გიორგი გოგიჩაიშვილი (ტელემექანიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგიჩაიშვილი.

გიორგი გიორგის ძე გოგიჩაიშვილი (დ. 20 იანვარი, 1941, ბათუმი) — ქართველი ავტომატიკისა და ტელემექანიკის სპეციალისტი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2009). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1985).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტომატიკისა და ტელემექანიკის სპეციალობით. 1971 წელს მუშაობა დაიწყო ინსტიტუტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ლაბორატორიაში, შემდგომ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალდაარსებულ ინფორმატიკისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრაზე. გოგიჩაიშვილი არის ამ კათედრის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1991-2007 წლებში იყო ამავე კათედრის გამგე. 2007 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი. გოგიჩაიშვილის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა მართვის ავტომატიზებული სისტემების, მ. შ. ინტელექტუალური სისტემების დაპროექტების მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიის სრულყოფა სრულიად ახალი პრინციპების გამოყენებით. ეს პრინციპები საფუძვლად დაედო მისი ხელმძღვანელობით დამუშავებულ და დანერგილ მართვის ავტომატიზებულ სისტემას ქიმიური ბოჭკოების ექსტრაქციის პროცესების მართვისათვის, ასევე რობოტტექნიკურ კომპლექსს ანოდირებული ფირფიტების წარმოებაში. გოგიჩაიშვილი ასევე იკვლევს გადაწყვეტილებათა მიღების ინტელექტუალური სისტემების დამუშავების ახალ მეთოდებსა და მოდელებს, რომლებიც საფუძვლად დაედო მეურნეობის სხვადასხვა დარგში მართვის ავტომატიზებულ და ექსპერტულ სისტემებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, 17 სახელმძღვანელო, 5 მონოგრაფია, მიღებული აქვს რამდენიმე საავტორო მოწმობა და პატენტი გამოგონებებზე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა (2002) და გ. ნიკოლაძის მედლით (2006).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დაპროგრამების მეთოდები, თბ., 1997;
  • მართვის ავტომატიზებული სისტემის დაპროექტება და აგება, თბ., 2001;
  • Автоматизация принятия решений в системах управления, Тб., 1985.