შინაარსზე გადასვლა

გიორგი ვიცინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ვიცინი

ვიცინის ძეგლი ზელენოგორსკში
დაბადების თარიღი 18 აპრილი, 1917
ტერიოკი, ვიბორგის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 22 ოქტომბერი, 2001 (84 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთი
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები სსრკ-ის სახალხო არტისტი (1990)
ხელმოწერა

გიორგი მიხეილის ძე ვიცინი (რუს. Гео́ргий Миха́йлович Ви́цин[1]; დ. 18 აპრილი, 1917, ტერიოკი, ვიბორგის რაიონი – გ. 22 ოქტომბერი, 2001, მოსკოვი, რუსეთი) – საბჭოთა და რუსი თეატრის და კინოს მსახიობი, გახმოვანების ოსტატი. სსრკ სახალხო არტისტი (1990).

ის დაიბადა ტერიოკში (ახლანდელი ზელენოგორსკი, სანკტ-პეტერბურგის ნაწილი) იმდროინდელ ვიბორგის გუბერნიაში. ამას მოწმობს ჩანაწერი ბოლშაია პოსადსკაიას ქუჩაზე ჯვრის ამაღლების ეკლესიის საეკლესიო წიგნში, სადაც ის მოინათლა. თუმცა, მოგვიანებით ოფიციალურ დოკუმენტებში დაბადების თარიღი გახდა 1918 წლის 23 აპრილი, ხოლო დაბადების ადგილი - პეტროგრადი. ეს მოხდა იმის გამო, რომ დედამ, 1920-იან წლებში, როდესაც მას სასსწავლებლად ტყის, გამაჯანსაღებელ სკოლაში აწყობდა, დაბადების წელი შეუცვალა - 1918 წლის 23 აპრილი (6 მაისი). მომავალი მსახიობის გვარი იყო „Вицын“, მაგრამ მოგვიანებით, საპასპორტო ოფიცრის შეცდომის გამო, ასო „ы“ შეიცვალა „и“-ით.[1]

მისი მშობლები რუსეთის სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ ჩამოსული: დედა, მარია მატვეის ასული, პენზადან იყო; მისი მამა, მიხეილ იგორის ძე - ვლადიმირის გუბერნიის სოფელ ნებილოედან. მშობლები არანაირად არ იყვნენ დაკავშირებული ხელოვნებასთან.[2] როდესაც გიორგი რვა თვის იყო, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. დედამ პროფკავშირების სახლის სვეტებიან დარბაზში ბილეთების გამყიდველად დაიწყო მუშაობა და შვილიც ხშირად თან დაჰყავდა. თორმეტი წლის ასაკიდან ვიცინმა დაიწყო სკოლის სცენაზე გამოსვლა, როგორც წესი, უარყოფითი პერსონაჟების როლში.

1926-1933 წლებში სწავლობდა მოსკოვის 26-ე შვიდწლიან სკოლაში, ხოლო 1933-1934 წლებში მცირე თეატრთან არსებულ თეატრალურ სკოლაში (ამჟამად შჩეპკინის სახელობის უმაღლესი თეატრალური სკოლა), საიდანაც გარიცხეს „სასწავლო პროცესისადმი არასერიოზული დამოკიდებულების გამო“. 1934 წელს ჩაირიცხა ე. ვახტანგოვის თეატრთან არსებულ თეატრალურ სკოლაში (ახლანდელი ბორის შჩუკინის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი). 1934 წლის 1 ოქტომბერს ჩაირიცხა მოსკოვის მე-2 სამხატვრო თეატრის თეატრალურ სტუდიაში, სადაც სწავლობდა სერაფიმა ბირმანთან, ა. ბლაგონრავოვთან და ვ. ტატარინოვთან.

1936 წლიდან მსახიობია თეატრ-სტუდიაში ნ. პ. ხმელევის ხელმძღვანელობით. 1937-1969 წლებში - მოსკოვის მ. ერმოლოვას სახელობის დრამატული თეატრის (რომელშიც შევიდა თეატრ-სტუდია), 1969-2001 წლებში კი - კინომსახიობთა თეატრ-სტუდიის მსახიობია.

ვიცინის კინოდებიუტი შედგა 1945 წელს სერგეი იუტკევიჩის ფილმში „გამარჯობა, მოსკოვო!“.

მსახიობმა ფართო პოპულარობა მოიპოვა ლეონიდ გაიდაის კომედიებში მშიშარას როლით („ძაღლი ბარბოსი და უჩვეულო რბოლა“, მთვარეები, ოპერაცია „Ы“ და შურიკის სხვა თავგადასავლები და „კავკასიელი ტყვე ქალი, ანუ შურიკის ახალი თავგადასავლები“). მსახიობს ხშირად უწევდა მთვრალი პერსონაჟების თამაში და ამ როლებს იგი დამაჯერებლად ასრულებდა, ფლობდა რა სპეციფიკურ ხმასა და გარეგნობას. რეალურ ცხოვრებაში მსახიობი არ სვამდა და არც ეწეოდა, მისდევდა ცხოვრების ჯანსაღ წესს და უყვარდა იოგას სუნთქვითი ვარჯიშები.[3]

ვიცინს ჰქონდა დეკლამირების ნიჭიც და ბევრს მუშაობდა მულტიპლიკაციური ფილმების დუბლირებაზე.[4]

მსახიობი საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში მან ითამაშა თვრამეტი წლის ვასია ვესნუშკინი ფილმში „სათადარიგო მოთამაშე“, ორმოცდაექვსი წლისამ - ოცდახუთი წლის მიშა ბალზამინოვი („ბალზამინოვის ქორწინება“), ხოლო ორმოცდაცხრამეტისამ - პრინცი კუკიმორა (სიუჟეტის მიხედვით ის 20-30 წლისაა) ფილმში „მწყემსი იანკა“. ამავდროულად, ის თავს ართმევდა ასევე ასაკიანი მამაკაცების როლების თამაშსაც.

ეხერხებოდა ხატვა (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება) და ხატავდა მსახიობების კარიკატურებს.

1990-იან წლებში მსახიობმა, ცნობილი სამეულის დანარჩენ ორ წევრთან ერთად, ფართო ტურნე მოაწყო ქვეყანაში. ბოლო დღეებამდე თამაშობდა სახელმწიფო კინომსახიობთა თეატრში (ამჟამად თეატრისა და კინოს ცენტრი პოვარსკაიაზე). ბოლო წლებში ის ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა. თავისი დიდი ბინა მოსკოვის ცენტრში თავის ქალიშვილ ნატალიას გადასცა, ის გადავიდა ხრუშჩოვის ეპოქის შენობაში სტაროკონიუშენის შესახვევში. ის თავს არიდებდა ჟურნალისტებთან შეხვედრებს და მხოლოდ მტრედების გამოსაკვებად გადიოდა გარეთ. უარს ამბობდა დახმარებაზე და ამბობდა: „მე არ შემიძლია ამის აღება, რადგან ხალხი უკანასკნელს გასცემს!”[5]

ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ, გიორგი ვიცინი ჰოსპიტალიზირებული იყო მოსკოვის საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა 2001 წლის 22 ოქტომბერს. დაკრძალულია მოსკოვში, ვაგანკოვოს სასაფლაოზე.

ის დაურეგისტრირებელ ქორწინებაში იმყოფებოდა ერმოლოვას თეატრის მსახიობ ნადეჟდა ტოპოლევასთან, რეჟისორ ნიკოლაი ხმელევის ყოფილ მეუღლესთან.

1949 წელს იგი დაქორწინდა ტამარა მიჩურინაზე (1925-2009), კოსტიუმების დიზაინერსა და ბიოლოგისა და სელექციონერის ივანე მიჩურინის ძმის შვილზე.[6] 1954 წლის 5 ოქტომბერს დაიბადა მათი ქალიშვილი ნატალია, რომელიც გახდა გრაფიკოსი (მის ნამუშევრებს შორის იყო პლაკატები ფილმებისთვის „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ და „დაუმთავრებელი პიესა მექანიკური ფორტეპიანოსთვის“).[7]

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1959 : რსფსრ დამსახურებული არტისტი
  • 1977 : რსფსრ სახალხო არტისტი - საბჭოთა კინოს დარგში გაწეული დამსახურებისთვის[8]
  • 1990 : სსრკ სახალხო არტისტი
  • 1945 : მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“
  • 1948 : მედალი „მოსკოვის 800 წლისთავის ხსოვნისადმი“
  • 1997 : მედალი „მოსკოვის 850 წლისთავის ხსოვნისადმი“
  • 1995 : რუსეთის საპატიო კინოოპერატორი[9]
  • 1973 წელს კინოსტუდიაში „ცენტრნაუჩფილმი“ გადაიღეს ფილმი-პორტრეტი „გიორგი ვიცინი (რეჟისორი ვლადიმერ ტომბერგი)[10].
  • გიორგი ვიცინის სკულპტურა ბალზამინოვის როლში ფილმიდან „ბალზამინოვის ქორწინება“ გაიხსნა 2008 წლის ივლისში ზელენოგორსკის კულტურისა და დასვენების პარკში (ქალაქის 460 წლის იუბილესთან და მსახიობის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით).

მსახიობის შემოქმედებას ეძღვნება დოკუმენტური ფილმები და სატელევიზიო გადაცემები:

  • 2004 - მსოფლიო კინოს ლეგენდები (სატელევიზიო მხატვრული პროდუქციის ყოველკვირეული სერიებიდან ტელეარხ კულტურაზე).
  • 2004 - ღვთაებრივი გლიკერია (მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური)
  • 2005 - გიორგი ვიცინი (დოკუმენტური ფილმი „ДТВ“ (ამჟამად „Перец“) არხის სერიიდან „როგორ მიდიოდნენ კერპები“)
  • 2007 - სასწაულების ფაბრიკა. ახმოვანებენ როლებს (მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმი)
  • 2008 - ვიცინი, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობდით (დოკუმენტური ფილმი)
  • 2008 - გიორგი ვიცინი. განდეგილი (სატელევიზიო ცენტრი, დოკუმენტური ფილმი)[1]
  • 2010 - არყისგამომხდელების სიმღერა (დოკუმენტური სერიიდან „მღეროდნენ სსრკ-ში“)
  • 2012 - ბალზამინოვის ქორწინება (დოკუმენტური სერიიდან „საბჭოთა კინოს საიდუმლოებანი“)
  • 2016 - გიორგი ვიცინი. არ არის საჭირო სიცილი (ტვ ცენტრი, დოკუმენტური ფილმი)[11]
  • 2017 - გიორგი ვიცინი. ვისი ფეხსაცმელია? (პირველი არხი, დოკუმენტური) [12] [13]
  • 2017 - გიორგი ვიცინი. კინოს ლეგენდები ( ვარსკვლავი, სატელევიზიო გადაცემა) [14]
  1. Ви́цин Георгий Михайлович // Кино: Энциклопедический словарь / Гл. ред. С. И. Юткевич; Редкол.: Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др.. — М. : Сов. энциклопедия, 1987. — С. 77. — 640 с. : 96 л. ил. — 100 000 экз.
  2. Мягкова Лора. Операция «Ы» и другие приключения Вицина, Никулина и Моргунова. — М.: Алгоритм, 2014. — 288 с. — (Великие шутят). — ISBN 978-5-4438-0762-1.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 «Георгий Вицин. Отшельник». Документальный фильм. ТВ Центр (2008). ციტირების თარიღი: 2021-12-09
  2. Лев Лайнер. Весёлая троица — Вицин, Моргунов, Никулин. — М.: Центрполиграф, 2000. — С. 127. — 320 с. — ISBN 5-227-00873-6.
  3. Умер Георгий Вицин (2001-10-23). ციტირების თარიღი: 2024-03-30
  4. Капков С. Мастера дураковаляния. Фрагменты ненаписанной книги დაარქივებული 2014-03-07 საიტზე Wayback Machine. Киноведческие записки № 80, 2006 დაარქივებული 2014-08-18 საიტზე Wayback Machine.
  5. Тайна наследия Георгия Вицина. ციტირების თარიღი: 2011-07-25
  6. Дочь актёра Георгия Вицина Наталья: «Папе больше подходила его первая профессия — художника». ციტირების თარიღი: 2013-10-01
  7. Биография и личная жизнь: Наталья Вицина. ციტირების თარიღი: 2018-06-11
  8. Указ Президиума Верховного Совета РСФСР от 7 января 1977 года «О присвоении почётного звания народного артиста РСФСР». ციტირების თარიღი: 2018-01-31
  9. Вицин Георгий Михайлович. ციტირების თარიღი: 2016-06-10
  10. Георгий Вицин. (1973). ციტირების თარიღი: 2024-03-30
  11. «Георгий Вицин. Не надо смеяться». Документальный фильм. ТВ Центр (2016). ციტირების თარიღი: 2021-12-09
  12. «Георгий Вицин. Чей туфля?». Документальный фильм. Первый канал (2017-04-22). ციტირების თარიღი: 2021-12-09
  13. «Георгий Вицин. Чей туфля?». Документальный фильм. Первый канал (2017). ციტირების თარიღი: 2021-12-09
  14. «Георгий Вицин. Легенды кино». Телепередача. Звезда (2017-11-24). ციტირების თარიღი: 2021-12-09