გეოეკოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წიფლის ტყე. ბუნებრივი გარემო

გეოეკოლოგია (ბერძნ. gē – მიწა, oikos – სახლი და logos – მოძღვრება) — ბუნებისმეტყველების ერთ-ერთი დარგი — კომპლექსური მეცნიერება, რომელიც იმყოფება ეკოლოგია-გეოგრაფიის მიჯნაზე. გეოეკოლოგიას საფუძველი ჩაუყარა გერმანელმა გეოგრაფმა კარლ ტროლმა, რომელმაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ეკოლოგიური და გეოგრაფიული გამოკვლევები ერთმანეთთან გააერთიანა და შექმნა მეცნიერება ბუნებრივი ეკოლოგიური სისტემების შესახებ. ტროლის მიხედვით, ტერმინები „გეოეკოლოგია“ და „ლანდშაფტების ეკოლოგია“ სინონიმებს წარმოადგენენ. გეოეკოლოგია დედამიწას არა მთლიანობაში, არამედ მისი გარსის შედარებით თხელ ფენას სწავლობს, სადაც ერთმანეთს კვეთენ გეოსფეროები და, სადაც ცხოვრობს და მოქმედებს ადამიანი. აღნიშნულ კომპლექსურ გარსს ყველაზე უფრო ეკოსფეროს ცნება შეესაბამება, თუმცა ჯერჯერობით საყოველთაოდ გავრცელებული ტერმინი იგი არ არის. უკანასკნელი არის გეოეკოლოგიის მთავარი ობიექტი.

გეოეკოლოგია არის დისციპლინათშორისი სამეცნიერო მიმართულება, რომელიც ეკოსფეროს შეისწავლის როგორც გეოსფეროების ურთიერთდაკავშირებულ სისტემას მის ინტეგრაციის პროცესს საზოგადოებასთან. გეოეკოლოგია სწორედ მაშინ შეიქმნა, როდესაც ადამიანის მოღვაწეობა გახდა არსებითი ფაქტორი დედამიწის გარდაქმნაში. იგი ეფუძნება გლობალურ, საერთაშორისო მიდგომას, თუმცა ამისდა მიუხედავად, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება რეგიონული და ლოკალური ხასიათის პრობლემებს.

საბჭოთა კავშირში ტერმინი „გეოეკოლოგია“ გაჩნდა 1970-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ტერმინი იხმარა ცნობილმა საბჭოთა ბოტანიკოსმა და ლანდშაფტმცოდნენ ვიქტორ სოჩავამ (1905–1978). XX საუკუნის ბოლოს გეოეკოლოგია ყალიბდება დამოუკიდებელ მეცნიერებად. აღსანიშნავია, რომ გეოეკოლოგიას დღემდე არ გააჩნია ზუსტი საყოველთაოდ აღიარებული საგანი და მიზნები.

ევროპის ზოგიერთი ქვეყნის უნივერსიტეტში გეოეკოლოგია ისწავლება როგორც მეცნიერება (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია და სხვ.). ინგლისურენოვან სამყაროში ტერმინი გეოეკოლოგია იშვიათად, შეუთავსებლად გამოიყენება.

ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში არსებობს გეომორფოლოგია-გეოეკოლოგის განყოფილება.

გეოეკოლოგიის მიმართულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეოეკოლოგიაში შეიძლება გამოიყოს 2 მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მიმართულება:

  1. გეოეკოლოგია განიხილება, როგორც გეოლოგიური გარემოს ეკოლოგია. ასეთი მიდგომით, გეოეკოლოგია შეისწავლის გეოლოგიური გარემოს კანონზომიერ კავშირებს დედამიწასთან, ჰიდროსფეროსთან, ბიოსფეროსთან. ამრიგად გეოეკოლოგია არის გეოლოგიის, გეოქიმიის, ბიოლოგიისა და ეკოლოოგიის მიჯნაზე მყოფი დისციპლინა.
  2. გეოეკოლოგია მეცნიერება, რომელიც შეისწავლის გეოგრაფიულ, ბიოლოგიურ და სოციალურ-საწარმოო სისტემების ურთიერთკავშირს. ასეთ შემთხვევაში გეოეკოლოგია შეისწავლის ბუნების მართვის ეკოლოგიურ ასპექტებს, ადამიანისა და ბუნების ურთიერთკავშირს. ასეთი გაგებით გეოეკოლოგია იმყოფება გეოგრაფია-ეკოლოგიის მიჯნაზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Голубев Г.Н. Геоэкология, М.: Изд-во ГЕОС, 1999. - 338 с.