გიორგი არაგვის ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი არაგვის ერისთავი (გ. 1723) — არაგვის ერისთავი 1688-1696, 1703-1723, ძე ოთარ არაგვის ერისთავისა.

1688 იგი ერეკლე I-ს მიემხრო გიორგი XI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის გამო გიორგი მეფის ლაშქარი არაგვის საერისთავოში შეიჭრა, აიღო და გადაწვა დუშეთი და მისი შემოგარენი, მაგრამ თვითონაც დიდი ზიანი ნახა და იძულებული გახდა საერისთავო დაეტოვებინა. 1691 არაგვის ერისთავმა გიორგი XI-ს დაუჭირა მხარი და ახლა ერეკლე I-მა დაარბია არაგვის საერისთავო. 1695 ერეკლე I-მა ირანელთა დამხმარე ჯარით დაამარცხა გიორგი XI და გიორგი არაგვის ერისთავი. ეს უკანასკნელი ჯერ იმერეთში, შემდეგ დვალეთში გადავიდა, სადაც მისმა ვასალებმა შეიპყრეს და ერეკლე I-ს მიჰგვარეს. ერეკლე I-მა გიორგი არაგვის ერისთავი ირანში გაგზავნა (1695), მან იქ 1703-მდე დაჰყო. ირანში მყოფი გიორგი XI-ის შუამდგომლობით გიორგი არაგვის ერისთავი საქართველოში დააბრუნეს და კვლავ არაგვის ერიათავად დანიშნეს. ერთხანს იგი ვახტანგ VI-ის ერთგული იყო, მაგრამ ვახტანგი რომ გაძლიერდა, გადაუდგა და დათუნა ქსნის ერისთავთან ერთად შაჰს ვახტანგის გადაყენება და იასეს მეფედ დანიშვნა სთხოვა. შემდეგ შეურიგდა ვახტანგს, მაგრამ 1723, როდესაც კახეთის ხანმა კონსტანტინეს II-მ თბილისი აიღო და დაარბია, კვლავ განუდგა მას და კონსტანტინეს მიემხრო, რის გამოც ბაქარმა გიორგი არაგვის ერისთავი (თავისივე სიმამრი) შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]