გიმოწიორილის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი ჭაბურთა
გიორგი ათათიას ფოტო

გიმოწიორილის მღვიმეკარსტული მღვიმე სოფელ ჭაბურთაში, ნახუნავოს თემი, მარტვილის მუნიციპალიტეტი. მდინარე ისკიას სათავე.

„გიმოწიორილის გამოქვაბული“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატარა სოფელია ჭაბურთა, ის ნახუნავოს შემადგენლობაში შედის. აქ 70-მდე ოჯახი ცხოვრობს, სოფელში ძირითადად ცხოვრობენ ცანავები, ფარულავები, ოდიშარიები, წულაიები, კირტავები, სართანიები, ათათიები და სხვა
სოფელს შუაზე ჰყოფს მდინარე ისკია, რომლის სათავეშიც არის „გიმოწიორილის“ კარსტული მღვიმე. მღვიმე შედგება ორი ოთახისგან, რომლებიც ხელოვნურადაა შექმნილი. მღვიმეს ორი შესასვლელი აქვს. პირველიდან, რომელიც ძალიან დაბალია და კაცი ძლივსძლივობით თუ გაეტევა., ისკიას წყალი გამოდის, მეორე შესავალი მშრალია და ვიწრო. სოსო ათათიას ნაამბობიდან:

ვიკიციტატა
„...პირველი შესავლის, კედლის ხელოვნურ კაუჭზე, თოკი გამოვაბით და მე (სოსო ათათია), გოშა ფარულავა და გიორგი ცანავა დარბაზში შევედით. წყალი ყინულივით ცივია.დაახლოებით 15 მეტრის გავლის შემდეგ გამოჭრილ კედელს ვხედავთ, რომელიც დაახლოებით 30-40სმ-ით წინ არის გამოწეული. წინსვლა შესაძლებელია. “

არის ვარაუდი რომ კედლები მექანიკურად მოძრაობდა. ამის შემდეგ კიდევ ერთი კედელია და აქ მღვიმე ვიწროვდება და გზა აღმოსავლეთით მიემართება. წყალსა და გამოჭრილ კედელს შორის ცურვით წინსვლა შეიძლება, თუმცა სივიწროვის გამო ძნელია. ამავე კედელზე ოვალური ფორმის ჭრილიცაა, ეს ჭრილი ჩრდილოეთისკენ მიდის, შემდეგ გამოჭრილი ვიწროვდება. სოსო ათათიას ნაამბობიდან:

მდინარე ისკია
გიორგი ათათიას ფოტო
ვიკიციტატა
„...გიმოწიორილიდან გამოსვლის შემდეგ ავედით მიმდებარე მთაზე – ნოსკია, სადაც ჭაბურღილი გვეგულებოდა. ჩვენ თოკების დახმარებით ჩავედით ჭაბურღილში ყელში, რომელმაც დარბაზში გაგვიყვანა. აქ შეგვხვდა დიდი რაოდენობით სტალაგმიტები, აქვე ვნახეთ შუაზე გადაჭრილი ჭური, რომელსაც უამრავი ნახვრეტი ჰქონდა. “


დარბაზი მაღალ ყელიანია: სიგრძე 8 მეტრი, სიგანე 15 მეტრამდე იქნება. სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. დარბაზის კედლებს, ორივე მხრიდან ქვესკნელი აქვს. სოსო ათათია თოკების დახმარებით ჩასულა მარჯვენა ქვესკნელში, დაახლოებით 5 მეტრამდე და უნახავს ჭრილი, გზა რომელიც გიმოწიორილისკენ მიემართება და სავარაუდოდ უერთდება კიდეც მღვიმეს. დარბაზის მარცხენა მხარეს ნახეს გამოჭრილი ოთახი, სადაც ზუსტად მართკუთხა პარალელიპედის ფორმის ქვას გადაწყდნენ. სავარაუდოა რომ სალოცავად გამოიყენებოდა. მთაზე უამრავი ჭაა, ყველა ხელოვნურადაა დახურული. იმავე მთაზე, „ნაბეხუს“ მიდამოში, გზის გაფართოების დროს გამოჩნდა კედელი. ჭიდან ამოსვლის შემდეგ სწორედ ამ „ნიშნიან კედელთან” გადაინაცვლეს. კედელზე უცნობი წარწერები იყო.[1].

მარტვილის მუზეუმის სამეცნიერო ექსპედიციების დღიურებიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საინტერესო იყო ჩვენი ექსპედიციების მუშაობაში ნახუნავოსა და წაჩხურუში მღვიმეთა დათვალიერება იყო. რამდენადაც შევძელით გაგვერკვია, ეს მღვიმეები 1960 წელს ავტორთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ, საქართველოს მღვიმეთა კადასტრში არ არის შეტანილი. ჩვენ შევძელით მღვიმეებში შესვლა და ფოტოგრაფირება.
ნახუნავოში ისკიას სათავეს, სადაც მღვიმე მდებარეობს „გიმოწიორილს” ეძახიან. მღვიმესაც იგივე სახელწოდებით მოიხსენიებენ. ამ სიტყვის ზუსტი ქართული შესატყვისის მოძებნა ცოტათი ძნელია. „წიორია ძღაბი” — არსებობს ასეთი გამოთქმა, რომელსაც წერწეტ, მოქნილად მოძრავი ქალიშვილის დასახასიათებლად იყენებენ. მღვიმიდან გამოსული წყლის ნაკადი (მდინარე ისკია) ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ხეობით ეშვება დაბლა, შესაძლოა, ამიტომაც ეძახიან „გიმოწიორილს”, ვიწროდ მავალს.
ხსენებული მღვიმის შესახებ ცნობები ამ სოფლის მკვიდრმა სოსო ათათიამ, მოგვაწოდა, რომელიც მღვიმეში არაერთგზის შესულა და გიმოწიორილის საოცარი სამყაროც უნახავს. ჩვენც დავინტერესდით...
გიმოწიორილი კარსტული მღვიმე აღმოჩნდა, საიდანაც მდინარე ისკია იღებს სათავეს. სათავესთან და შიგნითაც წყალი საოცრად სუფთა და ანკარაა, და როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამკურნალო თვისებებით ხასიათდება, კურნავს შაკიკს. ხშირი წვიმებისას ისკია დიდდება და მღვიმიდან ხმაურით გამოედინება. იქვე იკვლევს გზას ქვემოთ, დასავლეთისკენ და ქმნის ისკიას ხეობას.
მღვიმე, სოფლის ჩრდილოეთით ორიოდ კილომეტრში მდებარეობს. მისადგომად ადვილია. შესასვლელი ორად იყოფა. მარცხენა მხარე, საიდანაც წყლის ნაკადი მუდმივად გამოდის, დაბალია. შევედით შედარებით მშრალი, მარჯვენა შესასვლელიდან. გავლა ვიწრო, გლუვზედაპირიან კედლებს შორის ძალიან გაჭირდა. კედლები, მალე ქვედა ნაწილით ისე დაუახლოვდა ერთმანეთს, ვიწრო და ღმრა დერეფანი შექმნეს. წყლიან არხში ფეხის ჩადგმა შეუძლებელი იყო. გავლა კედელ-კედელ, იქეთ-აქეთ ფეხმიბჯენილებმა ძლივს მოვახერხეთთ. ამ ვიწრო გასასვლელიდან, ფართო ლოდებიან დარბაზში მოვხვდით, რომლის სიმაღლე ≥ი ჩანდა. ნიმუში წამოვიღეთ, გაშრობის შემდეგ ნარინჯისფერი გაქრა და ქვაზე ნაცრისფერი ლაქები დარჩა. დარბაზში მრავალი სტალაგმიტი აღმოვაჩინეთ. ამის შემდეგ სავალი არე იმდენად დავიწროვდა, რომ ექსპედიციის ბევრი მონაწილე ადგილობრივ მკვიდრთაგან, იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.
მღვიმეში ძნელი გზებით, დაახლოებით 150-160 მეტრი გავიარეთ და გაშლილ სიღრუეში, სტალაქტიტებიან და სტალაგმიტებიან დარბაზში აღმოვჩნდით. რის შემდეგაც გზა ჩაიკეტა, თუმცა სამი მიმართულებით ძალიან დაბალი გასასვლელები, ხვრელები ჩანდა. როგორც მეგზურმა (სოსო ათათია) გვითხრა, მღვიმე იქეთაც გრძელდებოდა, მაგრამ გზის გაგრძელება ასე მოუმზადებლად, სარისკო გვეჩვენა.
მღვიმე სველია, მასში გამდინარე წყალი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სუფთაა და ანკარა და არ იმღვრევა, განსხვავებით წაჩხურუს მღვიმისგან , რომელიც გზადაზა, ჭებთან წყლის ნაკადებთან ერთად, ტალახიანი წყლებიც გვხდებოდა.[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სოსო ათათია, ექსპედიცია „გიმოწიორილში“, 2011;
  2. „მუზეუმის სამეცნიერო ესპედიციების დღიურებიდან” - 2003 წ. აგვისტო-სექტემბერი, ჟურნალი „სათანო”, მარტვილი, 2005;