შინაარსზე გადასვლა

გეორგ ლუკაჩი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეორგ ლუკაჩი სეგედიდან , იგივე გეორგ ლუკაჩი ( ნამდვილი სახელი: გეორგ ბერნარტ ლიოვინგერი ) დაიბადა 1886 წლის 13 აპრილს, გარდაიცვალა 1971 წლის 4 ივნისს. იყო უნგრელი მარქსისტი ფილოსოფოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი. დასავლური მარქსიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი. ლუკაჩის სახელთანაა დაკავშირებული „განივთების“, „კლასობრივი ცნობიერების“, „კონკრეტული ტოტალობის“ ცნებების შემოტანა და განვითარება. ლუკაჩი ასევე ითვლება „კრიტიკული რეალიზმის“ შემქმნელად ლიტერატურის თეორიაში. გეორგ ლუკაჩი გახლდათ განათლების და კულტურის კომისარი უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობის დროს, სადაც მას მცირე ხნით მუშაობა მოუწია, რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობის პერიოდში.

ადრეული წლები და პრე-მარქსისტული პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეორგ ლუკაჩი, იოზეფ ლუკაჩის და ადელ ვერტჰაიმერის მეორე ვაჟი, 1885 წელს დაიბადა. მისი უფროსი ძმა იანოსი (1884-1944) ნაცისტებმა მოკლეს, ჰყავდა უმცროსი და მარია (1887-1980) და უმცროსი ძმა პალი, რომელიც სამი წლის ასაკში მოკვდა(1889-1892).

მის ბაბუას, იაკობ ლიოვინგერს, წვრილ ხელოსანს, არ შეეძლო განათლება მიეცა შვილებისთვის, ამიტომ ლუკაჩების მამამ სკოლა თოთხმეტი წლის ასაკში მიატოვა, 1869 წელს. ლუკაჩის მამამ სეგედის ბანკში გააგრძელა მუშაობა შეგირდად. მისმა ტალანტმა და შრომამ თვრამეტი წლის ასაკში ინგლისურ-უნგრული ბანკის მთავარ კორესპონდენტობამდე მიიყვანა. ოცდაერთი წლის ასაკში ის იკავებს მნიშვნელოვან თანამდებობას მთავარ უნგრულ საკრედიტო ბანკში, ხოლო ოცდახუთი წლის ასაკში - ინგლისურ-უგრული ბანკის დირექტორის პოზიციას. 1906 წელს ის უბრუნდება უნგრულ მთავარ ბანკს, როგორც მმართველი დირექტორი, სადაც 1919[1] წლამდე რჩება, სანამ არ გაათავისუფლებენ თანამდებობიდან შვილის რევოლუციაში მონაწილეობის გამო. ქორწინებამდე (1983) იცვლის გვარს და ლუკაჩი ხდება , ხოლო 1899 წლის 1 მაისს იღებს კეთილშობილის სტატუსს, როგორც იოზეფ „სეგედი ლუკაჩი“. გეორგ ლუკაჩი ადრეულ გერმანულ ტექსტებს ხელს აწერს, როგორც „Georg von Lukacs”.[2]

ლუკაჩის დედა დაიბადა ბუდაპეშტში და აღიზარდა ვენაში, უნგრული კი მხოლოდ დაქორწინების შემდგომ შეისწავლა. ლუკაჩების ოჯახის სასაუბრო ენა ყოველთვის გერმანული რჩებოდა, რამაც ხელი შეუწყო ლუკაჩს, გერმანული ლიტერატურა და ფილოსოფია ადრეულ ეტაპზე შეეცნო. 1902 -1906 წლებში გეორგ ლუკაჩი, მამამისის სურვილის თანახმად, სწავლობს იურისპრუდენციას ბუდაპეშტის უნივერსიტეტში და 1906 წელს ხდება სამართლის დოქტორი კოლოცვარის უნივერსიტეტში (დღევანდელი კლუჟი).

ლუკაჩმა პირველი სტატიები თეატრის შესახებ დაწერა. 1902-1903 წლებში ახალგაზრდა ლუკაჩი წერს ხუთ დრამას ჰენრიკ იბსენის და გერჰარტ ჰაუპტმანის მოდელის მიხედვით, რომელიც შემდგომ დაწვა და ცხოვრების განმავლობაში კრეატიულ პრაქტიკულ ლიტერატურას აღარ გაჰკარებია. 1904 წელს ორ მეგობართან, ლასლო ბანოშსა და შანდორ ჰევეშთან ერთად, ის აყალიბებს თეატრალურ ჯგუფს „თალია“. ბანოშისა და მისი მამის გავლენით ლუკაჩი უღრმავდება ფილოსოფიას, სისტემურად ამუშავებს კანტის, შემდგომ დილთაის და ზიმელის შრომებს. პირველი ორიგინალური ესე მომავალი ფილოსოფოსის შემოქმედებაში- „დრამის ფორმა“, გამოქვეყნდა ადგილობრივ გაზეთში „ოთხშაბათი“. პოლიტიკური ხედვით, ცხოვრების ამ პერიოდში, ლუკაჩი კონსერვატიული ისტებლიშმენტის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ფილოსოფიაში რადიკალურად უპირისპირდებოდა ანგლო - ფრანგულ პოზიტივიზმს.

1909 წელს ლუკაჩი იღებს ფილოსოფიის დოქტორის წოდებას ბუდაპეშტის უნივერსიტეტში (მოგვიანებით, 1920-იან წლებში, ჰორტის რეჟიმის დროს მოხდა მისი დოქტორის სტატუსის ანულირება). ამავე პერიოდში ის ხვდება ახალგაზრდობის დროინდელ მეგობარს ბელა ბალაშს. ბერლინის უნივერსიტეტში ესწრება გეორგ ზიმელის ლექციებს და ხდება მისი ერთერთი ყველაზე საყვარელი მოწაფე, რეგულარულად მონაწილეობს კერძო სემინარებში, რომლებიც ზიმელის სახლში იმართებოდა. ლუკაჩი ხვდება და უახლოვდება ერნსტ ბლოხს, რომელიც პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ახალგაზრდა ლუკაჩის ფილოსოფიურ განვითარებაზე.

1909 წელს ლუკაჩი იღებს ფილოსოფიის დოქტორის წოდებას ბუდაპეშტის უნივერსიტეტში (მოგვიანებით, 1920-იან წლებში, ჰორტის რეჟიმის დროს მოხდა მისი დოქტორის სტატუსის ანულირება). ამავე პერიოდში ის ხვდება ახალგაზრდობის დროინდელ მეგობარს ბელა ბალაშს. ბერლინის უნივერსიტეტში ესწრება გეორგ ზიმელის ლექციებს და ხდება მისი ერთერთი ყველაზე საყვარელი მოწაფე , რეგულარულად მონაწილეობს კერძო სემინარებში, რომლებიც ზიმელის სახლში იმართებოდა. ლუკაჩი ხვდება და უახლოვდება ერნსტ ბლოხს, რომელიც პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ახალგაზრდა ლუკაჩის ფილოსოფიურ განვითარებაზე.

„სული და ფორმებში“ ჩანს ახალგაზრდა ლუკაჩის ცხოვრებისეული გამოცდილება და ტრაგიკული სიყვარულის ისტორია ირმა ზეიდლერთან, რომელმაც სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. მოგვიანებით, თავად ლუკაჩი იხსენებს ირმა ზაიდლერის ცენტრალურ როლს მის ცხოვრებასა და აკადემიურ საქმიანობაში. ასაკოვანი ფილოსოფოსის თქმით, „ სული და ფორმებში“ კირკეგორის უბედური სიყვარულის ისტორია რეჯინა ოლსენთან, ირმა ზაიდლერის ხსოვნას ეძღვნება, რომ ის იყო ინსპირაცია, თუმცა ამის გააზრების გარეშე. ირმა ზაიდლერთან ურთიერთობის წარუმატებლობა, ლუკაჩის თქმით, მან ქორწინებაზე უარი საკუთარი დამოუკიდებელი და პროდუქტიული ცხოვრების უზრუნველყოფის გამო თქვა. ირმა ზაიდლერისადმი მიწერილ წერილში, 1908 წლის 23 მარტს, ლუკაჩი ირმა ზაიდლერს მიუთითებს: „ არიან ისინი, ვისაც ესმით ჩემი, მაგრამ ჯერ არ არსებობენ, მაგრამ არიან ისინი, ვინც არსებობენ, მაგრამ არ ესმით ჩემი... თქვენ, მადამ, გაგიჭირდებათ ამის გაგება ამიტომ, გულწრფელად გისურვებთ ბედნიერებას ცხოვრებაში, და მოხარული ვარ, რომ თქვენ ჩემი არ გესმით. მართლაც ძნელად თუ ველოდები თქვენგან, სულიერად გაიგოთ ჩემი სულიერი მდგომარეობა.“ ლუკაჩის წარმოებულ დღიურში, რომელიც 1910 დან 1911-მდე პერიოდით თარიღდება და რომელსაც მხოლოდ ლუკაჩის სიკვდილის შემდგომ მიაკვლიეს, მოთხრობილია ავტორის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის და სუიციდური განწყობილებების შესახებ, რომელიც მასში ირმა ზაიდლერთან დაშორებამ გამოიწვია.

1912 წელს, ჰაიდელბერგში ჩასვლისას, ლუკაჩი ეცნობა მაქს ვებერს და ემილ ლასკს და შემდგომ მათი ახლო მეგობარიც ხდება. ლუკაჩი ასევე ხვდება ტიონისს, გუნდოლფს და აკადემიის სხვა ცნობილ წამომადგენლებს, უყალიბდება ურთიერთობა ვებერის „ჰაიდელბერგის წრესთან“, რომელიც გამოირჩეოდა ანტიკაპიტალიზმის რომანტიული კრიტიკით. ამ პერიოდში ის ესწრება ცნობილი ნეო-კანტიანელების, ვილდენბანდისა და რიკერტის ლექციებს, რაც დიდ გავლენას ახდენს ლუკაჩის შემდგომ თეორიულ პოზიციებზე. 1913 წლიდან ლუკაჩი ბუდაპეშტში კარლ მანჰაიმთან და სხვა უნგრელ ინტელექტუალებთან ერთად აარსებს წრეს სახელად „ კვირა დღის წრე“. 1914 წელს უნგრელი ფილოსოფოსი ქორწინდება რუს პოლიტიკურ აქტივისტზე ( მსჯავდებულ ტერორისტზე) ელენა გრაბენკოზე, მათმა ოჯახურმა კავშირმა 1917 წლამდე გასტანა.

1916 წელს ქვეყნდება ლუკაჩის პრე-მარქსისტული პერიოდის ყველაზე ცნობილი ნაშრომი „რომანის თეორია“, რომელიც უკვე აღარ არის სუბიექტურ კატეგორიებით მოცული, არამედ ტექსტში იგრძნობა ჰეგელიანური ობიექტური იდეალიზმის მზარდი გავლენა. აღსანიშნავია, რომ ლუკაჩის თავდაპირველი ვერსიით, „რომანის თეორია“ უნდა ყოფილიყო ერთგვარი შესავლი ჰაიდელბერგში მისი ჰაბილიტაციის ნაშრომისთვის, რომელიც დოსტოევსკიზე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, საბოოლოოდ ეს იდეა არ განხორციელდა. ხანგაზმული ლუკაჩი მისი ცხოვრების ამ პერიოდის და ნაშრომის შეფასებისას, იხსენებს, რომ „რომანის თეორია“ იყო დილთაის, ზიმელის, მაქს ვებერის და მთელ ამ სკოლის ტენდენციის ტიპური პროდუქტი. როგორც თავად თვლის, ამ მცირე ზომის ნაშრომის დაწერის მთავარი მოტივი მისთვის პირველი მსოფლიო ომის დაწყება გახდა. ლუკაჩი ეწინააღმდეგებოდა ომსა და მის გარშემო დატრიალებულ მთელ ენთუზიაზმს.

უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკა და ვენაში გაქცევა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წელს, მისი ბევრი მეგობრის გასაკვირად, ლუკაჩი უნგრეთის კომუნისტური პარტიის წევრი ხდება, რომელიც თორმეტი დღით ადრე დაფუძნდა ბუდაპეშტში. ლუკაჩი, როგორც პარტიის ერთ-ერთი წამყვანი მოაზროვნე, თანდათან უფრო ერთვება ყოველდღიურ პოლიტიკაში: 1919 წლის რევოლუციის შემდგომ ის ხდება სახალხო კომისარი, ხოლო შემდგომ -საჯარო განათლების კომისარი ბელა კუნის მთავრობაში. ლუკაჩი ასევე მსახურობდა პოლიტიკურ კომისრად უნგრეთის წითელ არმიაში. ამ პოზიციაზე ყოფნის დროს, მან გასცა რვა ჯარისკაცის სიკვდილით დასჯის ბრძანება, რომელსაც მოგვიანებით ინტერვიუში ადასტურებს.[2]

უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკის მარცხის შემდგომ, კუნის ბრძანებით, ლუკაჩი და ოტო კორვინი უნდა დარჩენილიყვნენ უნგრეთში, მაშინ, როდესაც პარტიის ლიდერები ევაკუაციაში წავიდოდნენ. ლუკაჩის და კორვინის საიდუმლო მისია კომუნისტური მოძრაობის რეორგანიზაციაში მდგომარებდა, რომელიც, საბოლოოდ ვერ განხორციელდა. კორვინის შეპყრობის შემდეგ ( 1920წელს სიკვდილის დასაჯეს ) ლუკაჩს მოუწია უნგრეთიდან ვენაში გაქცევა. ვენაში ლუკაჩი დააპატიმრეს, თუმცა, როგორც ცნობილია, ის ექსტრადიციისგან ინტელექტუალთა წრემ დაიხსნა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ბერლინის ყოველდღიური გაზეთის მიმართვას- „გადავარჩინოთ გეორგ ლუკაჩი“, მათ შორის იყვნენ ცნობილი მწერლები თომას და ჰაინრიხ მანები.[2] საბოლოოდ, ავსტრიის მთავრობამ ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.

სწორედ ვენაში ქორწინდება ლუკაჩი თავის მეორე ცოლზე გერტრუდვ ბორტშტიებერზე, უნგრეთის კომუნისტური პარტიის წევრზე. ვენაში ცხოვრების პერიოდში ის ხვდება სხვა ევროპელ გამოჩენილ კომუნისტებს, მათ შორს ვიქტორ სერჟს, ადოლფ იოფეს და ანტონიო გრამშის. ამ პერიოდშივე იწყება ლუკაჩის ფილოსოფიაში ლენინისტური იდეების განვითარება. და სწორედ ამ დროს ჩნდება გეორგ ლუკაჩის მაგნუმ ოპუსი „ისტორია და კლასობრივი ცნობიერება“. თუმცა მანამდე, 1920 წელს იწერება ესე „პარლამენტარიზმის შესახებ“, რომელიც გააკრიტიკა ვლადიმერ ლენინმა თავის ნაშრომში „მემარცხენეობის საყმაწვილო სენი კომუნიზმში“, ლუკაჩის მემარცხენეობის გამო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჰორტის რეჟიმმა დაიწყო აგენტების მეშვეობით ვენაში უნგრელი ემიგრანტების მოტაცება. ამ პერიოდში ლუკაჩი სიფრთხილის გამო ატარებდა პისტოლეტს, რომელიც 1933 წელს მდინარეში მოისროლა, ვიდრე ნაცისტები მის ბინას გაჩხრეკდნენ. ეს იყო ფილოსოფოსის ცხოვრებაში უკანასკნელი ცეცხლსასროლი იარაღი.“ [3]

„ისტორია და კლასობრივი ცნობიერება„ და მისი კრიტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეორგ ლუკაჩის „ისტორია და კლასობრივი ცნობიერება„ მარქსიზმის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნაშრომად არის მიჩნეული. ის 1923 წელს გამოვიდა და, წარმოადგენს 1919 წლიდან 1923 წლამდე დაწერილ ესეების კრებულს. „ისტორია და კლასობრივი ცნობიერება“, კარლ კორშის „მარქსიზმი და ფილოსოფიასთან“ ერთად, რომელიც იმავე წელს გამოქვეყნდა, „დასავლურ მარქსიზმად“ წოდებული მიმდინარეობის საკვანძო და ამოსავალ ტექსტებად ითვლება. ამასთან, ლუკაჩის ეს ნაშრომი ასევე, ჰეტეროდოქსული მარქსიზმის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტადაც მიიჩნევა.

მოცემულ ტექსტში განხილულია როგორც ფილოსოფიური, ასევე პოლიტიკური და სოციოლოგიური პრობლემები. „ისტორია და კლასობრივი ცნობიერება“ შემდეგი ესეებისგან შედგება: „რა არის ორთოდოქსული მარქსიზმი“, „როზა ლუქსემბურგის მარქსიზმი“, „კლასობრივი ცნობიერება“, „რეიფიკაცია და პროლეტარიატის კლასობრივი ცნობიერება“, „ისტორიული მატერიალიზმის ფუნქციის ცვლილება“, „ლეგალურობა და არალეგალურობა“, „კრიტიკული დაკვირვება როზა ლუქსემბურგის „რუსული რევოლუციის კრიტიკაზე“, „მეთოდოლოგიური შენიშვნები ორგანიზაციულ საკითხებზე“. თუმცა ყველაზე ცნობილ ესეებად მათ შორის, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ითვლება „რა არის ორთოდოქსული მარქსიზმი“ და „რეიფიკაცია და პროლეტარიატის კლასობრივი ცნობიერება.“

მთლიანი ნაშრომის ერთ-ერთ მთავარი აკადემიური მცდელობა გახლდათ კარლ მარქსზე გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის ზეგავლენის ხელახალი ჩვენება, რომელიც მეორე ინტერნაციონალის ბელადებმა და ინტელექტუალებმა უარყვეს. მარქსიზმში ჰეგელის როლის ხელახალი შემოტანა სწორედ ლუკაჩთან არის ასოცირებული, თუ ლენინის „ფილოსოფიურ დღიურებს“ არ ჩავთვლით, რომელიც ავტორის სიკვდილის შემდგომ გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, ლუკაჩს სწორედ „ისტორია და კლასობრივ ცნობიერებაში“ შემოაქვს რამდენიმე საკითხი და ცნება, რომლებიც, შემდგომში, ცენტრალური მნიშვნელობას იძენს მარქსიზმის მომავალი თაობის წარმომადგენლებისა და სხვა კრიტიკული თეორეტიკოსებისთვის. „რა არის ორთოდოქსული მარქსიზმის?“ მთავარ თეზისს წარმოადგენს მარქსიზმში მეთოდის პირველადობა, ცალკეულ თუ ზოგად შედეგებთან შედარებით, რომელიც მაგალითად, მარქსთან გვხვდება.[4] ლუკაჩი მთლიან ტექსტში მთავარ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ცნებას:, კონკრეტულ ტოტალობასა და განივთებას ( Verdinglichung), რომელიც კაპიტალიზმის მთავარ შინაგან ბრძოლას გამოხატავს. მთლიანად ნაშრომის ყველაზე წინააღმდეგობრივი ნაწილი, პროლეტარიატის, როგორც სუბიექტ-ობიექტის წარმოჩენა გახლავთ.

უნდა ითქვას ისიც, რომ ნაშრომი წარმოადგენს ლენინიზმის ფილოსოფიურ გამართლებას და ამასთან, მარქსსა და ენგელსს შორის განსხვავებების ჩვენებას, საკითხისა, რომელიც „დასავლური მარქსიზმის“ და „საბჭოური მარქსიზმის“ ერთ-ერთ მთავარ განმასხვავებელ ნიშნად იქცა. ლუკაჩის კრიტიკის ერთ-ერთ მთავარ ობიექტად იქცა „ანტი-დიურინგში“ ენგელსისეული ბუნების დიალექტიკის წაკითხვა, რომელიც დიალექტიკურობის ნაცვლად უფრო პოზიტიურ ხასიათს ატარებდა.[5] მსგავსი წაკითხვა, მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოელ მარქსისტებში. განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩა რუსი მარქსისტი ფილოსოფოსი, პლეხანოვის მოწაფე აბრამ მოისევიჩ დებორინი, რომელმაც ლუკაჩს იდეალისტური ფილოსოფიის მიმდევარი უწოდა.[6] ლუკაჩის წინააღმდეგ წავიდა ასევე უნგრელი კომუნისტი ლასლო რუდაში, რომელმაც ლუკაჩი რევიზიონიზმში ამხილა.[7] 1924 წლის მეხუთე კომინტერნის კონგრესზე, მაშინდელმა აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ზინოვიევმა, ნაშრომი დაგმო და მარქსიზმზე სახიფათო რევიზიონისტულ შეტევად გამოაცხადა. მსგავს მოსაზრებას დაეთანხმა ბუხარინიც.[7] ლუკაჩის კრიტიკა გაისმა მარქსიზმის მეორე ფლანგიდან, კარლ კაუცკის მხრიდან, გაზეთ „გეზელშაფტში“, 1924 წელს. „ისტორია და კლასობრივი ცნობიერება“ გახდა ლუკაჩის თვითკრიტიკის ობიექტიც. 1933 წელს ლუკაჩმა ნაშრომს მცდარი და რეაქციული უწოდა. 17 მოგვიანებით, ასაკოვანი ლუკაჩი, ნაშრომის მთავარ მიღწევად ტოტალობის კატეგორიის ხელახალ ჩვენებას თვლიდა , რომელიც მარქსის ნაშრომებიდან „საენტიზმის“ სახელით განიდევნა. 18

  1. „György Lukács“. Benét's Reader's Encyclopedia (3rd ed.). Harper & Row. 1987. p. 588.
  2. 2.0 2.1 2.2 Leszek Kołakowski ([1981], 2008), Main Currents of Marxism, Vol. 3: The Breakdown, W. W. Norton & Company, Ch VII: "György Lukács: Reason in the Service of Dogma", W.W. Norton & Co.
  3. Raddatz, Fritz J. (1972). Georg Lukács in Personal Testimonies and Photo documents. Hamburg. 
  4. Lunching under the Goya. Jewish Collectors in Budapest at the Beginning of the Twentieth Century, Konstantin Akinsha, Quest. Issues in Contemporary Jewish History
  5. Júlia Bendl, "Lukács György élete a századfordulótól 1918-ig" დაარქივებული 13 February 2012 საიტზე Wayback Machine. , 1994 (Hungarian)
  6. L. Ferenc Lendvai, A fiatal Lukács: utja Marxhoz, 1902–1918, Argumentum, 2008, p. 46; István Hermann, Georg Lukács: sein Leben und Wirken, Böhlau, 1986, p. 44.
  7. 7.0 7.1 Kołakowski, Leszek (2005). Main Currents of Marxism. London: W. W. Norton & Company, გვ. 991. ISBN 978-0-393-32943-8.