გიორგი მანიაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანიაკე იპყრობს ედესას

გიორგი მანიაკე (ბერძ. Γεώργιος Μανιάκης, სომხ. Գևորգ Մանյակ, იტალ. Giorgio Maniace; გ. 1043) — XI საუკუნის გამოჩენილი ბიზანტიელი მხედართმთავარი, იტალიის კატეპანი 1042 წელს. სკანდინავიურ საგებში ცნობილია, როგორც გირგირი. ძალიან პოპულარულია ის აზრი, რომ გიორგი მანიაკე ძალიან მაღალი და ძლიერი იყო, თითქმის — გიგანტი.[1] 1038–1040 წლებში იბრძოდა სიცილიის დასაბრუნებლად.[2] წარმოშობით იყო სომეხი.[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი მანიაკე აძევებს სტეფანეს

მანიაკე პირველად მოიხსენიება 1030–1031 წლების კამპანიისას, როდესაც ბიზანტიელები დამარცხდნენ ალეპოსთან, მაგრამ შეძლეს არაბებისათვის ედესის წართმევა. მისი ყველაზე დიდი მიღწევა იყო სიცილიის ნაწილობრივი დაბრუნება არაბებისაგან, რომელიც 1038 წელს დაიწყო. აქ მას დახმარებას უწევდა ვარიაგების დაცვის მეთაური ჰარალდ ჰარდრადა, რომელიც მოგვიანებით ნორვეგიის მეფე გახდა. გარდა ვარიაგებისა, ბიზანტიელთა გვერდით იბრძოდნენ დაქირავებული ნორმანები, რომელთაც გიიომ I ხელმძღვანელობდა. მან ზედმეტსახელი „რკისნისხელა“ სწორედ ამ ომის დროს მიიღო, როდესაც სირაკუზის ამირა დაამარცხა. თუმცა, მანიაკემ გააძევა თავისი ადმირალი, სტეფანე, რომელიც ბიზანტიის სამეფო კარის ერთ-ერთი უმაღლესი პირის, იოანე საჭურისის დის ქმარი იყო. აგრეთვე საჯარო შეურაცხყოფა მიაყენა ლანგობარდების კონტიგენტის მეთაურს, არდუინს, რის გამოც ბიზანტიელთა არმია დატოვეს ნორმანებმა და სხვა ჩრდილოელებმა. საპასუხოდ მიხეილ IV-მ გიორგი მანიაკე უკან გამოიხმო. არაბებმა სიცილიის ხელახლა დაპყრობა შეძლეს, მაგრამ მანიაკეს წარმატებებმა შთააგონა ნორმანები, რომლებიც მოგვიანებით თავს დაესხნენ კუნძულს.

გიორგი მანიაკეს სარდლობით ბიზანტიელები გადადიან სიცილიაზე და ამარცხებენ არაბებს

სიცილიაში მისი მიღწევების იგნორირების გამო მანიაკე იმპერატორ კონსტანტინე IX-ს 1042 წელს აუჯანყდა, თუმცა იმპერატორმა იგი იტალიის კატეპანად დანიშნა, რადგან იტალიაში ბიზანტიელები კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მათ დაკარგეს უდიდესი ტერიტორიები. მანიაკემ მოახერხა ამ მიწების უკან დაბრუნება, მაგრამ ინტრიგების მსხვერპლი გახდა: მას წინააღმდეგობა უწევდა რომანოზ სკლიაროსი (სკლეროსი), რომელიც ვრცელ ტერიტორიებს ფლობდა ანატოლიაში; იგი ემეზობლებოდა მანიაკეს მიწებს და ორივე მათგანი ავრცელებდა ჭორებს ერთმანეთზე შესაძლო თავდასხმის შესახებ მათი დაპირისპირების გამო; რომანოზმა თავისი დის საშუალებით, რომელიც იმპერატორზე გავლენას ავრცელებდა, დაწინაურება მოახერხა; მან იმპერატორი მანიაკეს წინააღმდეგ განაწყო და მოახერხა ამ უკანასკნელის სახლის დარბევა, მისი ცოლი კი შეაცდინა (რომელიც თავისი სილამაზით იყო ცნობილი). თვითონ გიორგი კი კონსტანტინოპოლში გამოიძახეს. მას შემდეგ, რაც მართლმსაჯულების წინაშე წარდგა, უარი თქვა ბრძანებების შესრულებაზე, სკლეროსი წამებით მოკლა (დათხარა თვალები, მოაჭრა ყურები, ცხვირი და პირი) და თავისი არმია ბალკანებზე გადაიყვანა.[4] მისმა ჯარისკაცებმა (მათ შორის ვარიაგებმაც) გიორგი მანიაკე იმპერატორად გამოაცხადეს და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. 1043 წელს თესალონიკესთან ახლოს გაიმართა ბრძოლა, თავდაპირველად იგი მანიაკეს წარმატებით წარიმართა, მაგრამ იგი სასიკვდილოდ დაიჭრა და საბოლოოდ იმპერატორმა კონსტანტინემ გაიმარჯვა. გამარჯვების ნიშნად მან იპოდრომზე ჩამოატარა ზურგით წინ ვირზე შემჯდარი აჯანყებულები. მანიაკეს სიკვდილით აჯანყება შეწყდა. მისი სახელი ჰქვია ქალაქ მანიაჩეს, ციხესიმაგრე კასტელო-მანიაჩეს და მონასტერ სანტა-მარია-მანიაჩეს იტალიაში.

მანიაკე ვირზე შესმული შეჰყავთ კონსტანტინოპოლში

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2005) Byzantino-Nordica 2004: Papers Presented at the International Symposium of Byzantine Studies Held on 7-11 May 2004 in Tartu, Estonia. Morgenstern Society. ISBN 9949112664. 
  2. Peter Charanis // Studies on the demography of the Byzantine empire: collected studies // Variorum Reprints, 1972 г. — стр 230(360)
  3. Peter Charanis. The Armenians in the Byzantine Empire. — Лиссабон: изд. фонда Галуста Гюльбенкяна, 1963. — С. 46. — 63 с.
  4. Bradbury, Jim. (2004) Routledge Companion to Medieval Warfare. Routledge, p. 65