გველისარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გველისარა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  ანკარასებრნი
გვარი:  Psammophis
ლათინური სახელი
Psammophis lineolatus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 164615

გველისარა (ლათ. Psammophis lineolatus) — ქვეწარმავალი ანკარასებრთა ოჯახისა. აქვს წვრილი, 90 სმ-მდე სიგრძის სხეული. გამოირჩევა დიდი სისწრაფით. მსხვერპლის დასაჭერად ჩასაფრება არ სჭირდება, მას ყველაზე სწრაფი ხვლიკიც კი ვერსად გაექცევა. საფრთხის შემთხვევაში გაქცეულ გველისარას ძალზედ სწრაფად მორბენალი ადამიანიც კი ძლივს ეწევა. მტერთან ანაზდეულად შეხვედრისას იგი საქსაულის ტოტებში იმალება. გველისარას ღია ფერის კანი საქსაულის ტოტებისაგან არ გამოირჩევა და გველს სრულიად შეუმჩნეველს ხდის. ახასიათებს თავდაცვის განსხვავებული მეთოდიც: სხეულის უკანა ნაწილს ტოტზე ახვევს, წინას კი მტრისაკენ „გაისვრის“, ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს საკბენად მოხტომას აპირებსო. ადგილობრივებს ამ გველისა სრულიად არ ეშინიათ. გველისარას ნაკბენი ადამიანისათვის საშიში არ არის. გველისარას, სხვა ანკარასებრთა მსგავსად, შხამიანი ეშვები ზედა ყბის უკანა ნაწილში აქვს, სწორედ ამიტომ გველს უჭირს მისი გამოყენება თუ მსხვერპლს ღრმად არ ჩაიდებს პირში. გავრცელებულია წინა აზიაში და სამხრეთ ყაზახეთში. ბინადრობს ქვიშიან უდაბნოში, ავშნიან ნახევრად უდაბნოსა და ლიოსიან მთისწინებში, ზოგან მთაშიც (ზღვის დონიდან 1500 მ-მდე). აქტიურია დღისით, იკვებება ხვლიკებით. ივნის-ივლისში დებს 2-6 კვერცხს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 139.
  • Ядовитые животные и растения СССР, 1990 წ, გვ. 126.