შინაარსზე გადასვლა

გიგანტოზავრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიგანტოზავრი

გიგანტოზავრის რეკონსტრუირებული ჩონჩხი ფერნბანკის ბუნებისმეტყველების მუზეუმში
მეცნიერული კლასიფიკაცია
დომენი:  ეუკარიოტები
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლადი დინოზავრები
კლადი ხვლიკმენჯა დინოზავრები
კლადი თეროპოდები
ოჯახი:  კარქაროდონტოზავრიდები
გვარი:  გიგანტოზავრი
ლათინური სახელი
Giganotosaurus Coria & Salgado, 1995
ტიპური სახეობა
  • Giganotosaurus carolinii Coria & Salgado, 1995

გიგანოტოზავრი (ლათ. Giganotosaurus, ძვ. ბერძნ. γίγας — გიგანტური, νότος — სამხრეთი, σαῦρος — ხვლიკი, სიტყვასიტყვით — გიგანტური სამხრეთის ხვლიკი) — გვიანდელი ცარცული პერიოდის მსხვილი ხორცისმჭამელი დინოზავრი კარქაროდონტოზავრიდების ოჯახიდან, ალოსავროიდების ზეოჯახი. ის 1995 წელს აღწერა არგენტინელმა პალეონტოლოგმა როდოლფო კორიამ სენომანური სართულით დათარიღებული (99.6–93.5 მილიონი წლის წინ)[1][2][3] თითქმის სრული ჩონჩხის მიხედვით, რომელიც ნეუკენის პროვინციასთან (არგენტინა) მდებარე კანდელეროსის (რიო ლიმაი) ფორმაციაში აღმოაჩინეს. სხეულის სიგრძის მიხედვით (ჰოლოტიპი — 12.2–12.5 მ,[4][5] უდიდესი ცნობილი ეგზემპლარი ≈13.2 მ)[6] ის თეროპოდების უდიდეს წარმომადგენლებს მიეკუთვნება. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს ცხოველი ზომით ტირანოზავრს აღემატებოდა, რომელიც ისტორიულად უდიდეს თეროპოდად ითვლება, სხვები კი თვლიან, რომ მათი ზომა დაახლოებით თანაბარია, ხოლო გიგანოტოზავრის ზომის შეფასებები გადაჭარბებულია.[7][3][8][9]

გიგანტოზავრს გააჩნდა დაახლოებით თანაბარი სიგრძის ბარძაყისა და წვივის ძვლები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი ხშირად მორბენალი ცხოველი არ ყოფილა. ვინაიდან ის ძირითადად მსხვილ ზავროპოდებზე, ისეთებზე როგორიცაა ტიტანოზავრები, ნადირობდა, მას სწრაფი გადაადგილება არც ესაჭიროებოდა. ის დაახლოებით 7-8 ტონას იწონიდა.[10] თუმცა, საყურადღებოა, რომ გიგანოტოზავრის უდიდესი აღმოჩენილი ნიმუშის სავარაუდო წონა 13.8 ტონასაც კი აღწევდა.[11]

გიგანტოზავრის რეკონსტრუქცია

თავის ქალა კარქაროდონტოზავრის თავის ქალისგან, პირველ რიგში, სიგრძით განსხვავდებოდა. ანტორბიტალური ხვრელი უფრო გრძელი ქონდა, ლატერალური საფეთქლის ხვრელი კი — უფრო ფართო. კარგად იყო განვითარებული თავის ქალის სტრუქტურა — ცხვირის ძვლებსა და თვალების ზემოთ არსებული ქედები. ეს ზრდიდა თავის ქალის სიმტკიცეს და ამცირებდა მის მოწყვლადობას ბრძოლის დროს. აღნაგობით გიგანოტოზავრი კარქაროდონტოზავრზე ოდნავ მასიური იყო. სხვა მხრივ, ეს ცხოველები საკმაოდ ჰგავდნენ ერთმანეთს. ტირანოზავრისგან განსხვავებით, კარქაროდონტოზავრიდებს არ გააჩნდათ საკმარისად განვითარებული ბინოკულარული მხედველობა, მათი ტვინი შედარებით მცირე ზომის იყო. ამგვარად, თეროპოდების ეს ჯგუფი ისეთი მახასიათებლებით გამოირჩეოდა, რაც ტირანოზავრებისგან განსხვავებულ ცხოვრების წესზე მიანიშნებს.

გიგანოტოზავრს ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე გრძელი თავის ქალა ყველა ცნობილ თეროპოდს შორის. ჰოლოტიპის თავის ქალის ზომა 1.8 მეტრია, მეორე ნიმუშის კი – 2 მეტრი,[7] რაც 30-50 სმ-ით აღემატება ტირანოზავრის ყველაზე დიდ თავის ქალას (ტირანოზავრის ყველაზე დიდი ცნობილი თავის ქალა დაახლოებით 1.5 მეტრია სიგრძეში, თუმცა, ის ამავე დროს ოდნავ მაღალია). მეორე მხრივ, სხვა კარქაროდონტოზავრიდებთან შედარებისას დადგინდა, რომ სინამდვილეში გიგანოტოზავრების თავის ქალა ოდნავ მოკლე იყო. გიგანოტოზავრის ჰოლოტიპის თავის ქალას აკლია ზედა ყბის ნაწილი და საფეთქლის რიგის რამდენიმე ძვალი, რის გამოც მისი სიგრძის ზუსტი შეფასება ადრე მეტად რთული იყო. ახლად აღწერილი გვარის, მერაქსესის ძვლების გამოყენებით, 2022 წელს დაკარგული ნაწილების მასშტაბირება მოახდინეს. შედეგად, გიგანოტოზავრის თავის ქალის სავარაუდო ზომა 162 სმ-ით განისაზღვრა. შესაბამისად, ის დღემდე რჩება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი თავის ქალის მქონე თეროპოდად, რომელიც კი ოდესმე აღმოჩენილა.

გიგანოტოზავრი, კარქაროდონტოზავრი და ტირანოზავრი მეცნიერებისთვის ცნობილი ყველა ხმელეთის ხორცისმჭამელი დინოზავრიდან უდიდესები იყვნენ. 1999 წელს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში (აშშ) ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გიგანოტოზავრს და ტირანოზავრს ჰქონდათ ნივთიერებათა ცვლის ფორმა, რომელიც დამახასიათებელია თბილსისხლიანი ცხოველებისთვის.[12]

სახეობას „Giganotosaurus carolinii“ სახელი ეწოდა „ნამარხებზე მონადირის“, რუბენ კაროლინის, პატივსაცემად, რომელმაც 1993 წელს რიო ლიმაის (პატაგონია) ფორმაციაში აღმოაჩინა ნამარხები (ნიმუში ინდექსით MUCPv-Ch1). 1995 წელს ახალი სახეობა აღწერეს პალეონტოლოგებმა როდოლფო კორიამ და ლეონარდო სალგადომ.[13] ჩონჩხის დაახლოებით 70% არის შემორჩენილი, მათ შორის თავის ქალის ნაწილები, მენჯი, უკანა კიდურები და ხერხემლის უმეტესი ნაწილი. ინდივიდის სავარაუდო ზომა დაახლოებით 12.2–12.5 მეტრს აღწევდა.[4][5] ნიმუში ინახება ქალაქ ნეუკენის Museo Carmen Funes-ის მუზეუმში.

მეორე ნიმუში (MUCPv-95) — ქვედა ყბის ნაწილი — აღმოაჩინა პალეონტოლოგმა ხორხე კალვომ 1987 წელს, რომელიც 2 წლის შემდეგ აღწერა.[14] ჰოლოტიპის ყბის ნაწილთან შედარებით, იგი 8%-ით უფრო დიდია. ნიმუშის საერთო სიგრძე სავარაუდოდ, დაახლოებით 13.2 მ-ია, მასა კი 10 ტონაზე მეტი.[6] იმის გათვალისწინებით, რომ გიგანოტოზავრების კონკრეტული ნიმუშები შედარებით მცირე რაოდენობითაა აღმოჩენილი, ისინი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დიდ ზომებს აღწევდნენ.

პალეობიოლოგია და პალეოეკოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიგანოტოზავრი აღმოჩენილია კანდელეროსის ფორმაციაში, რომელიც ნეუკენის ჯგუფის რიო ლიმაის ქვეჯგუფს ეკუთვნის. ამავე ფორმაციაში აღმოჩენილია გველების, კუების, თევზების, ამფიბიების, დინოზავრებისა და პტეროზავრების ნამარხი ნაშთები. ზავროპოდებს შორის აღსანიშნავია 15 მეტრი სიგრძის ანდეზავრი, ნოპჩასპონდილუსი, ლიმაიზავრი, რომლებიც, სავარაუდოდ, გიგანოტოზავრის ძირითად საკვებს წარმოადგენდნენ, რადგან მათზე ნადირობა ამ მსხვილი მტაცებლისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. ზავროპოდების გარდა, კანდელეროსში აღმოჩენილია ცელუროზავრები ბისენტელარია, ბუიტერაპტორი, ალნაშეტრი და მსხვილი (6.6-8.2 მ) აბელიზავრიდი ეკრისიქსინატოზავრი.

2006 წელს, რიო ლიმაიში, ჰუინკულის ფორმაციის გვიანდელი სენომანიდან აღწერილ იქნა კიდევ ერთი კარქაროდონტოზავრი — მაპუზავრი (Mapusaurus roseae). აღმოჩენილი იქნა რამდენიმე სხვადასხვა ასაკის ინდივიდის ჩონჩხების გროვა, რომელთა სიგრძე 5-დან 12 მეტრამდე მერყეობდა. ეს ცხოველი ძალიან ჰგავს გიგანოტოზავრს, თუმცა მისგან უფრო მაღალი და ვიწრო ქალით განსხვავდება. ორივე დინოზავრი, ტირანოტიტანთან ერთად, შედის გიგანოტოზავრინების ჯგუფში.

არგენტინის ჩუბუტის პროვინციის უფრო ძველი (აპტური) დანალექებიდან, 2005 წელს, ფერნანდო ნოვასმა და მისმა კოლეგებმა აღწერეს ტირანოტიტანი (Tyrannotitan chubutensis) — პრიმიტიული კარქაროდონტოზავრიდი, რომელიც დაახლოებით 12 მეტრს აღწევდა სიგრძეში. ის თავისი მონათესავე სახეობებისგან უფრო მასიური აღნაგობითა და თავის ქალის აგებულების დეტალებით განსხვავდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Rainoldi, A.L.; Franchini, M.; Beaufort, D.; Patrier, P.; Giusiano, A.; Impiccini, A.; Pons, J. (2014). „Large-scale bleaching of red beds related to upward migration of hydrocarbons: Los Chihuidos High, Neuquen Basin, Argentina“. Journal of Sedimentary Research. 84 (5): 373–393. Bibcode:2014JSedR..84..373R. doi:10.2110/jsr.2014.31. hdl:11336/34039.
  2. Sánchez, M.L.; Asurmendi, E. (2015). „Stratigraphy and sedimentology of the terminal fan of Candeleros Formation (Neuquén Group), Lower Cretaceous, Neuquén Basin, provinces of Neuquén and Mendoza, Argentina“. Andean Geology. 42 (3). doi:10.5027/andgeoV42n3-a03. hdl:11336/69686. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 14, 2017. ციტირების თარიღი: October 13, 2017.
  3. 3.0 3.1 Holtz, T. R.. Dinosaurs: The Most Complete, Up-to-Date Encyclopedia for Dinosaur Lovers of All Ages, Winter 2011 Appendix (2011). ციტირების თარიღი: January 13, 2012
  4. 4.0 4.1 Coria RA & Currie PJ. 2006. A new carcharodontosaurid (Dinosauria, Theropoda) from the Upper Cretaceous of Argentina დაარქივებული 2009-03-26 საიტზე Wayback Machine. . Geodiversitas: Vol. 28, #1, pp. 71—118
  5. 5.0 5.1 Seebacher, F. 2001. A new method to calculate allometric length-mass relationships of dinosaurs. Journal of Vertebrate Paleontology 21(1): 51—60.
  6. 6.0 6.1 Mortimer, M. (2004). «Carnosauria», The Theropod Database, viewed August 14, 2008.
  7. 7.0 7.1 Calvo, J. O., and Coria, R .A. (1998). «New specimen of Giganotosaurus carolinii (CORIA & SALGADO, 1995), supports it as the as the largest theropod ever found.» დაარქივებული 2008-02-16 საიტზე Wayback Machine. Gaia, 15: 117—122.
  8. Hartman, S.. (2013) Mass estimates: North vs South redux. Scott Hartman's Skeletal Drawing.com. ციტირების თარიღი: August 24, 2013
  9. Carrano, M. T.; Benson, R. B. J.; Sampson, S. D. (2012). „The phylogeny of Tetanurae (Dinosauria: Theropoda)“. Journal of Systematic Palaeontology. 10 (2): 211–300. Bibcode:2012JSPal..10..211C. doi:10.1080/14772019.2011.630927. S2CID 85354215.
  10. Mass estimates: North vs South redux. ციტირების თარიღი: 2016-06-23.
  11. Therrien, F.; Henderson, D.M. (2007). «My theropod is bigger than yours…or not: estimating body size from skull length in theropods». Journal of Vertebrate Paleontology27 (1): 108—115. doi:10.1671/0272-4634(2007)27[108:MTIBTY]2.0.CO;2. ISSN 0272-4634 დაარქივებული 2009-02-21 საიტზე Wayback Machine. .
  12. Barrick, R.E.; Showers, W.J., THERMOPHYSIOLOGY AND BIOLOGY OF GIGANOTOSAURUS: COMPARISON WITH TYRANNOSAURUS, 1999
  13. Coria RA & Salgado L (1995). A new giant carnivorous dinosaur from the Cretaceous of Patagonia. Nature 377: 225—226
  14. J.O. Calvo, , 1990.