გიორგი ალავიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი ალავიძე (დ. იანვარი, 1902, ფოთი — გ. უცნობია) — ქართველი აგრონომი.

1922 წელს დაამთავრა ხაშურის გიმნაზია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1927 წლიდან მუშაობდა ცხაკაიას რაიონში (ახლანდელი სენაკი) გლეხთა ახალგაზრდობის სკოლის გამგედ, შემდეგ სამი წლის განმავლობაში — ცხაკაიას ტექნიკუმში სუბტროპიკული კულტურების პედაგოგად. 1931-1932 წლებში იყო ქობულეთის სუბტროპიკული ტექნიკუმის დირექტორის მოადგილე. 1934 წლამდე მუშაობდა ქობულეთის სასწავლო საბჭოთა მეურნეობის დირექტორად, ლიმონ-მანდარინის ტრესტის საბჭოთა მეურნეობის ქობულეთის ჯგუფის აგრონომ-ინსპექტორად. 1934 წელს გადაიყვანეს თბილისის ლიმონ-მანდარინის ტრესტში. გიორგი ალავიძე ხელს უწყობდა საქართველოში სუბტროპიკული მეურნეობების მოწყობას, ნარგავების მოვლის მოწინავე აგროტექნიკის გავრცელებას. 1938 წლის 12 ივნისს გალის რაიონიდან აირჩიეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. იმავე წლიდან — საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახკომის მოადგილედ, შემდეგ მიწსახკომად. 1941 წელს მიიღეს კომუნისტური პარტიის რიგებში, 1945 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ ტექნიკური კულტურების კომისრად. 1946 წლის 10 თებერვალს სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს, 1950 წელს — ტექნიკურ კულტურათა მინისტრად. 1934 წელს გიორგი ალავიძე გაგზავნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ციტრუსების აგროტექნიკისა და წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საკითხების გასაცნობად, 1958 წელს კი იტალიაში ლიმონისა და ფორთოხლის პერსპექტიული ჯიშების შესასწავლად, რომელიც წარმატებით დანერგა საქართველოში. 1959 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს. წერდა სტატიებს სუბტროპიკული კულტურებისა და სასოფლო-სამეურნეო საკითხების შესახებ. ციტრუსების მეურნეობაში ნაყოფიერი მუშაობისთვის მიღებული აქვს სსრკ ცენტრალური კომიტეტის „საპატიო ნიშნის“ ორდენი (1936).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]