გიორგი პისიდიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიორგი პისიდიელი (ბერძ. Γεώργιος Πισίδης) — VII საუკუნის ბიზანტიელი პოეტი. მოღვაწეობდა ჰერაკლე კეისრის დროს (610-641). გიორგის უპირატესობას, როგორც პოეტისას, გრძნობდნენ ბიზანტიელები და მას ძალიან მაღლა აყენებდნენ: XI საუკუნის გრამატიკოსი გრიგოლ კორინთელი მას მიიჩნევდა სანიმუშო იამბოგრაფოსად, ხოლო მიქაელ ფსელოსი საკითხს სვამდა: „ვინ უფრო უკეთეს ლექსებს წერს — ევრიპიდე თუ პისიდიელი?“

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი პისიდიელი თავისი შემოქმედებისთვის მასალას იღებს ნაწილობრივ თავისი დროის პოლიტიკური ცხოვრებიდან, ნაწილობრივ — თეოლოგიური პაექრობიდან. პირველ რიგში, აღსანიშნავია გიორგი პისიდიელის სამი ისტორიული ნაწარმოები:

  1. „იმპერატორ ჰერაკლეს ლაშქრობა სპარსელების წინააღმდეგ“ (ლათ. „De expeditione Heraclii imperatoris contra Persas“) - შედგება 1093 იამბური ტრიმეტრისაგან, რომელიც ეძღვნება ჰერაკლე კეისრის ლაშქრობას სპარსელების წინააღმდეგ 622 წელს. როგორც ჩანს, თხზულება თვითმხილველის მიერაა დაწერილი.
  2. „ჰერაკლეადა, ანუ სპარსელთა მეფის, ხოსროს, საბოლოო დაცემა“ (ლათ. „Heraclias“ ან „De extremo Chosroae Persarum regis excidio“) – 471 ტაეპი, რომელშიც მოთხრობილია ჰერაკლეს საბოლოო გამარჯვებაზე ხოსროსთან ბრძოლაში;
  3. „პოემა ხუნძების შემოსევაზე“ (ლათ. „Avarica“, ან „Bellum Avaricum“) — აღწერილია 626 წელს მომხდარი იერიში ხუნძებისა კონსტანტინოპოლზე.

ამ ისტორიულ თხზულებებში გვაქვს პოეზიის ის სახე, რომელსაც ფესვები ალექსანდრიულ პოეზიაში აქვს. ეს არის „ენკომიონი“, რომლის მიზანი იყო შექება და განდიდება უზენაეს ხელისუფალთა და მათი ღვაწლისა, აგრეთვე მნიშვნელოვანი ძეგლებისა და ამბებისა. ხოლო აღმოსავლეთის გავლენამ ამ ხოტბას მისცა გაცილებით უფრო საზეიმო ხასიათი და ყურადღება გაამახვილებინა პოეტების პიროვნებაზე და არა - ისტორიულ ფაქტზე.

ერთგვარ ისტორიულ-თეოლოგიური ჟანრის ნაზავს წარმოადგენს თხზულება: „In sanctam Jesu Christi, Dei nostri resurrectionem“, რომლითაც ავტორი მოუწოდებს ფლავიუს კონსტანტინეს, გაჰყვეს მამის, ჰერაკლეს, ნაკვალევს და მასავით იცხოვროს.

გარდა ისტორიული ნაწარმოებებისა, გიორგი პისიდიელს ეკუთვნის თეოლოგიური და დოგმატური ხასიათის თხზულებები:

  1. პოემა „ექვსთა დღეთა“ (ლათ. „Opus sex dierum seu Mundi opificium“) — კოსმოლოგიური, დიდაქტიკური თხზულება ქვეყნის გაჩენის შესახებ, მიძღვნილი სერგის მიმართ, რომელშიც ავტორი იზიარებს არისტოტელეს საბუნებისმეტყველო განმარტებებს;
  2. „უღვთო სევეროს ანტიოქიელის წინააღმდეგ“ (ლათ. „Contra impium Severum Antiochiae“) — პოლემიკური ჟანრის თხზულება მიმართული მონოფიზიტ პატრიარქ სევერიანე ანტიოქიელის წინააღმდეგ;
  3. „ცხოვრების ამაოების გამო“ (ლათ. „De vanitate vitae“) — ტრაქტატი ცხოვრების ამაოების შესახებ, დაწერილი „ეკლესიასტეს“ სტილით.

მასვე დაუწერია ასევე ორი მოკლე პოემა: „In templum Deiparae Constantinopoli, in Blachernis situm“ („კონსტანტინოპოლის ღვთისმშობლის ტაძარში, ბლაქერნას მიდამოებში“) და „ძელი ცხოვლის აღმართვა.“

გიორგი პისიდიელს ეკუთვნის პროზად დაწერილი ენკომიონი: „წმინდა მოწამე ანასტასის შესხმა“ (ლათ. „Encomium in S. Anastasium martyre“). ყველა ამ ნაწარმოებში, როგორც საისტორიოში, ისე თეოლოგიურში, პისიდიელი ხმარობს უმეტესად იამბურ ტრიმეტრს, რომელიც იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი თერთმეტმარცვლიანი საზომია და მას მახვილი აქვს ბოლოდან მეორე, ანუ მე-11 მარცვალზე. გიორგი პისიდიელი დასახელებულია ღვთისმშობლის ჰიმნი აკათისტოს ერთ-ერთ შესაძლო შემდგენლად და ავტორად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყაუხჩიშვილი სიმონ, ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურა, 1973, გვ. 172-173.