შინაარსზე გადასვლა

გიორგი დვალაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი დვალაშვილი
დაბ. თარიღი 11 ივლისი, 1976 (1976-07-11) (48 წლის)
დაბ. ადგილი ქალაქი ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ლექტორი
სამეცნიერო წოდება პროფესორი

გიორგი დვალაშვილი (დ. 11 ივლისი, 1976) — ქართველი გეოგრაფი, გეომორფოლოგი და პედაგოგი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი. გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი (აკადემიური დოქტორი).[1]

გიორგი დვალაშვილი დაიბადა 1976 წელს ქალაქ ჭიათურაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხით 1999 წელს. 1999-2002 წლებში სწავლობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში გეომორფოლოგია და ევოლუციური გეოგრაფიის სპეციალობით.

გიორგი დვალაშვილი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოგრაფიის ფაკულტეტზე მოწვეული პედაგოგის სტატუსით 2004-2006 წლებში. 2006-2009 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გოგრაფიის დეპარტამენტში, ასევე მოწვეული პედაგოგის სტატუსით. ამავდროულად, 2006-2009 წლებში, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიისა და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის განყოფილების გამგეს პოზიციაზე. 2009-დან 2014 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის, გეომორფოლოგიის-გეოეკოლოგიის განყოფილებაში, უფროსი მეცნიერ თანამშრომლის სტატუსით. 2009 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი. 1999 წლიდან მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების შემსწავლელ სამეცნიერო ექსპედიციებში. 1999-2001 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, ხოლო 2001 წლიდან ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ახალგაზრდული სექციის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.

2013 წელს, თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილისა და თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ, აღმოჩენილი და შესწავლილი იქნა კარსტული მღვიმე თსუ-95, რომელიც მდებარეობს საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ყვირილის მარცხენა ფერდობზე, ზღვის დონიდან 495 მეტრზე. მღვიმეს სახელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 95 წელთან დაკავშირებით დაარქვეს.

2016 წელს, თსუ-ის ექსპედიციის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი (ექსპედიციის ხელმძღვანელი), თსუ-ს მაგისტრანტი მერი გუგეშაშვილი და თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგები: გეოგრაფიის დოქტორი ზაზა ლეჟავა და ლაბორანტი გიორგი ჩართოლანი. ექსპედიციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერი გოჩა ხორავა და ბაღდათის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა გორგოძე, რომელთა მიერ აღმოჩენილ იქნა კაკასხიდის მღვიმე. კარსტული მღვიმე მდებარეობს საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკასხიდის სამხრეთით, მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მეტრზე.

  • საქართველოს ბუნების 100 საოცრება — ავტორი - თბილისი, კლიო, 2017. - 124გვ.. - ISBN 9789941441622
  • მდინარე რიონის აუზი: ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლები — ავტორი - თბილისი, თბილისის უნივერსიტეტისტის გამომცემლობაბა, 2016. - 246გვ.. - ISBN 9789941134838
  • ზოგადი დედამიწისმცოდნეობა — სალექციო კურსის თანაავტორი - თბილისი, თბილისის უნივერსიტეტისტის გამომცემლობაბა, 2013. - 308გვ. . - ISBN 9789941132872
  • ბუნება — თანაავტორი - თბილისი, პალიტრა L, 2013. - 295გვ. . - ISBN 9789941198977
  • თურქეთი: გეოგრაფია, კულტურული მემკვიდრეობა, ტურიზმი — ავტორი - თბილისი, უნივერსალი, 2011. - 312გვ. . - ISBN 9789941172434
  • საჩხერე: გეოგრაფიულ-ტურისტული ექსკურსი — ავტორი - თბილისი, ბესიკ ხარაიშვილი, 2010. - 195გვ.. - ISBN 9789941026379
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი ენციკლოპედიური ცნობარი - თბ., 2003. გვ. 108

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]