გიორგი ალექსანდრეს ძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი

გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი (რუს. Гео́ргий Алекса́ндрович; დ. 27 აპრილი, 1871, ცარსკოე-სელო — გ. 28 ივნისი, 1899, აბასთუმანი) — რუსეთის იმპერიის მემკვიდრე უფლისწული (1894–1899) და დიდი მთავარი. იმპერატორ ალექსანდრე III-ის ვაჟი. ნიკოლოზ II-ის უმცროსი ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1892 წლიდან ტუბერკულოზით დაავადებული ახალგაზრდა გიორგი კურორტ აბასთუმანში დასახლდა, სადაც საკუთარი სახსრებით აიშენა ხის საზაფხულო სასახლე მაღალმხატვრული ინტერიერითა და წითელი ხისგან დამზადებული ავეჯით. 90-იანი წლების მეორე ნახევარში მისივე ინიციატივით იქვე აშენდა ქვის სასახლე. იმპერატორ ალექსანდრე III-ის დავალებით აბასთუმანში 1893–1895 წლებში მიიწვიეს გამოჩენილი რუსი ისტორიკოსი ვ. ო. კლიუჩევსკი, რომელიც დიდ მთავარს რუსეთისა და კავკასიის ისტორიის კურსს უკითხავდა. სამხრეთ საქართველოში ერთ-ერთი მოგზაურობისას უფლისწული გიორგი აღფრთოვანებულა ზარზმის ეკლესიით და გადაუწყვეტია საკუთარი ხარჯებით მსგავსი ეკლესიის (მომცრო ზომის) აგება აბასთუმანშიც. 1895–1898 წლებში აბასთუმნის ცენტრში, მდ. ოცხის ნაპირას, თბილისში მოღვაწე ცნობილი ხუროთმოძღვრის ო. სიმონსონის პროექტით აიგო წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესია და სამრეკლო, რომელიც ახალი ზარზმის ეკლესიის სახელითაც არის ცნობილი. გიორგი ალექსანდრეს ძე ადრეული ასაკიდან გატაცებული ყოფილა ასტრონომიით, რაც აბასთუმანში მისი ყოფნის დროს უფრო გაცხოველებულა. 1892 მაისში მან მოიწვია ცნობილი ასტრონომი სერგეი გლაზენაპი. გიორგიმ მასთან ერთად შეარჩია ხელსაყრელი ადგილი და საკუთარი ხარჯებით ააშენა იმპერიაში პირველი სამთო ასტრონომიული კოშკი (ე. წ. „გიორგისეული“), სადაც დადგა მცირე ზომის ტელესკოპი (1932 წელს აშენებული საქვეყნოდ ცნობილი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის წინამორბედი). გიორგი ალექსანდრეს ძე უეცრად გარდაიცვალა აბასთუმანში მოპედით სეირნობისას. დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგის პეტრე-პავლეს ეკლესიაში, მამამისის სარკოფაგის გვერდით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Правительственный Вестник“, 1899, №142, 146, 150, 152;
  • Кавказский календарь на 1900 год, Тфл.,1899.
  • სალუქვაძე გ., აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსების ისტორიისათვის, «აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბიულეტენი », 2008, # 78;
  • Бараташвили К., Любовь и ცердце цесаревича, «Русский клуб», 2009, №11.