გიორგი ნიორაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიორგი ნიორაძე (დ. 30 ნოემბერი, 1886, შროშა, ზესტაფონის რაიონი — გ. 10 დეკემბერი, 1951, თბილისი) — ქართველი არქეოლოგი და პედაგოგი.

სწავლობდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში. 1921 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1910-1917 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასწავლებლისა და მუშათა საღამოს კურსების მასწავლებელი; ატარებდა ლექციებს ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად; 1920-1922 წლებში აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს; 1922-1924 წლებში სწავლობდა ჯერ ბერლინის, ხოლო შემდეგ ჰამბურგის უნივერსიტეტში და მიიღო არქეოლოგის კვალიფიკაცია; 1925 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე; 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 1927 წელს მისი ხელმძღვანელობით გაითხარა ადრინდელი რკინის ხანის ორმოსამარხი ზემო ავჭალაში, 1930 წელს მტკვარ — არაქსის კულტურის ადრეული ძეგლი დიდუბეში; 1934 წლიდან არქეოლოგიის კათედრის გამგე; 1933 წლიდან პროფესორი, 1935 წლიდან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; 1935 წელს დაინიშნა საქართველოს არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად; 1933–1943 წლებში განაგებდა ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის(შემდგომში ისტორიის ინსტიტუტი) არქეოლოგიის განყოფილებას; მისი არქეოლოგიური გამოკვლევები მოიცავს ქრონოლოგიური დიაპაზონის ძეგლებს ქვის ხანის მღვიმე საცხოვრისებიდან ფეოდალურ ხანამდე; ეთნოლოგიურ-ანთროპოლოგიური გამოკვლევები ეძღვნება ქართველების, ოსების, კავკასიისა და ციმბირის ხალხთა ყოფას, რელიგიას, ზოგადად კულტურისა და ისტორიის საკითხებს; გამოიკვლია დასავლეთ საქართველოს ხელოვნური ბორცვების ხასიათი და ასაკი, აღმოსავლურ-ქართული ბრინჯაოს კულტურის თავისებურება, ქართულ-წინააზიურ კულტურათა ურთიერთობა; გათხარა და შეისწავლა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები, ქართული არქეოლოგიის ფუძემდებელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]