გიგაურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბროშურა გიგაურები
გიგაურების საგვარეულო გერბი
წმ. გიორგი - გიგაურების საგვარეულო ხატი

გიგაურებიხევსურული წარმოშობის ქართული სათემო გვარი. ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს „გიგა“, „გიგი“, „გიგო“. ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარი „გიგაური“ სათავეს იღებს ბუდე ხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადმოცემით ხევსურეთში ოთხი ძმა ცხოვრობდა გიგა, თეთრა, ზვიადი და წოწკა. გიგაურების წინაპარი გიგა სოფელ ბლოში დასახლდა. ზვიადაურების წინაპარი ზვიადი არდოტში გადავიდა. წოწკოლაურების წინაპარი წოწკურა ფშავში წავიდა და სოფელ მუქოში დასახლდა, ხოლო თეთრამ საცხოვრებლად სოფელი ჭიმღა აირჩია და მისგან თეთრაულების გვარი წამოვიდა. მთაში ეს გვარები დღესაც ბიძაშვილობენ ერთმანეთთან.

ბლოდან გიგაურები რამდენიმე მიმართულებით წავიდნენ არხოტისკენ, გველეთისკენ, დათვისისკენ, ფშავისკენ და ერწო-თიანეთისკენ.

არხოტელი გიგაურები ხევში გადავიდნენ, ხოლო ხევიდან მათი ნაწილი ქსნისკენ წავიდა. არხოტელი გიგაურებისგან მომდინარეობენ მოხევე და ქსნელი გიგაურები. დათვისელ-გველეთელი გიგაურები არაგვზე დასახლდნენ ჭართლის თემში, ქართლის სოფლებში მოსახლე გიგაურები მეტწილად ქსნელი და არაგველი გიგაურების განაყარნი არიან. ფშაველი და ერწო-თიანეთელი გიგაურები ბარში, ძირითადად კახეთის სოფლებში დასახლდნენ. ამჟამად ხევსურეთის ბლოში გიგაურების ერთი კომლი შემორჩა, ხოლო არხოტის და დათვისის ხევებში გიგაურები აღარ ცხოვრობენ. მიგრაციის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ხევსურეთს შეეძლო გამოეკვება მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, მაგრამ ამის გარდა იყო იძულებითი აყრაც, რომელიც XVII საუკუნის პირველ ნახევარში ზურაბ არაგვის ერისთავის ხევსურეთის დამორჩილების მცდელობას მოჰყვა, როდესაც ერისთავის ლაშქართან ბრძოლის გამო დაცოტავებული თემები წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ მას. ეს იყო დათვსის ხეობიდან არაგვზე, ჭართალის თემში გიგაურების იძულებითი გადასახლების მიზეზიც. მიუხედავად გადასახლებისა გველეთელი გიგაურები გვიანობამდე ამოდიოდნენ გველეთის მთავარანგელოზის სალოცავში და ადგილობრივებიც საკლავით ხვდებოდნენ მათ.

ღმერთისა და საქართველოსთვის გიგაურთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ: ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენედ და მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა და შუაგულ სადროშოებში. კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში. თავად ბაგრატიონ-მუხრანბატონთა, ამილახვართა და ალავერდელ ეპისკოპოსთა დროშების ქვეშ.

გიგაურთა შტონაყარი გვარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველიდან ახალი გვარის წარმოშობა საყოველთაოდ გავრცელებული მოვლენა იყო მთელ საქართველოში. ამ დროს გვარმოდენილობა უცვლელი რჩება. გიგაურთა გვარიდან მრავალი ახალი შტონაყარი გვარი წარმოიშვა. ძირად გიგაურები არიან:

ქსნელი: თორელაშვილები, მაწიაშვილები, მამამთავრიშვილები, როსტევანიშვილები, გათენაშვილები, ჭოხურები, გაბრიელაშვილები, ხრიკულები, პავლიაშვილების ნაწილი;

არაგველი: ჩიტაურები, ციხელაშვილები, თათარაშვილები, კოტორაშვილები, პაპიაშვილები, გოგიშვილები, შალვაშვილები, ბუჩაშვილები, ჯიქურები, ჯიქურაულები, გუდაშვილები, მელიწკაურები, ქადაგიშვილები, პირმისაშვილები, ფერხულები, ჯანგირაშვილები, თითიკაშვილები, ჩანადირები, მახარაშვილები, ნამგალაურები, ლაშაურები, ბუჩაშვილები;

ფშაველი და გუდამაყრელი: ანთაურები;

ახმეტელი: ჩაჩაურები.

გიგაური დიდი ხნის მანძილზე სათემო გვარი იყო. განაყოფებმა იცოდნენ, რომ ისინი საერთო წინაპრის შთამომავლები იყვნენ და ნებისმიერ დროს, რა გინდ ძლიერ გამრავლებულიყვნენ, ინახავდნენ ერთმანეთს შორის მჭიდრო კავშირს. გიგაურთა საგვარეულო ხატობის დროს აგროვებდნენ ე.წ. „სიგიგაუროს“ სათემო საგვარეულო ხატის შენაწირს. საგიგაუროს შეგროვება ერთგვარად კრავდა გიგაურთა ძველ თემს და გიგაურთა დიდ გვარსა და ამ გვარიდან შტონაყარ რამდენიმე ათეულ გვარს სოციალურ ერთობას უნარჩუნებდა.

გიგაურთა და ძირად გიგაურთა საერთო სალოცავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუხის გიორგის ჯვარი — პირველი და უმთავრესი სალოცავი — ბუდე ხევსურეთში, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოსთან.
  • გიგაურთ ხატი — ქსნის ხეობის, სოფელ საძეგურთან.
  • გიგაურთ ხატი (მთავარანგელოზის ჯვარი) — ნარეკვავის ხეობის, სოფელ გრემისხევში.
  • საგიგაუროს დედა ღვთისმშობელი — არაგვის ხეობაში, ჭართლის თემის სოფელ ზენუბანთან.
  • მთავარანგელოზის ჯვარი — ბუდე ხევსურეთში. სოფელ გველეთთან.
  • ახალაურთ კლდე — პირიქითა ხევსურეთში, არხოტის თემის სოფელ ჭიმღასთან.

გიგაურების მიერ არის აშენებული ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესიაგორის რაიონის სოფელ ბერბუკთან.[1][2]

საცხოვრებელი ადგილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალექსანდრე ნაზღაიძე - კარიბჭე №7 3-16 აპრილი, 2008
  • აკად. ი. ახუაშვილი - ქართული გვარ-სახელები ტომი I თბ. : მესხეთი - ; 2005-1046 გვ.
  • აკად. ი. ახუაშვილი; პროფ. ვაჟა გიგაური - ბროშურა გიგაურები თბილისი 2003
  • როლანდ თოფჩიშვილი - საქართველოს ისტორიული დემოგრაფიისთვის (შიდა ქართლის მთის მოსახლეობის მიგრაციის ეთნოისტორიული საკითხები) თბილისი 2002

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიული ცნობარი
  2. საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ. გვ. 48