გეომეტრიის განვითარების პერიოდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გეომეტრია (ბერძ. ge — მიწა, ბერძ. metrein — გაზომვა) — მათემატიკის დარგი, რომელიც სივრცობრივ გამზომილებებსა და მათ განზოგადოებებს შეისწავლის. თავდაპირველად გამოიყენებოდა, როგორც მეცნიერება ფიგურებზე, მათ ურთიერთგანლაგებასა და სიდიდეებზე. თუმცა თანამედროვე გეომეტრია ამ საზღვრებს გასცდა.

გეომეტრიის სამშობლოდ ითვლება ძველი ბაბილონი და ეგვიპტე. გეომეტრიის განვითარება შეიძლება დაიყოს ოთხ პერიოდად, რომელთა შორის საზღვრების გავლება შეუძლებელია წლების მიხედვით.

1) პირველი პერიოდი — გეომეტრიის ჩასახვის პერიოდია. ის მოიცავს პერიოდს უძველესი დროიდან ძვ. წ.-ით V საუკუნემდე და დაკავშირებულია ძველ ეგვიპტეში, ბაბილონსა და საბერძნეთში მიწათზომის კულტურის განვითარებასთან.

2) ძვ. წ.-ით VII საუკუნიდან იწყება გეომეტრიის განვითარების მეორე პერიოდი — სადაც ყველა წინადადება მტკიცდებოდა. ამ დროისთვის ძველ საბერძნეთში უკვე ცნობილი იყო თალესის თეორემა; პითაგორა ხსნის ირაციონალურ რიცხვებს, ამტკიცებს თეორემას, რომელიც მისსავე სახელს ატარებს; ჰიპოკრატე ქიოსელმა წარმოადგინა სისტემატიური გეომეტრია (გეომეტრიის „ელემენტები“) და დაადგინა მთვარის ფართობი. პლატონმა და მისმა მოსწავლემ, არისტოტელემ, საფუძველი ჩაუყარეს აქსიომებს. ამგვარად გეომეტრიამ საბერძნეთში განვითარების იმ ფაზას მიაღწია, რომ საჭირო გახდა მისი სისტემატიზირება. ასეთი სისტემატიზატორი იყო ევკლიდე, რომელიც ავტორია 13-ტომიანი ნაშრომისა „საწყისები“. ევკლიდეს შემდეგ საბერძნეთში გამოირჩეოდნენ არქიმედე, ერატოსთენე, აპოლონიოს პერგელი და სხვა, რომლებმაც გაამდიდრეს გეომეტრია თავიანთი აღმოჩენებით.

3) XVII საუკუნის პირველ ნახევარში იწყება გეომეტრიის განვითარების მესამე პერიოდი — ანალიტიკური გეომეტრიის ჩასახვა, რომლის შემქმნელებადაც რენე დეკარტი და პიერ დე ფერმა ითვლებიან. ანალიტიკური გეომეტრია დაყრდნობილია კოორდინატთა მეთოდზე. ამ პერიოდში აღსანიშნავია ლეონარდ ეილერის, ბლეზ პასკალის, გასპარ მონჟისა და ჟერარ დეზარგის მოღვაწეობა.

4) გეომეტრიის განვითარების მეოთხე პერიოდის დაწყება დაკავშირებულია არაევკლიდური გეომეტრიის შექმნასთან, რომელშიც აღსანიშნავია ლობაჩევსკისა და იანოშ ბოიაის ნაშრომები. ამასთან დაკავშირებით პირველად ნაშრომი გამოაქვეყნა ლობაჩევსკიმ 1926 წელს, მოგვიანებით ბოიამ 1932 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]