გელოვანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გელოვანებილეჩხუმის ერთ-ერთი მმართველი საგვარეულო. დიდებული გვარი. გელოვანები სვანეთიდან გადმოსახლებულად მიიჩნევიან სოფელ ლაჯანაში მცხოვრები გელოვანები, რომლებიც ქვემო სვანეთის სოფ. შკედიდან ჩამოსულან. დანარჩენები, სპათაგორელი და ჟოშხელი გელოვანები, ლეჩხუმის ერთ-ერთ თავდაპირველ მოსახლეებად მიიჩნევიან. ჩანს, ამ უკანასკნელთა მიგრაცია სვანეთიდან საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა. ეს გვარი თავის დროზე სვანეთში ერისთავობდა. სპათაგორელი გელოვანები აზნაურთა წრეს მიეკუთვნებოდნენ. ისინი არაერთხელ არიან ნახსენები ძველ საისტორიო საბუთებშიც. 1656 წლის საბუთში ,,შეწირულობის წიგნი გაბრიელ ცაგარიელისა ცაგერის ტაძრისადმი,, ვკითხულობთ: ,,აწ ეს დასახელებული სამი კვამლი კაცი და სამი აყრილი ნაძალადევად გელოვანს ჰქონდა, ცაგერის ღმრთისმშობლის გამონართმევი. აწე გელოვანს მეფის ღალატად შეაჩნდა, გაუწყრა მეფე, გამოართვა და ისევ საყდარს შესწირა მისდა სადღეგრძელოდ და სულისა მისისა საოხად…,, 1766 წლის საბუთი: ,,… ესე ნასყიდობის წიგნი და სიგელი დაგიწერე და მოგართვი ბაკურაძემ გაბრიელმან და ჩემმან შვილმან გოტამ და კაცინიკმან და სხვა ჩემმან. ძმამ მამუკამ და ჩვენმა მომავალმა სახლისა ჩვენისამ თქუენ, ჩვენს მოურავს გელოვანს ქაიხოსროს და თქვენს შვილს ბერუკას და მანუჩარს და სხვათა თქვენთა შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა ასე და ამა პირსა ზედა, რომ დამჭირდა და მოგყიდე ჟოშხას გელოვანის მონაყიდი მამული…,, ლეჩხუმის ღვთისმშობლის ხატის ერთ-ერთ წარწერაში ე. თაყაიშვილმა ამოიკითხა ,,ხატის მომჭედელი გელუანი სულა და თანამეცხედრე მისი დეუდარიანის ქალი ყაზმი.

ლეჩხუმის ისტორიაში უძლიერესი სარდალ მოურავი იყო ქაიხოსრო გელოვანი.

გრიგოლ დადიანმა 1788 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა ოდიშის სამთავროს ტახტი. იმერეთის მეფემ, დავით II-მ გადაწყვიტა ესარგებლა გრიგოლის სიჭაბუკით და სამეგრელოს სამთავროს დამორჩილებისა და ლეჩხუმის ხელში ჩაგდების მიზნით ოდიში დალაშქრა. ახალგაზრდა მთავარმა თავი ლეჩხუმს შეაფარა. სამეგრელოში კი ამ დროს მისი ძმა მანუჩარ II გაამთავრეს. ამ ფაქტმა ოდიშის ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფა გამოიწვია. ერთნი მხარს უჭერდნენ მანუჩარ II-ს, ხოლო მეორენი – გრიგოლს. ამ უკანასკნელის მხარეს იყვნენ აგრეთვე ლეჩხუმის სარდალ-მოურავი ქაიხოსრო გელოვანი და სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოვანი. დადიანმა იმერთა მეფის დავითის საწინააღმდეგოდ, ერეკლე II-ს დახმარება სთხოვა და თან თავისთან მიიწვია ერეკლეს შვილიშვილი, მის კარზე მყოფი დავით არჩილის ძე, მომავალი იმერეთის მეფე სოლომონ II. დავით არჩილის ძის გამეფება იმერეთის სამეფო კართან ერეკლეს კარგა ხნის წინ ჰქონდა შეთანხმებული, მაგრამ დავით გიორგის ძე ტახტის დათმობას არ აპირებდა. ერეკლემ გამოიყენა დადიანისა და იმერთა მეფის კონფლიქტი და იმერეთში ჯარი გააგზავნა.

ამ ჯარის დახმარებით, სოლომონმა (დავით არჩილის ძე) და გრიგოლ დადიანმა 1789 წლის 11 ივლისს, მათხოჯთან გამართულ ბრძოლაში დაამარცხეს იმერეთის მეფე დავითი, რომელმაც ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. იმერეთის ტახტი კი სოლომონ II-ის სახელით დავით არჩილის ძემ დაიკავა. გრიგოლ დადიანმაც დაიბრუნა ოდიშის ტახტი.

მიუხედავად გრიგოლ დადიანის დამსახურებისა სოლომონ II-ის წინაშე, მათ შორის ძალიან მალე ლეჩხუმის საკითხზე განხეთქილება ჩამოვარდა. ლეჩხუმის სამოურავო ამ დროს ცალკე ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა იმერეთის სამეფოში. მას განაგებდა სარდალ-მოურავი, რომლებიც უმთავრესად გელოვანთა საგვარეულოდან იყვნენ.

დადიანს ლეჩხუმი ოდიშის სამთავროს ნაწილად მიაჩნდა, სოლომონს კი, რომელიც მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, არ შეეძლო ოდიშის მთავრის ვიწრო ფეოდალური ინტერესების დაკმაყოფილება. მეფემ გრიგოლ დადიანს მისი ძმა მანუჩარი დაუპირისპირა, რომელსაც 1792 წელს გამთავრებაში დაეხმარა. გრიგოლმა დახმარებისათვის ჯერ ახალციხის ფაშას მიმართა, შემდეგ ერეკლე II-ს, რადგან გრიგოლის მეუღლე ნინო ბაგრატიონი ერეკლეს შვილიშვილი იყო. ერეკლემ იკისრა კიდეც შუამდგომლობა გრიგოლსა და სოლომონს შორის, მაგრამ იმერეთის მეფე არ აპირებდა გრიგოლისთვის ტახტის დაბრუნებას. ამ ვითარებაში მანუჩარმა 7 წლის მანძილზე იმთავრა. ბოლოს, 1799 წელს, გრიგოლმა თავისი ბიძის გიორგი დადიანისა და ლეჩხუმის სარდალ-მოურავის ქაიხოსრო გელოვანის დახმარებით შეძლო სამეგრელოში გადასვლა. ისინი ნოღას ციხეში გამაგრდნენ, სოლომონმა და მანუჩარმა ალყა შემოარტყეს ნოღას ციხეს, მაგრამ ვერ აიღეს და იმერეთის მეფე იძულებული შეიქნა გარიგებოდა გრიგოლს. ამ უკანასკნელმა დადიანობა მიიღო, ხოლო მანუჩარმა – სალიპარტიანო. სოლომონსა და დადიანს შორის ამ ბრძოლაში ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII თავის სიძეს, გრიგოლ დადიანს, უმაგრებდა ზურგს და საქართველოს გამოხსნისათვის მებრძოლ სოლომონს ამით ნიადაგს აცლიდა.

ოდიშის სამთავროს ტახტის დაბრუნების მიუხედავად გრიგოლის ხელისუფლება სუსტი იყო, რადგანაც ლეჩხუმის სარდალ-მოურავი ქაიხოსრო გელოვანი, რომლის დახმარებითაც ხელახლა გამთავრდა, რეალურად უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელს ოდიშში. ამ გარემოებას გრიგოლმა თავი იმით დააღწია, რომ იმავე წელს მოაკვლევინა ქაიხოსრო გელოვანი. არც იმერეთის მეფესა და გრიგოლს შორის იყო მშვიდობა, მათი ფარული მტრობა კვლავაც გრძელდებოდა.

გელოვანები ლეჩხუმის სარდალ მოურავები იყვნენ 1780-1803 წწ-ში.

გელოვანებმა ჩაანაცვლეს ჩიქოვანები 1780 წელს
1780-1799 ქაიხოსრო გელოვანი
1799-1803 ბერი გელოვანი

დღეს საქართველოში 1033 გელოვანი ცხოვრობს. უმრავლესობა თბილისში. ასევე ჩხოროწყუს, ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, ს. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962
  • დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია, ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, თ. ლომოურის გამოცემა, თბ., 1941
  • Акты кавказскои археологичевскои комиссии, Т. I (საბ. №760 ) и Т. II (საბ. №968, 342, 919, 461–462)
  • თ. ჟორდანია, ქრონიკები III, თბ., 1967
  • დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957;
  • აბესალომ ტუღუში, სამეგრელოს სამთავროს ისტორია, ზუგდიდი, 1999
  • რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989.
  • ნონა ჟველია, ოდიშის სამთავროს შიდაქართული და საგარეო ურთიერთობების ისტორიიდან, ქუთ., 1995
  • ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 2006
  • ბერაძე თ., ქსე, ტ. 3, გვ. 267, თბ., 1978
  • დავით კოპალიანი "ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან". ქუთაისი, 2002 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]