გივი გაგუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გივი გაგუა (დ. 20 სექტემბერი, 1939, ნიგორზღვა — გ. 19 ოქტომბერი 2017) — გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, მისი სამეცნიერო კვლევის მიმართულებები იყო: აგროკლიმატოლოგია, კლიმატოლოგია და აგრარული მეცნიერებები.

გივი გაგუა
დაბადების თარიღი 20 სექტემბერი 1939 წ.
გარდაცვალების თარიღი 19 ოქტომბერი 2017 წ.
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია აგროკლიმატოლოგია, კლიმატოლოგია და აგრარული მეცნიერებები
ორგანიზაცია თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ცნობილი ნაშრომები 165 სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე, მათ შორის, 5 მონოგრაფია
რელიგია ქრისტიანი, მართლმადიდებელი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხოვრების წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გივი გაგუა დაიბადა 1939 წლის 20 სექტემბერს, სამტრედიის რაიონის სოფელ ნიგორზღვაში, ვანო გაგუას და პარასკევა მიმინოშვილის შვიდშვილიან ოჯახში. ვანო გაგუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო და ჰქონდა მიღებული მრავალი ჯილდო.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში, რომელიც 1960 წელს წარჩინებით დაასულა მეხილეობა-მებოსტნეობის სპეციალობით და უმცროსი მეხილე მებოსტნე აგრონომის კვალიფიკაცია მიენიჭა.

1958 წელს 27 ივლისიდან 30 სექტემბრამდე ვანის ტექნიკუმის სტუდენტი გივი გაგუა, სხვა სტუდენტებთან ერთად, იმყოფებოდა სამუშაო სემესტრში ყამირზე, ყაზახეთის სსსრ-ს ერთ-ერთ კოლმეურნეობაში, სადაც 270 შრომადღე გამოიმუშავა და გეგმას 300 %-ით გადააჭარბა, რისთვისაც დაჯილდოვდა ქების სიგელით და მედლით „ყამირი მიწების ათვისებისათვის“.

1960 წელს გივი გაგუამ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე.

1962-1966 წლებში, სწავლის პარალელურად, გივი გაგუა მუშაობდა, თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე, ლაბორანტად.

1966 წელს გივი გაგუამ წარჩინებით დაამთავრა თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, მეტეოროლოგიის სპეციალობით და ინჟინერ–მეტეოროლოგის კვალიფიკაცია მიენიჭა.

1966-1969 წწ. სწავლობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, აკადემიკოს თეოფანე დავითაიას ხელმძღვანელობით, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა.

სწავლის პერიოდში გივი გაგუა დაქორწინდა და შეეძინა ერთი ასული.

1969-1973 წწ. გივი გაგუა მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში, ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილებაში, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.

1970-1990 წწ. გივი გაგუა მონაწილეობდა გეოგრაფიის ინსტიტუტის ყოველწლიურ სამეცნიერო ექსპედიციებში ჯავახეთის სოფელ როდიონოვკაში, რაჭის სოფ ნიკორწმინდაში და სხვ.

1971 წ. 28 აპრილს, გივი გაგუამ, აკადემიკოს თეოფანე დავითაიას ხელძღვანელობით, თსუ-ში წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სოფლის მეურნეობის პროდუქტების უწყვეტი წარმოების აგროკლიმაური რესურსები საქართველოში“.

იმავე წლის 11 ივნისს, მოსკოვში, სსსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს უმაღლესი საატსესტატო კომისიის გადაწყვეტილებით, გივი გაგუას მიენიჭა გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო წოდება.

1971–1973 წწ. გივი გაგუამ დაამთავრა საქართველოს სსრ განათლების სამინისტროსთან არსებული უცხო ენების ორწლიანი კურსები, ესპანური ენის განხრით.

1972 წ. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტს ეწვია ახალგაზრდა ჩილელი მეცნიერი, ბატონი გუსტავო მერკადო, რომელსაც გივი გაგუა თავის ცოდნას უზიარებდა და მასთან საუბარში ესპანური ენის ცოდნას ხვეწდა. 1973 წლიდან, ჩილეში პინოჩეტის რეჟიმის დამყარების შემდეგ, გივი გაგუას მიმოწერა გუსტავო მერკადოსთან შეწყდრა და აღარ განახლებულა. გივი გაგუა ამაოდ ცდილობდა მიეკვლია გუსტავოს კვალისთვის. ბოლოს დაასკვნა, რომ შესაძლოა, მერკადო დიქტატორულ რეჟიმს შეეწირა. გივი სიცოცხლის ბოლომდე დიდი სითბოთი იხსენებდა თავის ჩილელ მეგობარს.

იმავე წელს გეოგრაფიის ინსტიტუტს სტუმრობდნენ ახალგაზრდა ბელგიელი მეცნიერები, რომლებსაც ინსტიტუტის სახელით გივი გაგუა მასპინძლობდა.

1973-1975 წწ. გივი გაგუა, ოჯახთან ერთად, იმყოფებოდა სამეცნიერო მივლინებაში კუბის რესპუბლიკაში, სადაც ქ. ჰავანის მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობდა, ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების გენერალური სქემის ფარგლებში, მთავარ ინჟინერ-კლიმატოლოგად. გივი გაგუამ მონაწილეობა მიიღო კუბის კლიმაური და აგროკლიმაური რესურსების შესწავლაში, აქტიურად მონაწილეობდა კუბის ბუნებრივი რესურსების კომპლექსური გამოყენების გენერალური სქემის შემუშავებაში, რის საფუძველზეც მან შეადგინა კუბის კლიმატური და აგროკლიმატური რუკები, რომლებიც ჯერ სტატიების სახით გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი კუბის ეროვნულ ატლასში შევიდა.

1989 წელს კუბის ახალ ეროვნულ ატლასში, კვლავ იქნა შეტანილი გივი გაგუას მიერ შედგენილი რუკები. კუბაში თავის მოხსენებებს და სტატიებს გივი გაგუა ესპანურ ენაზე წერდა. კლიმატოლოგიაში მიღებულ ცოდნას იგი კუბელ მეცნიერებს უზიარებდა.

1976-1984 წწ., გივი გაგუამ მუშაობა განაგრძო ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიის განყოფილებში, უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

1979 წ. 1 ნოემბერს, მოსკოვში, სსსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, გივი გაგუას მიენიჭა უფროსი მეცნიერ თანამშრომლის წოდება, სპეციალობით „მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ატმოსფეროს ფიზიკა“.

1970-80-იან წლებში გივი გაგუა გეოგრაფიის ინსტიტუტის პროფკავშირებს თავმჯდომარეობდა.

2006–2012 წწ. გივი გაგუა ხელმძღვანელობდა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო სტაციონარს ქ. თიანეთის დაბა სიონში.

გარდაცვალების წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წ. დაწერა თავისი უკანასკნელი ნაშრომი, მონოგრაფია „საქართველოს აგროკლიმატური დარაიონება“, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ, 2018 წელს დაიბეჭდა.

გარდაცვალების დღემდე, 2017 წ. 19 ოქტომბრამდე, გივი გაგუა მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც მან თავისი ცხოვრების 50 წელი დაჰყო.

სამეცნიერო ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გივი გაგუას გამოქვეყნებული აქვს 165 სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე, მათ შორის, 5 მონოგრაფია. მონაწილეობდა გეოგრაფიული საზოგადოების საერთაშორისო ყრილობებსა და საერთაშორისო კონფერენციებში.

სამეცნიერო ორგანიზაციების,საბჭოებისა და სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიების წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1984-2006 - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი სამეცნიერო საბჭოს წევრი
  • 2000-2008 - გეოგრაფიული საზოგადოება საბჭოს წევრი

მონოგრაფიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1984 წელს, ბატონ რომან კვერენჩხილაძესთან ერთად, გივი გაგუამ გამოსცა მონოგრაფია „აკადემიკოსი თეოფანე დავითაია“.
  • 1988 წ. მან გამოაქვეყნა მონოგრაფია „კოლხეთის აგროკლიმატური რესურსების რაციონალური გამოყენების პრობლემა.“
  • 2013 წ. გამოსცა მონოგრაფია: „საქართველოს აგროკლიმატური რესურსები“.
  • 2016 წ. დაბა სიონის სტაციონარში კვლევების საფუძელზე გივი გაგუამ, თანაავტორებთან, ელენე სალუქვაძესთან და ადგილობრივ მკვიდრ შოთა წიკლაურთან ერთად გამოსცა წიგნი „თიანეთის მუნიციპალიტეტის აგროკლიმატური პოტენციალი.“
  • 2017 წ. დაწერა თავისი უკანასკნელი ნაშრომი, მონოგრაფია „საქართველოს აგროკლიმატური დარაიონება“, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ, 2018 წელს დაიბეჭდა. 2017 წ. დაწერა თავისი უკანასკნელი ნაშრომი, მონოგრაფია „საქართველოს აგროკლიმატური დარაიონება“, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ, 2018 წელს დაიბეჭდა. წიგნი წარმოადგენს ენციკლოპედიური დონის ნაშრომს, რომელიც ძირითადად განკუთვნილია: აგროკლიმატოლეგებისა და საერთოდ გეოგრაფებისათვის, სოფლის მეურნეობის ხელმძღვანელი მუშაკებისა და ფერმერებისათვის, სოფლის მეურნეობის საკითხებით დაინტერესებული მკვლევარებისა და დამხმარე სახელმძღვანელოდ სტუდენტი ახალგაზრდებისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]