გიორგი ოდიშელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გიორგი ზაქარიას ძე ოდიშელიძე (ფრანგ. Georges Odichélidzé; დ. 12 ნოემბერი [ახ. სტ. 25 ნოემბერი], 1899, ყვარელი — გ. 1970, პარიზი, დაკრძალულია შატუს სასაფლაოზე) — ქართველი იუნკერი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ოფიცერი.

დაამთავრა თბილისის 1-ლი გიმნაზია (1917). 1918 წელს მსახურობდა ქართულ ცხენოსან ასეულში, შემდეგ თელავის მაზრის სამხედრო ბეგარის უფროსის სამმართველოში. 1919 წელს გახდა თბილისის სამხედრო სკოლის, იუნკერთა სასწავლებლის კურსანტი, 1921 წელს — სკოლის ქვეითი ასეულის ზემდეგი. მონაწილეობდა ჩოლოქის (1918 წლის აპრილი), კოჯორ-ტაბახმელას (1921 წლის თებერვალი) და ბათუმის (1921 წლის მარტი) ბრძოლებში. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში იყო ჯერ სტამბოლში, შემდეგ — საფრანგეთში. იმავე წლის ბოლოს ოთხ ქართველ იუნკერთან (ნიკოლოზ თოხაძე, ივანე ვაჩნაძე, ალექსანდრე ჯინჭარაძე, ალექსანდრე კინწურაშვილი) შეირჩა სასწავლებლად საფრანგეთის სენ–მიქსენის სამხედრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სატანკო სასწავლებელში სწავლობდა.

1922 წლიდან მსახურობდა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის რიგებში სირიასა და ალჟირში. 1935 წელს მიიღო კაპიტნის წოდება. II მსოფლიო ომის დასაწყისში, 1940 წლის აპრილში სამხრეთ საფრანგეთში, ბარკარესის სამხედრო ბანაკში დაავალეს ქართული შენაერთის (unité géorgienne) შექმნა. 1941-1943 წლებში მაიორის წოდებით ასრულებდა საფრანგეთის არმიის საჰაერო ჯარების კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსის მოვალეობას. 1943 წელს იბრძოდა ტუნისში, მონაწილეობდა საფრანგეთის განთავისუფლების ოპერაციებში. 1944 წელს გახდა პოლკოვნიკი (კოლონელი). 1945-1947 წლებში იყო საფრანგეთის რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს რადიოკომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი. სამხედრო პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობდა სამოქალაქო სექტორში, აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს. მიღებული ჰქონდა სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის საპატიო ლეგიონის ორდენი. ცოლად ჰყავდა (1938) გენერალ გიორგი კვინიტაძის ქალიშვილი თამარი; შვილები — ნოდარი, მერაბი და ეკატერინე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოდიშელიძე გიორგი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.153-154;
  • Nicoladze, Françoise; Nicoladzé, Révaz. Des Géorgiens pour la France : itinéraires de résistance, 1939-1945. Paris : L'Harmattan, 2007. ISBN 978-2296036222.
  • Mikaberidze, Alexander. "With Honor and Fidelity": Life and Career of Colonel Nicolas Tokhadze of the French Foreign Legion. Tbilisi, 2015. ISBN 978-1-312-89698-7.