გემო
გემო, გემოვნება — გემოვნების ორგანოების რეცეპტორთა გაღიზიანების შედეგად გაჩენილი შეგრძნება. ძირითადად არსებობს ტკბილი, მლაშე, მჟავე და მწარე გემოს შეგრძნებები. ტკბილისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ენის წვერი, მჟავისადმი — ენის კიდეები, მწარისადმი — ენის ძირი, ხოლო მლაშისადმი – ენის წვერი და კიდეები. გემოვნების რეცეპტორებთან ერთად, ჩვეულებრივ, ღიზიანდება სხვა ტიპის რეცეპტორებიც, რის გამო გემოს ხასიათიც იცვლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანის ყნოსვის რეცეპტორთა თანააგზნება. ლუკმის ღეჭვისას საჭმლის სუნი ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად აღწევს ცხვირის ღრუში განლაგებულ ყნოსვის რეცეპტორებამდე და მათ აგზნებას იწვევს. გემოს ხასიათი იცვლება ისეთი რეცეპტორების თანააგზნებითაც, როგორიცაა ტაქტილური, წნევის ტკივილის, სითბოსა და სიცივის რეცეპტორები. ნამდვილი მლაშე გემო მხოლოდ სუფრის მარილსა აქვს; მჟავე გემო პირობადებულია დისოცირებული წყალბადის იონებით. კანონზომიერება ტკბილ და მწარე ნივთიერებათა ქიმიურ სტრუქტურასა და მათ გემოიანობას შორის დადგენილი არ არის. მაგალითად, ტკბილია განსხვავებული სტრუქტურის მქონე ნივთიერებები საქარინი და შაქარი. გემოს შეგრძნების ხასიათი იცვლება სხვადასხვა პირობათა, კერძოდ, ადაპტაციის ზეგავლენით ყველაზე სწრაფი ადაპტაცია ხდება ტკბილისა და მლაშისადმი. ადამიანსა და ცხოველებში, რომლებიც შერეული საკვებით იკვებებიან, ტკბილი იწვევს დადებით, მწარე კი — უარყოფით რეაქციას ტკბილის მიმართ დადებითი რეაქცია არ გააჩნიათ მტაცებლებს. მწარის მიმართ უარყოფითი რეაქცია კი — მწერიჭამიებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძიძიშვილი ნ., რეცეპტორთა ფიზიოლოგია, თბ., 1964
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 42.