გიორგიწმინდის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია
გიორგიწმინდის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 1,5 კილომეტრზე, სოფელ ანთოკსა და გიორგიწმინდას შორის მდებარე მთაზე. სავრაუდოდ თარიღდება XVIII საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია და უაფსიდო. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და მოყვითალო ფერის კირის დუღაბით. გარეთა კედლებში, ალაგ-ალაგ, ირიბად დაწყობილი ქვის რიგებია, რომლებიც შესაბამის კედლებს მთელ სიგრძეზე არ გასდევს. კედლების ზედაპირი როგორც შიგნით, ისევე გარედანაც, გასწორებულია ბათქაშით. მიუხედავად ამისა, იგი მაინც უსწორმასწოროა.
შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. კარი გარედან გამოყვანილია აგურით და ნახევარწრიული ტიმპანითაა (შემორჩენილია მცირე ნაწილი) დასრულებული, შიგნით კი თარაზული გადახურვა აქვს. კარის ზღურბლი მიწიდან სამოციოდე სანტიმეტრის სიმაღლეზეა. რის გამოც, შესასვლელი წინ რამდენიმე საფეხურიანი კიბე უნდა ყოფილიყო მოწყობილი (ამჟამინდელი კიბე XX საუკუნის მიწურულს, ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერაა გაკეთებული).
ეკლესიის გეგმა შიგნითაც ოთხკუთხა. საკურთხევლის ნაწილი იატაკის მიმართ თხუთმეტიოდე სანტიმეტრითაა შემაღლებული. აღმოსავლეთ კედლეში გაჭრილია ოდნავ შევიწროვებული, ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელი, რომლის წირთხლები და თაღიც აგურითაა გამოყვანილი. სარკმლის ძირის დონეზე, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოში, თითო პატარა, ოთკუთხა ნიშაა. სარკმლის ჩამოსწვრივ კი, აგურით ნაშენი, ოთხწახნაგა ტრაპეზი დგას.
ეკლესია შიგნიდან გადახურულია ერთიანი კამარით, რომელიც გრძივ კედლებთან შეერთების ადგილას მცირე კუთხეს ქმნის.
ეკელსიის ფასადები სადაა. სამხრეთ შესასვლელის თავზე, წყობაში, ჩასმულია საფლავის ოთხკუთხა ქვა. კედლები დასრულებულია აგურის ოთხწახნაგა ლავგარდანით, რომლიც შედგენილია დაკბილული და ჩვეულებრივი წყობით გამოყვანილი რიგების მონაცვლეობით.
ეკლესია გადახურულია ღარისებრი კამარით, რომლის ნაწილი აყრილია, ნაწილი კი - დამტვრეული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 91.