გერგეტის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გერგეტი.
გერგეტის სამება
Khevi, Georgia — View of Gergeti Trinity Church.jpg

გერგეტის სამების ეკლესია

გერგეტის სამების ეკლესია (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°39′45″ ჩ. გ. 44°37′13″ ა. გ. / 42.66250° ჩ. გ. 44.62028° ა. გ. / 42.66250; 44.62028
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია მცხეთა-მთიანეთის მხარე
რაიონი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა გერგეტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება XIV საუკუნე

გერგეტის სამება — ხუროთმოძღვრული კომპლექსი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე). გერგეტის სამება ეროვნული მნიშვნელობის ძეგლადაა მიჩნეული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით ხევში იმოგზაურა ანდრია მოციქულმა, რომელმაც გერგეტში აღმართა ჯვარი.[1][2]გერგეტში ჯვარი აღმართა ასევე წმინდა ნინომ, რომელმაც ასევე იქადაგა ხევში. გადმოცემის მიხედვით ტაძრის აშენება უკავშირდება ვახტანგ გორგასალს.[3][4]ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, ის აშენებული უნდა იყოს XIV საუკუნის 30-იან წლებში.[5]სამშენებლო ქვა მოჰქონდათ ორი კილომეტრის დაშორებით სოფელ ღეჭიდან. ტაძარი XIV საუკუნეში ფერისცვალების სახელზე იყო აგებული.

გერგეტის სამება და მასთან არსებული მონასტერი მოხსენიებულია 1392 წლით დათარიღებულ სითარხნის გუჯარში. ამავე გუჯარში გერგეტის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია „ციხე გერგეტაული“.[6]

ბაგრატ V-მ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „საყდრისშვილებად“ ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. ვახუშტი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად. გერგეტში იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“ – დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევის და აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ.

რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ ზეთის საღებავით გადახატა ტაძრის ინტერიერი. 1966 წელს სოფელი გერგეტი დაბა ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.[7]2006 წელს კანკელის ნალესობის ქვეშ გამოჩნდა ტაძრის მხატვრობა, რომელიც XVI საუკუნით დათარიღდა. გამოჩნდა ღვთისმშობლის, მაცხოვრის, იოანე ნათლისმცემლისა და წმ. ნინოს გამოსახულებები.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის გეგმა მარტივია. მას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის მკლავებსშორისი მონაკვეთის შევსებით მიღებულია კვადრატთან დაახლოებული სწორკუთხედი. ტაძრის გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კედლებსა და თავისუფლად მდგარ 2 ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები და გუმბათის ყელი, აგრეთვე ორსართულიანი სამრეკლოს ფასადებიც მოჩუქურთმებულია. ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა ხევის უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა. საბჭეო XV საუკუნის ბოლოს ან XVI საუკუნის დასაწყისში არის აშენებული. საბჭეოში იდგა ქვის გრძელი „სასხდომი ყადები“ და აქ იმართებოდა სათემო ყრილობები, სახალხო სასამართლოები, აქვე ინახებოდა სათემო დროშა ორყუში. ამ დროშაზე დებდნენ მეთემეები ერთგულების ფიცს.[8]

ხატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამებაში ინახებოდა კუბოს კარად წოდებული კარის ფორმის ორი ხატი. ხატები ფიცარზე იყო ნახატი და ვერცხლის პერანგით შემოსილი ერთ მათგანს ეწოდებოდა საავდრო და მასზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი, ხარება, შობა, მირქმა და ნათლისღება. ხოლო მეორეზე, სადაროზე, გამოსახული იყო ჯვარცმა, წმ. სამება, აღდგომა, თომას გვერდის განხილვა, ლაზარეს აღდგინება და ქრისტეს შესვლა იერუსალიმში. ავდრისას გამოჰქნდათ სადარო ხატი, ხოლო გვალვისას გაჰქონდათ საავდრო და წყაროს წყალში ბანდნენ.[9]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Kazbegi Tsminda Sameba.jpg

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 98, თბ., 1978 წელი.
  • ოქროპირიძე, ასმათ (2013). გერგეტის სამების სახისმეტყველებისათვის. „ლოგოსი“, გვ. 107. 
  • სანიკიძე, თამაზ (1975). „გერგეტი“. „მეცნიერება“. 
  • შარაშიძე, ქრისტინე (1954). გერგეტის სამების „მატიანე მოსახსენებელი სულთა“, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისთვის, გვ. 245-246. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თეიმურაზ ბატონიშვილი, „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ გვ. 143 — სანქტ-პეტერბურგი, სამეცნიერო აკადემიის სტამბა, 1848
  2. ითონიშვილი ვ. „ხევის ტოპონიმიკა“ გვ. 130 — თბილისი, „მეცნიერება“, 1971
  3. ბედოშვილი გ. ჟურნალი „მწყემსი“ N22 გვ. 6 — 1898 წ.
  4. ღუდუშაური ბ.. გაზეთი „ივერია“ N224 გვ. 3 — 1898 წ.
  5. ბერიძე ვ., „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება“ გვ. 169 — თბილისი, „ხელოვნება“ 1974
  6. დოლიძე ი., „ქართული სამართლის ძეგლები“ ტ.III გვ. 178 — თბილისი, „მეცნიერება“ 1970
  7. გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი
  8. ხარაძე რ., „თემური მმართველობის გადმონაშთები ხევში“ ისტორიის ინსტიტუტის შრომები“ ტ.IV ნაკვ. 2 გვ. 174 — თბილისი, 1959
  9. მაკალათია ს., „ხევი“ გვ. 222-223 — ტფილისი, 1934