გენოციდის კონვენცია
გენოციდის კონვენცია | |
|---|---|
კონვენცია გენოციდის დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის შესახებ | |
| ხელი მოეწერა | 9 დეკემბერი, 1948 |
| ადგილი | შაიოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთი |
| ძალაში შევიდა | 12 იანვარი, 1951 |
| ხელი მოაწერეს | 39 |
| მხარეები | 153 |
| მეანაბრე | გაეროს გენერალური მდივანი |
კონვენცია გენოციდის დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის შესახებ (CPPCG), ან უბრალოდ გენოციდის კონვენცია — საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც დანაშაულად აცხადებს გენოციდს და ავალდებულებს ხელშემკვრელ მხარეებს, აღასრულონ მისი აკრძალვა. ეს იყო პირველი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელმაც მოახდინა გენოციდის, როგორც დანაშაულის კოდიფიკაცია და პირველი ადამიანის უფლებათა ხელშეკრულება, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 9 დეკემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე სესიაზე.[1] კონვენცია ძალაში შევიდა 1951 წლის 12 იანვარს და ჰყავს 153 წევრი სახელმწიფო.[2]
გენოციდის კონვენცია დიდწილად შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შედეგად, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა ისეთ სასტიკ ქმედებებს, როგორიცაა ჰოლოკოსტი, რასაც მანამდე ადეკვატური აღწერა ან სამართლებრივი განმარტება აკლდა. პოლონელ-ებრაელი იურისტი, რაფაელ ლემკინი, რომელმაც 1944 წელს შემოიღო ტერმინი „გენოციდი“ ოკუპირებულ ევროპაში ნაცისტური პოლიტიკისა და სომხების გენოციდის აღსაწერად, იბრძოდა მისი აღიარებისთვის საერთაშორისო სამართლის დანაშაულად.[3] ლემკინმა ასევე დააკავშირა კოლონიალიზმი გენოციდთან და თავის ნაშრომებში ახსენა ევროპის გარეთ მომხდარი კოლონიური გენოციდები.[4] 1946 წლის რეზოლუციით, გენერალურმა ასამბლეამ გენოციდი აღიარა საერთაშორისო დანაშაულად და მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს სავალდებულო ხელშეკრულების შექმნისკენ მისი აღკვეთისა და დასჯის მიზნით.[5] გაეროს წევრ სახელმწიფოებს შორის შემდგომი დისკუსიებისა და მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ იქნა CPPCG.
კონვენცია გენოციდს განმარტავს, როგორც ხუთი ქმედებიდან ერთ-ერთს, რომელიც „ჩადენილია რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის, როგორც ასეთის, მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების განზრახვით“. ეს ხუთი ქმედება მოიცავს: ჯგუფის წევრების მკვლელობას, მათთვის სხეულის მძიმე დაზიანების ან ფსიქიკური ტრავმის მიყენებას, ჯგუფისათვის ცხოვრების ისეთი პირობების განზრახ შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს მის სრულ ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას, შობადობის აღკვეთას და ბავშვების იძულებით გადაცემას ერთი ჯგუფიდან მეორეში. მსხვერპლის სამიზნე ხდება მათი ჯგუფის რეალური ან აღქმული წევრობის გამო და არა შემთხვევით.[6] კონვენცია შემდგომში სჯის „თანამონაწილეობას, მცდელობას ან წაქეზებას მის ჩასადენად“. წევრ ქვეყნებს ეკრძალებათ გენოციდში მონაწილეობა და ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ აკრძალვის აღსრულება. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა, არიან ისინი კერძო პირები, სახელმწიფო მოხელეები თუ პოლიტიკური ლიდერები სუვერენული იმუნიტეტით.
CPPCG-მ გავლენა მოახდინა სამართალზე როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. გენოციდის მისეული განმარტება მიღებულ იქნა საერთაშორისო და ჰიბრიდული ტრიბუნალების მიერ, როგორიცაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი, და ინკორპორირებულია რამდენიმე ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივ სამართალში.[7] მისი დებულებები ფართოდ განიხილება როგორც ჩვეულებითი სამართლის ნაწილი და, შესაბამისად, სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსთვის, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ხელშეკრულების მხარეები. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) ასევე დაადგინა, რომ კონვენციის საფუძვლად არსებული პრინციპები წარმოადგენს jus cogens ნორმას, რომლისგანაც არცერთ სახელმწიფოს არცერთ შეთხვევაში არ შეუძლია გადახვევა.[8] გენოციდის კონვენცია ითვალისწინებს ICJ-ის სავალდებულო იურისდიქციას დავების გადასაჭრელად, რამაც გამოიწვია ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი პროცესები, როგორიცაა როჰინჯების გენოციდის საქმე, დავა უკრაინაში რუსეთის 2022 წლის შეჭრასთან დაკავშირებით და ღაზის გენოციდის საქმე სამხრეთ აფრიკასა და ისრაელს შორის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Moses, A. Dirk (2008) „Empire, Colony, Genocide: Keywords and the Philosophy of History“, Empire, Colony, Genocide: Conquest, Occupation, and Subaltern Resistance in World History. Berghahn Books, გვ. 3–54. ISBN 978-1-84545-452-4.
- UN Office of the High Commissioner for Human Rights. (15 June 2016) They Came to Destroy: ISIS Crimes Against the Yazidis. U.N. Doc. A/HRC/32/CRP.2.
- Tams, Christian J.; Berster, Lars; Schiffbauer, Björn (2024). The Genocide Convention – Article-by-Article Commentary, 2nd edition. C.H. Beck / Nomos / Hart Publishing, ISBN 978-3-406-81272-9
- Henham, Ralph J.; Chalfont, Paul; Behrens, Paul (Editors 2007). The criminal law of genocide: international, comparative and contextual aspects, Ashgate Publishing, Ltd., ISBN 0-7546-4898-2, ISBN 978-0-7546-4898-7 p. 98
- Weiss-Wendt, Anton (2017) The Soviet Union and the Gutting of the UN Genocide Convention (en). Madison: University of Wisconsin Press. ISBN 978-0-299-31290-9.
- Introductory note by William Schabas and procedural history note on the Genocide Convention in the Historic Archives of the United Nations Audiovisual Library of International Law
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Convention on the Prevention and Punishment of the Crime of Genocide (9 December 1948). ციტირების თარიღი: 18 April 2022
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Convention on the Prevention and Punishment of the Crime of Genocide. United Nations Audiovisual Library of International Law. ციტირების თარიღი: 2020-01-05
- ↑ United Nations Treaty Collection EN. ციტირების თარიღი: 2024-06-26
- ↑ Auron, Yair, The Banality of Denial, (Transaction Publishers, 2004), 9.
- ↑ Moses 2008, p. 8–9: "Extra-European colonial cases also featured prominently in this projected global history of genocide. In 'Part III: Modern Times,' he wrote the following numbered chapters: (1) Genocide by the Germans against the Native Africans; (3) Belgian Congo; (11) Hereros; (13) Hottentots; (16) Genocide against the American Indians; (25) Latin America; (26) Genocide against the Aztecs; (27) Yucatan; (28) Genocide against the Incas; (29) Genocide against the Maoris of New Zealand; (38) Tasmanians; (40) S.W. Africa; and finally, (41) Natives of Australia ... While Lemkin's linking of genocide and colonialism may surprise those who think that his neologism was modeled after the Holocaust of European Jewry, an investigation of his intellectual development reveals that the concept is the culmination of a long tradition of European legal and political critique of colonization and empire."
- ↑ A/RES/96(I) - E - A/RES/96(I) -Desktop. ციტირების თარიღი: 2021-06-03
- ↑ Genocide Background.
- ↑ United Nations Office on Genocide Prevention and the Responsibility to Protect. ციტირების თარიღი: 2021-06-03
- ↑ United Nations Office on Genocide Prevention and the Responsibility to Protect. United Nations. ციტატა: „The ICJ has also stated that the prohibition of genocide is a peremptory norm of international law (or ius cogens) and consequently, no derogation from it is allowed.“ ციტირების თარიღი: 2023-11-24