გიორგი თევზაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თევზაძე (მრავალმნიშვნელოვანი).
გიორგი თევზაძე
დაბ. თარიღი 5 ივლისი, 1988(1988-07-05)
დაბ. ადგილი ახალსოფელი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 17 ივნისი, 2013(2013-06-17) (24 წლის)
მოქალაქეობა  საქართველო
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ასტრონომი
მუშაობის ადგილი პულკოვოს ობსერვატორია, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გიორგი არტემის ძე თევზაძე (დ. 5 ივლისი, 1914, ახალსოფელი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — გ. 23 აგვისტო, 1988) — ქართველი ასტრონომი. საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1980).[1] გიორგი თევზაძე სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო საქმიანობას. იგი მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და სამეცნიერო საბჭოს წევრი იყო. მათ შორის რუსთაველის საზოგადოების გამგეობის წევრიც.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1933-1934 წლებში დაამთავრა ქალაქ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1936-37 წლებში მუშაობდა პროფესორ მიხეილ სუბოტინთან ასპირანტად ლენინგრადში.

1937-40 წლებში მუშაობდა ასპირანტად პულკოვოს ობსერვატორიაში (ლენინგრადი) პროფესორ ნიკოლოზ ციმერმანის ხელმძღვანელობით.

1941 წელს გაზაფხულზე ლენინგრადის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებაში კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „Определение широты и долготы Абастуманской обсерватории на горе Канобили из наблюдений, произведённых в 1939 г“.

1940-44 წლებში ძირითადად მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში უფროს მეცნიერ თანამშრომლობლად.

1942-45 წლებში შეთავსებით მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც მარკშეიდერებს უკითხავდა ასტრონომიის თეორიულ კურსს. მისივე ხელმძღვანელობით ეს სტუდენტები ზაფხულობით აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გადიოდნენ ასტრონომიულ პრაქტიკას.

1945 წელს გიორგი თევზაძე გადმოდის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ძირითად თანამშრომლად.

1952 წლიდან მუშაობს გეოდეზია-მარკშეიდერის და თეორიული მექანიკის კათედრებზე.

1964 წელს გეოდეზია-მარკშეიდერის კათედრამ სრულიად შეწყვიტა პრაქტიკული ასტრონომიის სწავლება, რის გამოც გიორგი თევზაძე მთლიანად გადადის თეორიული მექანიკის კათედრაზე, სადაც სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას.

გიორგი თევზაძე ცნობილია როგორც მრავალმხრივი და ფართო დიაპაზონის მკვლევარი. დიდია მისი დამსახურება უმაღლეს სასწავლებლებში ასტრონომიისა და თეორიული მექანიკის სწავლების დარგში. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გარდა გიორგი თევზაძე ლექციების კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. შეთავსებით იყო საბავშვო და ახალგაზრდული გამომცემლობის დირექტორის მოადგილე, მეცნიერულ-პოპულარული განყოფილების უფროსი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამომცემლობის დირექტორი.

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი თევზაძემ აბასთუმნის 16 დუიმიან ტელესკოპით ასტრო-ფოტოგრაფიის გზით აღმოაჩინა მანამდე უცნობი, ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი „კომეტა“.[2] საქართველოს ვრცელი ისტორიის მაძილზე ეს აღმოჩენა წარმოადგენს პირველ ასტრონომიულ აღმოჩენას, რომელიც ქართველის მიერ იყო შესრულებული.[3]

პირველი კომეტა წოდებული „კომეტა 1942 თევზაძე 2“ აღმოჩენილ იქნა 1942 წლის 14 დეკემბერს. მეორე კომეტა წოდებული „კომეტა 1942 თევზაძე 1“ აღმოჩენილი იქნა 1942 წლის 26 დეკემბერს. ამ აღმოჩენის გამო გიორგი თევზაძე წყნარი ოკეანის ასტრონომიულმა კორპორაციამ (ინგლ. Astronomical Society of the Pacific) სან-ფრანცისკოში გამართულ ასტრონომთა ყრილობაზე დააჯილდოვა „ჟოზეფ დონოჰოეს“ მედლით და სამკერდე ნიშნით.[4] ამ მედლით დაჯილდოების შესახებ ცნობა განთავსდა ჟურნალ „Publications of the Astronomical Society of the Pacific“-ის 323-ე ნომერში 1943 წლის აპრილში.

1962 წელს ლენინგრადის თეორიული ასტრონომიის ინსტიტუტის, ლენინგრადის უნივერსიტეტის და პულკოვოს ობსერვატორიის გაერთიანებულ სამეცნიერო საბჭოზე გიორგი თევზაძემ ბრწყინვალედ დაიცვა დისერტაცია მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „О неустойчивости кратных звёзд типа Трапеции“.

1965 წლიდან გიორგი თევზაძე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორია. დიდია მისი წვლილი ასტრონომიული კალენდრის „წელიწლეულის“ გამოცემაში. საყოველთაოდ აღიარებულია მისი სამეცნიერო კვლევები ციურ მექანიკაში.

მის კალამს ეკუთვნის სამოცზე მეტი თვალსაჩინო სამეცნიერო ნაშრომი და მათ შორის ფუნდამენტალური სამეცნიერი მონოგრაფია „რუსთაველის კოსმოლოგია“, რომელიც გამომცემლობა „საბჭოთა საქართველომ“ პირველად გამოსცა 1979 წელს, ხოლო მეორედ შევსებული და დასრილებული სახით – 1984 წელს.

ნაშრომში განხილულია ის ასტრალური მოვლენები, რომელთაც რუსთაველი უხვად იყენებს თავის პოეტურ თქმებში; დადგენილია პოეტის კოსმოლოგიური წარმოდგენები.

რუსთველოლოგიაში კვლევა ამ მიმართულებით ადრევე დაიწყო და ჯერ კიდევ ვახტანგ მეექვსის შრომაში (1712 წელი) არის მინიშნებები პოემის ასტრონომიულ თუ ასტროლოგიურ შეხედულებებზე.

„ვეფხისტყაოსნის“ სათანადო ადგილების და სტროფების გაშიფრვით გიორგი თევზაძემ გამოიკვლია, რომ ასტრალური შინაარსის შემცველი ყოველი სტროფი თუ სტრიქონი ციურ მოვლენებზე დაკვირვებისა და მათი ჭეშმარიტი ცოდნის შედეგია, რუსთაველის ასტრალური წარმოდგენები, მისი შეხედულებანი მზის სისტემაზე გაცილებით სწორი და პროგრესული იყო, ვიდრე მაშინ გაბატონებული აზრები.

აღმოჩნდა, რომ იმდროინდელი კაცობრიობის მიერ საყოველთაოდ მიღებული პტოლემეოსის გეოცენტრული სისტემა „ვეფხისტყაოსანში“ უარყოფილია და მის ნაცვლად მოცემულია სამყაროს აგებულების ახალი მოდელი, რომელიც მეცნიერთა მიერ მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნეში იქნა შემუშავებული.

სამეცნიერო მონოგრაფიამ „რუსთაველის კოსმოლოგია“ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. გამოქვეყნდა მრავალი წერილი:

  • პროფესორი პ. რატიანი — „მსოფლიო მეცნიერების დიდ გზაზე“ (გაზ. „კომუნისტი“ 4 მაისი 1979 წელი)
  • ფილ. მეც. დოქტ. მ. მამაცაშვილი — „რუსთაველის კოსმოლოგია“ (ჟურნ. „ცისკარი“ N6 1979 წელი)
  • აკად. აკაკი შანიძე — „ასტრალური მოვლენები ვეფხისტყაოსანში“ (ჟურნ. „მნათობი“ N6 1979 წელი)
  • მწერალი გურამ ფანჯიკიძე — „ახალი სიტყვა რუსთველოლოგიაში“ (ჟურნ. „მნათობი“ N9 1979 წელი)
  • დოც. თ. ეფრემიძე — „საყურადღებო ნაშრომი“ (ჟურნ. „განთიადი“ N1 1980 წელი)
  • ფილ. მეცნ. დოქტ. ა. გაწერელია — „საყურადღებო წიგნზე მეცნიერებათა აზრი“ (გაზ. „სახალხო განათლება“ 20 მაისი 1988 წელი)

და სხვა მრავალი რეცენზიები და წერილები.

1985 წელს სამეცნიერო მონოგრაფია „რუსთაველის კოსმოლოგია“ წარდგენილი იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გიორგი თევზაძე. საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-27. ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2018.
  2. ვოვა ასტრონომი და კუდიანი ვარსკვლავები, ანუ „გამოდით, უნდა დაგთვალოთ“!. Sputnik-Georgia.com (6 სექტემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2018.
  3. ქართველი ასტრონომების უნიკალური აღმოჩენები. „რეზონანსი“ (05 მაისი, 2017). ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2018.
  4. კახა გოგოლაშვილი. (14 მაისი, 2012) შოთა რუსთაველის კოსმოლოგია. Astronet.Ge. ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2018.