გელა ქოქიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გელა ქოქიაშვილი
დაბადების თარიღი 9 აპრილი, 1939 (1939-04-09) (85 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
საქმიანობა საოპერო მომღერალი, მკვლევარი, მწერალი, პუბლიცისტი, მეღვინე
მეუღლე(ები) თამილა ცაგარეიშვილი
შვილ(ებ)ი გიორგი და ნინო
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი
სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის დოქტორი

გელა გიორგის ძე ქოქიაშვილი (დ. 9 აპრილი, 1939, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი საოპერო და კამერული მომღერალი (დრამატული ტენორი), მეღვინე, მწერალი, პუბლიცისტი, მკვლევარი და ინჟინერ-ტექნოლოგი. ვოკალისტთა საკავშირო და რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი (1980),[1] საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1999),[2] მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, ქართული კულტურის ამაგდარი (2019), სიღნაღის საპატიო მოქალაქე (2019), ეკონომიკის დოქტორი (1988).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გელა ქოქიაშვილი იტალიური მუსიკის საღამოზე. 1978 წელი

დაიბადა 1939 წლის 9 აპრილს თბილისში.[2] მამა — გიორგი ქოქიაშვილი იყო ექიმი-სტომატოლოგი, ხოლო დედა — ანა ტურაშვილი — ფილოლოგი. 1957 წელს დაამთავრა სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირის საშუალო სკოლა; 1962 წელს ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი. ჯერ კიდევ ინსტიტუტში ჩამოაყალიბა ანსამბლი „შვიდკაცა“, რომელიც ხშირად მართავდა კონცერტებს. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, პროფესორ დავით ანდღულაძის კლასი. იგი არის ვოკალისტთა სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული, მათ შორის 1975 წელს იტალიის „ლა სკალას“ საოპერო თეატრში სტაჟირებისთვის გამართულ საკავშირო კონკურსში, რომელიც მოსკოვში გაიმართა.[2]

წლების განმავლობაში, გელა ქოქიაშვილის ორგანიზებით და მონაწილეობით ქალაქ სიღნაღში იმართებოდა სიმღერის დღესასწაული „ვანოობა“, მიძღვნილი ვანო სარაჯიშვილისადმი. მან მომღერალს მიუძღვნა მეტად საინტერესო მონოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით „ვანო სარაჯიშვილი — ლეგენდად ქცეული ორფევსი“. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით 2019 წელს სიღნაღში აღდგა და ფუნქციონირება დაიწყო ვანო სარაჯიშვილის მემორიალურმა მუზეუმმა. ამავე წელს მას გადაეცა სიღნაღის საპატიო მოქალაქის წოდება. არის ფაზისის საერო-სამეცნიერო და ქალდეა-საქართველოს აკადემიების ნამდვილი წევრი.

მის კალამს ეკუთვნის წიგნები მსოფლიოში აღიარებულ მომღერლებზე: ენრიკო კარუზო, ტიტა რუფო, თევდორე შალიაპინი, ლუჩანო პავაროტი და პლასიდო დომინგო; კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანებზე პუბლიცისტური ნარკვევების კრებული „ნუმც მოიშლება ხსნება მათი...“.[3]

პროფესიული გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გელა ქოქიაშვილი მალხაზის არიის შესრულებისას
ურემზე სხედან გელა ქოქიაშვილი, რომელიც ურმულს მღერის და ავლიპ ზურაბაშვილი. ავლიპ ზურაბაშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება. სიღნაღი, 1972 წელი

გელა ქოქიაშვილს შესრულებული აქვს ტენორის მთავარი პარტიები ოპერებიდან: აბესალომი (ზაქარია ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“), მალხაზი (ზაქარია ფალიაშვილი „დაისი“), არსენა (ალექსანდრე ბუკია „არსენა“), რუდოლფი (ჯაკომო პუჩინი „ბოჰემა“), ნემორინო (გაეტანო დონიცეტი „სიყვარულის ნექტარი“), ახალგაზრდა ბოშა (სერგეი რახმანინოვი „ალეკო“)[4]

გელა ქოქიაშვილის მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა საკონცერტო საქმიანობას. 30 წლის განმავლობაში მან უანგაროდ 700-ზე მეტი სოლო და შერეული სახის კონცერტში მიიღო მონაწილეობა. 1981 (ან 1982)[5] წელს გამოსცა გრამფირფიტა (გიგანტი) „მღერის გელა ქოქიაშვილი“, სადაც ჩაწერილია 15 ქართული რომანსი.[6] 2013 წელს მან გამოუშვა კომპაქტდისკი ალბომის სახით,[2] სადაც 27 ნაწარმოებია ჩაწერილი, მათ შორისაა ქართული კლასიკური რომანსები, იტალიური ნეაპოლიტანური სიმღერები და არიები.

თავისი შემოქმედებითი საქმიანობის მანძილზე მან უკვე გამოსცა 12 წიგნი, გამოსაცემად მზად აქვს მხატვრულ-დოკუმენტური ნოველების კრებული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემოქმედებით მოღვაწეობასთან პარალელურად, საქმიანობდა კვების მრეწველობის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე.

მისი ინტერესის სფეროს ქართული ტრადიციული სუფრის წეს-ჩვეულებები, ადათ-წესები და მასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს, რისთვისაც მეცნიერულად გამოიკვლია ისტორიული და ეთნოგრაფიული მასალები. გელა ქოქიაშვილი გამოცდილი თამადაა. მან გამოსცა წიგნი, ბევრისთვის სამაგიდო წიგნად წოდებული — „სუფრავ გაშლილო ლხინი ხარ“ (სამი რედაქტირებული გამოცემა).

მის მიერ გამოცემულ წიგნებს, გრამფირფიტებს და კომპაქტდისკებს კომერციული დანიშნულება არ ჰქონია. ყველა ისინი უსასყიდლოდ, საჩუქრად დაურიგდა ბიბლიოთეკებს, მუზეუმებს, ხელოვნების წარმომადგენლებს და ხელოვნებით დაინტერესებულთ.

პრემიები, ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვოკალისტთა საკავშირო და რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატი (1975
  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი (1980)
  • საქართველოს ღირსების ორდენი (1999)
  • ქართული კულტურის ამაგდარი (2019)
  • სიღნაღის საპატიო მოქალაქე (2019)

გამოცემული წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „სუფრავ გაშლილო ლხინი ხარ“;
    • I და II გამოც., „კოპიპრინტი“, 2005 და 2008 წელი;
    • III გამოც., „მწიგნობარი“, 2015 წელი;
    • IV გამოც., „მწიგნობარი“ 2018 წელი (რუსულ ენაზე — „Ах,застолье грузинское ... ты - пиршество!“)
  • „ენრიკო კარუზო“, „კოპიპრინტი 2000“, 2009 წელი
  • „ტიტა რუფო-ჩემი ცხოვრების პარაბოლა“, „წიგნის სახელოსნო“, 2013 წელი
  • „პავაროტი თუ დომინგო“, „მწიგნობარი“, 2014 წელი
  • „ვანო სარაჯიშვილი — ლეგენდად ქცეული ორფევსი“, „მწიგნობარი“, 2015 წელი
  • „შალიაპინი და თბილისური ისტორიები“, „მწიგნობარი“, 2016 წელი
  • „ივიწყებ წარსულს, კარგავ მომავალს“, გამომცემლობა „მწიგნობარი“, 2016 წელი
  • „ნუმც მოიშლება ხსენება მათი“, „მწიგნობარი“, 2019 წელი
  • „ნუღლია“, „მწიგნობარი“, 2020 წელი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გელა ქოქიაშვილი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — ქართველი მეღვინეები. ციტირების თარიღი: აპრილი, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 „გელა ქოქიაშვილი (2008). „სუფრავ გაშლილი ლხინი ხარ. თბილისი: „კოპიპრინტი“, გვ. 114. 
  3. #სახლისკენ - „ნურც მოიშლება ხსენება მათი“ - ახალი წიგნის რადიოპრეზენტაცია. 1tv.ge (27 აპრილი, 2019). ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2019.
  4. გელა ქოქიაშვილი იტალიური მუსიკის საღამოზე. „ივერიელი“. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2020.
  5. КОКИАШВИЛИ Гела. КАТАЛОГ СОВЕТСКИХ ПЛАСТИНОК. records.su. ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2020.
  6. გელა ქოქიაშვილის გრამფირფიტა. „ივერიელი“. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2020.