია რუსეთის იმპერატორული სახლის მეთაურობის მემკვიდრედ. მარია რომანოვასა და პრინც ფრანც ვილჰელმ პრუსელის (მართლმადიდებლობაში — მიხაილ პავლოვიჩი) ერთადერთი შვილი.
წარმომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი რომანოვი პრინც ფრანც ვილჰელმ ჰოჰენცოლერნისა და მარია ვლადიმერის ასულ რომანოვას შვილია. მისი მშობლები 1985 წელს განქორწინდნენ.
მამა — პრინცი კარლ ფრანც იოზეფ პრუსელის (გერმანიის არმიის ლეიტენანტი) შვილი, პრინც იოახიმ პრუსელის შვილიშვილი და იმპერატორ ვილჰელმ II-ის შვილთაშვილი, რომელიც 1918 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს.
დედა — ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვის (1917-1992) ქალიშვილი, დიდი თავადის კირილე ვლადიმერის ძე რომანოვის (1876-1938) შვილიშვილი, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ბიძაშვილი იყო. ასევე, იმპერატორ ალექსანდრე III-ის ძმის, დიდი თავადის ვლადიმერ ალექსანდრეს ძის შვილთაშვილი და იმპერატორ ალექსანდრე II-ის შვილთაშვილის შვილი.
მამის მხრიდან — გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის, ხოლო დედის მხრიდან — ინგლისელი პრინცესა ვიქტორია მელიტას (დიდი თავადის ქალი ვიქტორია ფიოდოროვნა) ხაზით — გიორგი რომანოვი ინგლისის დედოფალ ვიქტორიას პირდაპირი შთამომავალია.
დედოფალ ვიქტორიას ხაზით იგი ნათესაურ კავშირშია თანამედროვე ევროპის არაერთი სამეფო დინასტიის წარმომადგენელთან: არის დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის მეხუთე თაობის ბიძაშვილი, ესპანეთის ყოფილი მეფის ხუან კარლოსის, ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის, შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავისა და დანიის დედოფლის მარგრეტე II-ის მეოთხე თაობის დისშვილი.
ტიტულირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1976 წლის 21 ივლისის აქტის ზ) პუნქტით, ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვმა, თავისი ქალიშვილის მარია რომანოვას ქორწინებამდე, განსაზღვრა, რომ მომავალ შვილიშვილებს პირველ გვარად ექნებოდათ რომანოვი და მიენიჭებოდათ დიდმთავრის ტიტული, რასაც დაერთვებოდა პრუსიის პრინცის ან პრინცესის ტიტული და გვარი. თუმცა, გიორგის დაბადებისას მას მიენიჭა მხოლოდ გვარი რომანოვი და ტიტული „მისი იმპერატორობითი აღმატებულება დიდმთავარი“ — პრუსიის პრინცის ტიტული კი არ იქნა მოხსენიებული.
1992 წლიდან მარია რომანოვას მხარდამჭერები გიორგის მიმართავენ ტიტულით: „მისი იმპერატორობითი აღმატებულება იმპერატორის მემკვიდრე უფლისწული და დიდმთავარი“. მათი აზრით, გიორგი რომანოვი შეიძლება გახდეს რუსეთის სამეფო დინასტიის ახალი შტოს — რომანოვები-ჰოენცოლერნები — დამაარსებელი. გიორგი რომანოვის დაბადებისთანავე, რომანოვთა გვარის წევრთა გაერთიანების თავმჯდომარემ, ვასილი ალექსანდრეს ძე რომანოვმა, გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო: „პრუსიის სამეფო სახლში მომხდარი ბედნიერი მოვლენა არ უკავშირდება რომანოვებს, ვინაიდან ახალშობილი არც რუსეთის იმპერატორული ოჯახის და არც რომანოვთა გვარის წევრი არ არის“.[2] რომანოვების პირდაპირი მამრობითი ხაზის შთამომავლებს შორის გიორგი რომანოვის დინასტიური უფლებები ასევე სადავოა.[3] კირილოვიჩების მოწინააღმდეგეები მას მოიხსენიებენ როგორც „გიორგი ჰოჰენცოლერნს“, ზოგჯერ კი ირონიულად უწოდებენ „ცარევიჩ გოშას“.[4][5][6]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი რომანოვი დაიბადა 1981 წლის 13 მარტს. სახელი ეწოდა დედის მხრიდან დიდპაპის, გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელის, პატივსაცემად. მოინათლა 1981 წლის 6 მაისს მადრიდის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ნათლობა აღასრულა ლოს-ანჯელესის არქიეპისკოპოსმა ანტონიმ (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ). ნათლობის ცერემონიას ესწრებოდნენ ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი მეუღლესთან, დედოფალ სოფიასთან ერთად, ყოფილი ბულგარეთის მეფე სიმეონ II და მისი მეუღლე, დედოფალი მარგარიტა. გიორგი რომანოვის ნათლია იყო საბერძნეთის ყოფილი მეფე კონსტანტინოს II.[7][8] ბავშვობის წლები სენ-ბრიაკიში (საფრანგეთი) გაატარა, მოგვიანებით კი პარიზში გადავიდა. 1999 წლამდე დედასთან ერთად მადრიდში ცხოვრობდა.
რუსეთში პირველად 1992 წელს იმყოფებოდა, როდესაც ოჯახთან ერთად ჩამოვიდა თავისი პაპის, ვლადიმერ კირილეს ძის, პანაშვიდზე. 1998 წლის 9 აპრილს, წმინდა მიწაზე მომლოცველობისას, გიორგიმ დადო დინასტიური ფიცი, რომელიც გათვალისწინებულია რუსეთის იმპერიის ძირითადი კანონებით. ცერემონია გაიმართა იერუსალიმში, საპატრიარქო რეზიდენციის ტახტის დარბაზში, სადაც ფიცი მიიღო იერუსალიმის პატრიარქმა დიოდორმა.[9][10]
სწავლობდა საფრანგეთში, ესპანეთსა და ოქსფორდის უნივერსიტეტში. პროფესიული კარიერა დაიწყო ევროპის პარლამენტის აპარატში, შემდეგ კი ბრიუსელში გადავიდა და დაიწყო მუშაობა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და ტრანსპორტისა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, ლაიოლა დე პალასიოს თანაშემწედ. მოგვიანებით გააგრძელა საქმიანობა ევროკომისიის აპარატში ლუქსემბურგში, სადაც ატომური ენერგეტიკისა და ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობდა.[11] არაერთხელ წარმოადგინა რუსეთის იმპერატორული სახლი სხვადასხვა ევროპულ ოფიციალურ ღონისძიებებზე. 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია ჟოზეფინ-შარლოტას[12] და მონაკოს მთავარ რენიე III-ის დაკრძალვაზე.
2008 წლის 12 დეკემბერს დაინიშნა „ნორილსკის ნიკელის“ გენერალური დირექტორის მრჩევლად და ნიკელის ინსტიტუტის მმართველი საბჭოს წევრად.[13] მისი საქმიანობა, სხვა საკითხებთან ერთად, უკავშირდებოდა კომპანიის პროგრამის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკომისიის მიერ ნიკელის რამდენიმე ნაერთის სახიფათო ნივთიერებად კლასიფიკაციის გადაწყვეტილების გაპროტესტებას.[14] 2014 წლის იანვარში ეს თანამდებობა დატოვა.[15] 2014 წელს დააარსა „იმპერატორული სახლის ფონდი ონკოლოგიური დაავადებების კვლევისათვის“, რომლის მხარდაჭერითაც გაიხსნა ბავშვთა ჰოსპისი პავლოვსკში და პალიატიური ცენტრი მძიმე და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაავადებების მქონე სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ბავშვებისთვის. 2019 წელს სათავეში ჩაუდგა მთელ რუსეთში მოქმედ საქველმოქმედო სურსათის ფონდის მმართველ საბჭოს, რომელიც საკვებით ეხმარება სოციალურად დაუცველ თანამემამულეებს რუსეთის ფედერაციის მასშტაბით.[16]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2021 წლის 20 იანვარს „რუსეთის იმპერატორული სახლის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოცხადდა გიორგი რომანოვისა და იტალიელი რებეკა ვირჯინია ბეტარინის მომავალი ქორწინების შესახებ. რებეკა ბეტარინი იტალიელი დიპლომატის, რობერტო ბეტარინისა და მისი მეუღლის, კარლა ვირჯინია კაჩატორეს ქალიშვილია. რებეკას მამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რომში წმინდა ეკატერინეს მართლმადიდებელი ტაძრის მშენებლობის საკითხის გადაჭრაში.
მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერისა და რუსეთ-იტალიის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მარია რომანოვამ, რობერტო ბეტარინი დააჯილდოვა წმინდა ანას I ხარისხის იმპერატორული ორდენით, რის საფუძველზეც იგი აღიარებულ იქნა რუსეთის იმპერიის მემკვიდრეობით არისტოკრატად.
2017 წლიდან რებეკა ბეტარინი რუსეთის იმპერატორული საქველმოქმედო ფონდის დირექტორი იყო. 2019 წლიდან მოსკოვში ცხოვრობს. 2020 წლის 12 ივლისს სანქტ-პეტერბურგის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში მოინათლა. იმავე წელს, რუსეთის საზღვრებში საქველმოქმედო საქმიანობაში მონაწილეობისა და რუსეთსა და ევროპას შორის ჰუმანიტარული თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის, მარია რომანოვამ იგი დააჯილდოვა „იმპერატორული ორდენის ქალბატონები წმინდა დიდმოწამე ანასტასია გამათავისუფლებლის“ ტიტულით.[17]
2021 წლის 24 იანვარს კოსტრომას იპატიევსკის მონასტერში შედგა გიორგისა და ვიქტორიას ნიშნობა. ქორწილი გაიმართა 2021 წლის 1 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგის ისააკის ტაძარში.[18] 2022 წლის 21 მაისს გიორგი რომანოვმა გამოაცხადა, რომ მისი მეუღლე ბავშვს ელოდებოდა. 2022 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა მათი ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს, წმინდა ალექსანდრე ნევსკის პატივსაცემად.[19].[20]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი რომანოვი დაჯილდოებულია მრავალი რუსული და უცხოური დინასტიური ორდენით,[21] მათ შორის:
- იტალიის სამეფოს „წმინდა ხარების უმაღლესი ორდენის“ ("Annunziata") კავალერის წოდება[22]
- პორტუგალიის წმინდა მიხეილის ფრთის ორდენის კავალერი
- ეთიოპიის წმინდა სამების ორდენის კავალერი[23]
- 2018 წლის 6 მაისს - ბრუკლინის საეპარქიო წმინდა რაფაელის პირველი ხარისხის ორდენი „იმპერატორული ფონდის ონკოლოგიური კვლევების გაძლიერებისთვის გაწეული დამსახურებული შრომისთვის და მრავალწლიანი, თავგანწირული და ღირსეული მსახურებისთვის ჩვენი სამშობლოსა და რუსეთის ეკლესიის სასიკეთოდ“[24]
- წმინდა ოლეგ ბრიანსკელის სახელობის პირველი ხარისხის მედალი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Георгий Михайлович на официальном сайте «Российского императорского дома»
- «Надеюсь принести пользу компании» (интервью) // Норильский никель, 2009, февраль-март. № 1(46). — С. 22—27.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lundy D. R. The Peerage
- ↑ Горохов Д. Романовы: Судьбы династии // Эхо планеты. — 1990. — Апрель. — № 16. — С.34
- ↑ Обращение князя Николая Романовича Романова от [[1 августа]] [[1997 год]]а.. ციტირების თარიღი: 2008-03-11
- ↑ Мемория. Мария Романова — ПОЛИТ.РУ. ციტირების თარიღი: 2015-06-14
- ↑ Кто и почему может взойти на российский престол. ციტირების თარიღი: 2015-06-14
- ↑ Время восклицательных знаков. ციტირების თარიღი: 2015-06-14
- ↑ Крещение Внука Великого Князя. ციტირების თარიღი: 2008-03-10
- ↑ Наследование Российского Императорского престола. — Изд. 2-е испр. и доп. — М.: Новый Век, 1999. — С. 171. — ISBN 5-900053-14-9
- ↑ Присяга. ციტირების თარიღი: 2008-03-10
- ↑ Пчелов Е. В. Генеалогия Романовых 1613—2001. — М.: Экслибрис-Пресс, 2001. — С.113. — ISBN 5-88161-102-0
- ↑ Биография Великого Князя Георгия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-28. ციტირების თარიღი: 2008-03-10.
- ↑ В Люксембурге прошли похороны Великой Герцогини. ციტირების თარიღი: 2009-01-18
- ↑ Георгий Романов назначен Советником Генерального Директора ГМК «Норильский никель»
- ↑ Е. И. В. Государь Наследник Цесаревич и Великий Князь Георгий Михайлович. ციტირების თარიღი: 2010-05-24
- ↑ Наследник российского престола уволился из «Норникеля». ციტირების თარიღი: 2014-01-23
- ↑ Российский Императорский Дом - Е.И.В. Государь Наследник Цесаревич и Великий Князь Георгий Михайлович. ციტირების თარიღი: 2021-02-18
- ↑ 2021-01-20 Объявление о предстоящей свадьбе Его Императорского Высочества Государя Наследника Цесаревича и Великого Князя Георгия Михайловича с Госпожой Викторией Романовной Беттарини. ციტირების თარიღი: 2021-01-29
- ↑ Российский Императорский Дом - 2021-03-05 От Канцелярии Главы Российского Императорского Дома. ციტირების თარიღი: 2021-07-08
- ↑ В Доме Романовых сообщили об ожидаемом пополнении в семье наследника. ციტირების თარიღი: 2022-05-21
- ↑ У главы Дома Романовых родился внук. ციტირების თარიღი: 2022-10-21
- ↑ ORDERS OF KNIGHTHOOD AND MERIT. ციტირების თარიღი: 2008-03-10
- ↑ ORDERS OF KNIGHTHOOD AND MERIT. ციტირების თარიღი: 2008-03-10
- ↑ Орден Святой Троицы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-13. ციტირების თარიღი: 2010-03-20
- ↑ Архиепископ Сан-Францисский и Западно-Американский Кирилл вручил церковную награду Великому Князю Георгию Михайловичу (2018-05-06). ციტირების თარიღი: 2018-05-26.
