შინაარსზე გადასვლა

გიორგი დიმიტროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი დიმიტროვი

გიორგი მიხეილის ძე დიმიტროვი (ბულგ. Георги Михайлов Димитров; დ. 18 ივნისი, 1882, სოფ. კოვაჩევცი, პერნიკის ოკრუგი, ბულგარეთი — გ. 2 ივლისი, 1949, ბარვიხა, მოსკოვის ახლოს) — ბულგარელი რევოლუციონერი, ბულგარეთის სახელმწიფო, პოლიტიკური და პარტიული მოღვაწე.

გიორგი დიმიტროვი დაიბადა 1882 წელს ხელოსნის ოჯახში. 15 წლისა ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1902 წელს – შევიდა ბულგარეთის მუშათა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში (ბმსდპ), მიემხრო მის რევოლუციურ მარქსისტულ ფრთას, რომელიც 1903 წელს დამოუკიდებელ ბმსდპ-დ (ვიწრო სოციალისტებისა) გაფორმდა [1919 წლიდან ბულგარეთის კომპარტია (ვიწრო სოციალისტებისა) – ბკპ (ვ. ს.)]. 1909 წელს აირჩიეს პარტიის ცკ-ის წევრად. 1905-1923 წლებში იყო მუშათა საერთო პროფკავშირების ხელმძღვანელობის წევრი (1909 წლიდან მდივანი) და აქტიურად მონაწილეობდა ბულგარეთის პროლეტარიატის გამოსვლების მოწყობაში. ბალკანეთის ომების (1912-1913) დროს ებრძოდა კაპიტალისტურ პოლიტიკას. მონაწილეობდა ბალკანეთის სოციალ-დემოკრატთა I (1909) და II (1915) კონფერენციებში, ებრძოდა ოპორტუნიზმს საერთაშორისო მუშათა მოძრაობაში. 1921 წელს მონაწილეობდა კომინტერნის III კონგრესის მუშაობაში, სადაც შეხვდა ვ. ი. ლენინს; იმავე წელს აირჩიეს პროფინტერნის ცენტრალური საბჭოს წევრად. 1923 წელს ვ. კოლაროვთან ერთად სათავეში ჩაუდგა ანტიფაშისტურ შეიარაღებულ აჯანყებას, რომლის ჩახშობის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ბულგარეთის ფაშისტურმა ხელისუფლებამ დიმიტროვს დაუსწრებლად გამოუტანა სიკვდილის განაჩენი. საზღვარგარეთ ყოფნისას იყო ბკპ (ვ. ს.) საზღვარგარეთის ბიუროს წევრი, მუშაობდა კომინტერნის აღმასკომში და პროფინტერნის ცენტრალურ საბჭოში, იყო ბალკანეთის კომუნისტური ფედერაციის მდივანი. 1933 წელს დააპატიმრეს ბერლინში გერმანიის რაიხსტაგის დაწვის პროვოკაციული ბრალდებით (იხ. ლაიფციგის პროცესი 1933). მსოფლიოში ფართო საპროტესტო მოძრაობამ ფაშისტური სასამართლო აიძულა დიმიტროვი და სხვა კომუნისტები გაემართლებინა. საბჭოთა კავშირმა დიმიტროვს საბჭოთა მოქალაქეობა მისცა. 1934-1945 წლებში დიმიტროვი სსრკ-ში ცხოვრობდა. 1934 წელს აირჩიეს ლენინგრადის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. 1935-1943 წლებში იყო კომინტერნის აღმასკომის გენერალური მდივანი. 1937-1945 წლებში სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. II მსოფლიო ომის წლებში იყო ბულგარეთში სამამულო ფრონტის (რამაც დიდი როლი შეასრულა ბულგარეთის სახალხო მასების დარაზმვაში და 1944 წლის 9 სექტემბერს რევოლუციის გამარჯვებაში) შექმნის ინიციატორი (1942) და მისი ხელმძღვანელი. ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დიმიტროვი ლენინის ორდენით დააჯილდოვა (1945). 1945 წლის 6 ნოემბერს დიმიტროვი სამშობლოში დაბრუნდა. დიმიტროვი იყო ბკპ ცკ გენერალური მდივანი (1948 დეკემბრიდან) და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1995 წლის ნოემბრიდან). მის სახელთანაა დაკავშირებული ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადება (1946 წლის 15 სექტემბერს), კონსტიტუციის მიღება და ძირეული სოციალისტური გარდაქმნების გატარება.

ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკაში დაწესებული იყო დიმიტროვის სახელობის ორდენი. ბულგარეთის კომუნისტური ახალგაზრდობის კავშირი დიმიტროვის სახელს ატარებდა. დაწესებული იყო დიმიტროვის სახელობის პრემია მეცნიერების, ტექნიკის, ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში მიღწევებისათვის.