გიორგი გურამიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურამიშვილი.

თავადი გიორგი გურამიშვილი, მეტსახელად ქუმელა (გ. 1795)[1] — ქართველი არტილერისტი, ერეკლე II-ს არმიის მაიორი. დედის მხრიდან ერეკლე II-ის ნათესავი და მისი ნათლული. გმირულად დაიღუპა კრწანისის ბრძოლაში.

„თავადი გურამისშვილი გიორგი, ქუმელად სახელდებული, ესე იყო ერთი უპირველესთა მოხელეთაგანი არტილერიისა და მეცნიერიცა არტილერიის ხელოვნებისა.“ ასე ახასიათებს მას თეიმურაზ ბატონიშვილი.

კრწანისის ბრძოლის დროს გიორგი გურამიშვილის მეზარმაბზნეთა რაზმი, რომელიც სავარაუდოდ, თაბორის ქედის ფერდობებზე იყო განლაგებული, სპარსელებს თბილისისაკენ წინსვლის საშუალებას არ აძლევდა, ამიტომ სპარსელთა ჯარის ნაწილი მათ გასანადგურებლად დაიძრა. ქართველთა არტილერია საკმაო რაოდენობის, გამოცდილი არტილერისტებისაგან შედგებოდა, მაგრამ ქართველებს, მებრძოლთა სიმცირის გამო, არ ჰყავდათ მეზარბაზნეთა დამცველი ჯარი, რათა მათ დროულად გადაეტენათ ზარბაზნები. მეზარბაზნეებს თავად უხდებოდათ ხმალდახმალ ბრძოლით თავის დაცვა.

როდესაც სპარსელები გარს შემოერტყნენ გიორგი გურამიშვილის მეზარბაზნეების რაზმს, მათ დანებება შესთავაზეს, რადგან აღა მაჰმად ხანი ცდილობდა არტილერისტები არ დაეხოცა და დატყვევებულები სპარსეთში წაეყვანა, სადაც მათ თავისი არტილერიის გასაძლიერებლად გამოიყენებდა. მიუხედავად იმისა, ქართველმა არტილერისტებმა იცოდნენ, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო, გადაწყვიტეს მაინც არ დანებებოდნენ სპარსელებს. გიორგი გურამიშვილმა მეზარბაზნეებს მიმართა – „ქართველებო ძმებო! ცხადად ვხედავთ ჩვენზე აუცილებელი სიკვდილია მოსული, მაგრამ ისიც შეგვიძლია უნამუსოდ დავნებდებდეთ ყიზილბაშებს. აბა რომელი გინდათ, სახელით სიკვდილი მამულისათვის და კარგი მეფისათვის თუ უნამუსოდ სიცოცხლეო“. ამაზე ყველამ ერთხმად უპასუხა: „ჩვენ მამა პაპასა უნამუსობა არ უქნიათ და ჩვენც სიკვდილი გვირჩევნია უნამუსო სიცოცხლესო“. „ღმერთო შეგვიწყალეო“ შესძახეს მეზარბაზნეებმა, ჯერ ზარბაზნის ცეცხლი დაუშინეს სპარსელებს, მერე კი ხმლები იშიშვლეს და ისე შეებრძოლენ ბევრად მეტ მტერს. მაიორმა გურამიშვილმა სამი სპარსელი აჩეხა ხმლით, მეოთხესთან შებრძოლებისას ხმალი გადაუტყდა.

გურამიშვილი ერთ ზარბაზანს გადახვევია სიტყვებით: „ღმერთო! ოღონდ მეფე ერეკლე მშვიდობით გაიყვანე ამ საშინელებიდან და მე მამულის ჭირის სანაცვლო ვიყოო.“ სპარსელები მიცვივდნენ და „ზედ ზარბაზანზე დაკაფეს, ის სიკვდილს შეუშინები, მამულის მოყვარული, მეფის ერთგული, თავისი ვალის აღმსრულებელი, რიგის დამცველი, სრული პატიოსანი და სულით დიდი კეთილშობილი!“ წერს გიორგი გურამიშვილის შესახებ, ერეკლე მეორის შვილიშვილი, ალექსანდრე ორბელიანი (ჯამბაკურ–ორბელიანი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 207.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.IV, თბ., 1973.
  • ალექსანდრე ჯამბაკურ–ორბელიანი, აღა–მაჰმად–ხანის შემოსვლა ქ. თბილისში, ჟურნალი „მოამბე“, თბ., 1895,8.
  • თეიმურაზ ბაგრატიონი, დავით ბატონიშვილის ისტორია,ტექსტი მოამზადა თ. ენუქიძემ. თბ., „მეცნიერება“, 1972.
  • თეიმურაზ ბაგრატიონი, „მეფე ერეკლე“. გაზ. ივერია, თბ., 1891, 56–57.
  • თეიმურაზ პეტრიაშვილი, კრწანისს ნაბრძოლი ხმალი და ბატის ფრთის კალამი იოანე ბატონიშვილისა, თბ., 2006.
  • თეიმურაზ პეტრიაშვილი, „კრწანისი“, დოკ. მოთხრობა, ჟურნალი „მნათობი“, 2007, №3.
  • თეიმურაზ პეტრიაშვილი, „კრწანისის ბრძოლა“,დოკ. მოთხრობა, ჟურნალი „ისტორიანი“,2012,N9(21).გვ.17–22.
  • თეიმურაზ პეტრიაშვილი, კრწანისის ბრძოლა, გამომცემლობა ინტელექტი, თბ., 2016.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გიორგი გურამიშვილი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.