გიორგი ბატონიშვილი (ალექსანდრე II-ის ძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიორგი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. დაახლოებით 1570 — გ. 12 მარტი, 1605) — კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ალექსანდრე II-ის ვაჟი. 1601, როდესაც მისმა ძმამ დავითმა მამის ტახტი მიიტაცა, გიორგი ბატონიშვილი დავითის წინააღმდეგ გამოვიდა. დავითმა შერიგების მიზნით გიორგი ბატონიშვილს საუფლისწულო უბოძა. 1602 გიორგი ბატონიშვილმა და მისმა მომხრე თავადებმა შეთქმულება მოაწყვეს დავითის წინააღმდეგ. შეთქმულება გამჟღავნდა. გიორგი ბატონიშვილმა კათალიკოსს შეაფარა თავი, მაგრამ ქართლის მეფემ გიორგი X-მ დავითს გადასცა, რომელმაც იგი საპყრობილეში ჩასვა. დავითის გარდაცვალებისა და ალექსანდრე II-ის ხელახლა გამეფების შემდეგ, მამამ გიორგი ბატონიშვილი საპყრობილიდან გაათავისუფლა. 1604 დასაწყისიდან 1605 მარტამდე, ალექსანდრე II-ის ირანში ყოფნის დროს, გიორგი ბატონიშვილი კახეთს განაგებდა. 1604 აგვისტოში რუსეთის ხელმწიფის ელჩები მიიღო. 1604 ოქტომბერს დაამარცხა განჯა-შემახის ხანები, რომლებიც ქ. ძეგამზე მოდიოდნენ. ამ ლაშქრობაში გიორგი ბატონიშვილს ახლდა 40 მეთოფისგან შემდგარი რუსთა ელჩების მცველი რაზმი. 1605 წლის 1 იანვარს გიორგი ბატონიშვილმა დარბაზის წევრებთან ერთად რუსეთის ხელმწიფის ერთგულების ფიცი მიიღო. მამამისთან ერთად ძეგამში მოკლა საკუთარმა ძმამ კონსტანტინე I-მა.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ., ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]