გესია გელფმანი
გესია გელფმანი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 30 ნოემბერი, 1855 |
დაბადების ადგილი | მოზირი |
გარდაცვალების თარიღი | 1 (13) თებერვალი, 1882 (26 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
მეუღლე/ები | Nikolai Kolodkevich |
გესია გელფმანი (რუს. Ге́ся Мееровна Ге́льфман, დ. 30 ნოემბერი, 1855, მოზირი — 1(13) თებერვალი, 1882, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი რევოლუციონერი, „სახალხო ნების“ აღმასრულებელი კომიტეტის აგენტი. „პირველმარტელების“ მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე,[1][2] რომელიც მხარს უჭერდა ტერორის საშუალებით ძალაუფლებისთვის ბრძოლის მეთოდებს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გესია გელფმანი დაიბადა ებრაულ ოჯახში მინსკის პროვინციის ქალაქ მოზირში. მისი მამა ხით ვაჭრობდა, დედა კი მანუფაქტორული საქონლის მაღაზიას ფლობდა. დედა ადრე გარდაეცვალა, დედინაცვალი კი გესიას ნაკლებად აქცევდა ყურადღებას. ერთ დღეს მშობლებმა ბერდიჩივში ნათესავის ქორწილში გაგზავნეს, სადაც მან რამდენიმე თვე გაატარა. როდესაც იგი სახლში დაბრუნდა, გაიგო, რომ ისინი აპირებდნენ მის დაქორწინებას მამამისის ნაცნობის, ხის ვაჭრის ერთადერთ ვაჟზე. შედეგად იგი ქორწილის წინა ღამეს სახლიდან გაიქცა. 1871 წელს ჩავიდა კიევში, სადაც გესიამ მოძებნა სამსახური, იგი დაიქირავეს მკერავის თანაშემწედ. იმავე წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტში სამეანო კურსებზე, რომელიც დაასრულა 1874 წელს. სწორედ ამ პერიოდში მან დაიწყო რევოლუციურ საქმიანობაში მონაწილეობა. იგი მონაწილეობდა არალეგალური სოციალისტური წრეების შეხვედრებში და სხვადასხვა მცირე მომსახურებას უწევდა რევოლუციონერ პროპაგანდისტებს.[3]
1875 წლის გაზაფხულზე მოსკოვის რევოლუციონერთა წრის წარმომადგენლები ჩავიდნენ კიევში ადგილობრივ მუშებთან კონტაქტების დასამყარებლად. გესია გელფმანი შეუერთდა ამ ორგანიზაციას და აქტიური მონაწილეობა მიიღო მის საქმიანობაში. (მის სახელზე იგზავნებოდა წერილები და ფულადი გზავნილები, მისი ბინა რევოლუციონერებისთვის უსაფრთხო ადგილს წარმოადგენდა). 1875 წლის 9 სექტემბერს იგი დააპატიმრეს. მან წელიწადნახევარი გაატარა სანქტ-პეტერბურგის წინასწარი დაკავების იზოლატორში.
1877 წელს იგი გაასამართლეს „სასამართლო პროცესი 50“-ზე და მიესაჯა ორწლიანი სასჯელი იძულებითი შრომით. მან სასჯელი პეტერბურგში, ლიტვის ციხესიმაგრეში მოიხადა.
ამ პერიოდში იგი შეხვდა „ნაროდნაია ვოლიას“ წევრ ნიკოლაი საბლინს (სხვა წყაროების მიხედვით, ნიკოლაი კოლოდკევიჩი), რომელიც მოგვიანებით მისი ფაქტიური ქმარი გახდა, რომელთანაც ცხოვრობდა ელენა გრიგორიევნას სახელით.
სასჯელის მოხდის შემდეგ, 1879 წლის 14 მარტს, გესია გელფმანი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, გაგზავნეს სტარაია-რუსაში (ნოვგოროდის პროვინცია), საიდანაც იმავე წლის სექტემბერში პეტერბურგში გაიქცა და შეუერთდა „სახალხო ნებას“. იგი აწარმოებდა პროპაგანდას ახალგაზრდებში, ბევრს მუშაობდა „სახალხო ნების“ წითელ ჯვარში და სამი კონსპირაციული სახლის დიასახლისი გახდა. 1881 წლის თებერვალში გელფმანმა და საბლინმა ბინა ტელეჟნაიას ქუჩაზე იქირავეს. ამ ბინაში თავდაპირველად მიწისქვეშა სტამბა იყო განთავსებული, შემდეგ კი „ნაროდნაია ვოლიას“ დინამიტის სახელოსნო. 1881 წლის 1 მარტს დილით ადრე ბომბდამშვებებმა ამ ბინიდან ბომბები მიიღეს, რომელთაგან ერთმა სასიკვდილოდ დაჭრა იმპერატორი ალექსანდრე II. 2 მარტს, ჩხრეკის შემდეგ, რომლის დროსაც ორი ბომბი და უკანონო ლიტერატურა აღმოაჩინეს, პოლიციამ გელფმანი დააკავა, ხოლო საბლინმა დაკავების დროს თავი მოიკლა. დაკითხვისას გელფმანმა აღიარა, რომ იგი იყო „სახალხო ნების“ წევრი, მაგრამ უარყო მონაწილეობა მეფეზე მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში, მიუხედავად არსებული უდავო ფაქტებისა. მკვლელობის მცდელობაში ხუთ აქტიურ მონაწილესთან ერთად მას ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, მაგრამ განაჩენის გამოტანის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ ორსულად იყო. მისი ორსულობა სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა და სასჯელის აღსრულება გადაიდო, ვინაიდან მაშინ მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვის უდანაშაულობის გამო ორსულთა სიკვდილით დასჯა აკრძალული იყო. ინგლისში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში მოეწყო კამპანია გესია გელფმანის სასიკვდილო განაჩენის გაუქმების მიზნით. იმპერატორ ალექსანდრე III-ის მისამართით დაწერილი ღია წერილი გამოაქვეყნა ცნობილმა ფრანგმა მწერალმა ვიქტორ ჰიუგომ. მსგავსი კამპანია ჩატარდა თავად რუსეთში.
1881 წლის 12 ოქტომბერს გესიას ჯანმრთელი გოგონა შეეძინა. მშობიარობის შემდეგ გელფმანს სასიკვდილო განაჩენი შეუცვალეს უვადო მძიმე კატორღით. თუმცაღა, მშობიარობა რთული იყო, გართულებებით და სამედიცინო დახმარების არარსებობის შედეგად. შვილის დაბადებიდან ოთხი თვის შემდეგ გელფმანი ციხეში გარდაიცვალა პერიტონიუმის ჩირქოვანი ანთებით, რომელიც განვითარდა მშობიარობის შემდგომი გართულების და მკურნალობის არ გაწევის შედეგად.[4] გელფმანის გარდაცვალებამდე ექვსი დღით ადრე, 1882 წლის 25 იანვარს, მისი შვილი ბავშვთა სახლში მოათავსეს, სადაც ის გარდაიცვალა. მან ერთ წლამდეც კი ვერ მიაღწია.[5]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Иохельсон В., Кантор Р. Геся Гельфманდაარქივებული 2016-02-04 საიტზე Wayback Machine. . Материалы для биографии и характеристики. — Пг.-М., 1922.
- Кантор Р. М. Г. М. Гельфман. — М., 1930.
- Суд над цареубийцами. Дело 1-го марта 1881 года. Под редакцией В. В. Разбегаева. Tт. 1 и 2. — СПб.: Изд. им. Н. И. Новикова, 2014. — ISBN 978-5-87991-110-7 ; ISBN 978-5-87991-112-1
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Владимир Иохельсон «Геся Мироновна Гельфман»[მკვდარი ბმული]
- ↑ Международная библиотека (1883): Мозырская мещанка Геся Мироновна Гельфман, 22 лет
- ↑ Кошель П. А., История сыска в России, ტ. 1, Мн.: Литература, 1996. — გვ. 640, ISBN 985-437-143-3.
- ↑ Петропавловская крепость (1871—1900 годы). Трубецкой бастион
- ↑ Ребёнок № А-824 დაარქივებული 2012-03-07 საიტზე Wayback Machine. lechaim.ru, июнь 1999
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - მარტი 2025
- დაბადებული 30 ნოემბერი
- დაბადებული 1855
- გარდაცვლილი 13 თებერვალი
- გარდაცვლილი 1882
- სანქტ-პეტერბურგში გარდაცვლილები
- ქალები აზიაში
- ქალები
- ქალები ეროვნებისა და საუკუნის მიხედვით
- რუსები პერიოდის მიხედვით
- რუსები პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით
- სიკვდილით დასჯილი ადამიანები