გიორგი ამირეჯიბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი სარდიონის ძე ამირეჯიბი (ამირაჯიბი; დ. 25 მაისი, 1880, სოფ. საღოლაშენი, გორის მაზრა — გ. 29 იანვარი, 1919, ქუთაისი, დაკრძალულია სოფ. არადეთში, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1918).

დაიბადა შტაბს-კაპიტან სარდიონ ამირეჯიბისა და ელისაბედ (მაკრინე) ავალიშვილის ოჯახში. მის და-ძმებს შორის იყო შემდგომში ცნობილი ბიოლოგი სიმონ ამირეჯიბი. გიორგი ამირეჯიბმა დაამთავრა კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელი (პეტერბურგი, 1898), საიდანაც ჩაირიცხა ნოვოგეორგიევსკის ციხესიმაგრის არტილერიაში. შემდეგ მსახურობდა ახალციხეში განთავსებულ მე-20 საარტილერიო ბრიგადაში. ამავე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა პირველი მსოფლიო ომში. 1916 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება და დაინიშნა თავისი ბრიგადის მეთაურად. იმავე წელს ერთ-ერთ ბრძოლაში დაიჭრა. დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV (1915) და II (1917), წმ. ვლადიმერის IV (1915) და წმ. სტანისლავის II (1916) ხარისხის ორდენებით.

1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში პოლკოვნიკის ჩინით. მეთაურობდა 1-ლ საარტილერიო ბრიგადას. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი აფხაზეთში და შავიზღვისპირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამხედრო ოპრაციებში. ტუაფსეს აღებისთვის მიენიჭა გენერლობა (1918). გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 1919 წელს. ჰყავდა მეუღლე აგნესა ბეგთაბეგოვი. ერთადერთი ქალიშვილი ყრმობაში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 25.
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბილისი, 2015. — გვ. 13, ISBN 978-9941-0-7386-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]