გერის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გერის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ გერში, მაღალ მთაზე. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში, მოგვიანებით შეკეთებული.

დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის თლილი ქვით. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია ბრტყელი, ნაცრისფერი ქვით. წყობა შერეულია. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით კოლოფა აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. აბსიდს ჩრდილოეთით ერთი ფართო თაღოვანი, ხოლო სამხრეთით - ორი სწორკუთხა ნიშა აქვს; აქედან ერთ-ერთი უფრო ღრმაა. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვაა. კონქი ნახევარსფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ერთსაფეხურიანი სოლეაა.

ეკლესიის კამარა შეისრულია. ჩრდილოეთ კედელში მაღალი, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სამხრეთ კედლის წყობაში რამდენიმე მცირე ნიშაა მოთავსებული. ინტერიერი შებათქაშებულ-შელესილია. იატაკი მოგებულია სწორკუთხა ქვის ფილებით. დასავლეთი შესასვლელი შიგნით თაღოვანია, გარედან - არქიტრავული. კარი ნაოთხალია. სამხრეთის ფართო, თაღოვანი შესასვლელი მინაშენს უკავშირდება. მინაშენი გეგმით წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს, რომელსაც აღმოსავლეთით - შიგნით სწორკუთხედი, გარედან თაღოვანი სარკმელი აქვს. მინაშენში არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა.

დასავლეთ ფასადის წყობას ებჯინება ორსართულიანი სამრეკლო. სამრეკლოს თაღები ეყრდნობა მრგვალ კოლონებს, რომლებიც დაგვირგვინებულია მარტივპროფილიანი კაპიტელებით. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, ოდნავ მარცხნივ, ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. მინაშენის აღმოსავლეთ სარკმელს კარგად თლილი ქვები აჩარჩოებს. ეკლესიის კარნიზი თარო ლავგარდანია. საბურავად გამოყენებულია თუნუქი. ეკლესიასთან მისასვლელი აღმოსავლეთიდანაა. ფართო კლდეკარი მასიურ ლოდებს ეყრდნობა. გარშემო შეინიშნება გალავნის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 43-45

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]