გედსამანიის ღვთისმშობლის ეკლესია
გედსამანიის ღვთისმშობლის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°04′51″ ჩ. გ. 43°22′28″ ა. გ. / 42.08083° ჩ. გ. 43.37444° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
დეტალები
|
გედსამანიის ღვთისმშობლის („ვარდობის“) ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფელ გედსამანიის ძველ სასაფლაოზე, შემაღლებულ ადგილას.
ძეგლის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესია დარბაზული ტიპისაა. სავარაუდოდ, განვითარებული შუა საუკუნეების. ადგილობრივი მოსახლეობა მოიხსენიებს როგორც „ვარდობის“ ეკლესიას. ინტერიერში - აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, ცენტრში თაღოვანი სარკმლით. საკურთხევლის ცენტრალური სარკმლის მარჯვნივ და მარცხნივ დიდი ზომის, თაღოვანი, მაღალი ნიშებია. ჩრდილოეთ კედელზე მცირე ზომის ნიშია. საკურთხეველს აქვს ოდნავ ამაღლებული ამბიონი. საკურთხეველი გამოყოფილი ყოფილა კუსტარულად დამზადებული ხის კანკელით, რომლის მხოლოდ მცირე ნაშთია შემორჩენილი. ამბიონზე, ქვის საბრჯენებზე დგას მოზრდილი, ოთკუთხა ქვა (სავარაუდოდ ტრაპეზის), რომელიც აშკარად გადმოადგილებულია საკურთხევლიდან. დასავლეთის კედელში გაჭრლია კარი, შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავული. კარის თავზე სარკმელია რკინის ცხაურით. კარი გაჭრილია სამხრეთის კედელშიც. ეკლესიის ცენტრში, ჩრდილო და სამხრეთ კედლებზე შემორჩენილია პილასტრები. ჩრდილო და სამხრეთ კედლებში გაჭრილია დიდი ზომის, ოთხკუთხა სარკმლები, რომლებზეც რკინის ცხაურებია დაყენებული. ეკლესიას არა აქვს კამარა. ადგილობრივი მცხოვრებლების განმარტებით, კამარა ჩამოუნგრევია აღმოსავლეთის ფასადთან მდგარ უზარმაზარ ხეს, რომელიც 15- 20 წლის წინ ზუსტად კამარის თავზე გადმოქცეულა (არაა გამორიცხული, კამარა მანამდეც ყოფილოყო დაზიანებული. ხემ ალბათ საბოლოოდ დაანგრია). იატაკი შენარჩუნებულია დაზიანებული ქვის ფილაქანის სახით. ტაძრის კედლები შელესილი და შეთეთრებულია. იატაკიდან დაახლოებით 1მ -ის სიმაღლეზე კედლები ცისფრად ყოფილა შეღებილი. ეკლესიაში დევს ქვის ორი ნატეხი, ზედ ამოკვეთილი ასოთმთავრული წარწერით. ეკლესიაში დგას ხის კარადები, რომლებშიც განთავსებულია ხატები (თანამედროვე). ამასთან, ეკლესიაში აწყვია ფიცრები, მაგიდები, ხის გრძელი სკამები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებსაც, როგორც ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობა გამოიყენებს ცხვრის დაკვლისა და დღეობების დროს. ფასადები შელესილია თეთრად. შელესვა ნაწილობრივ დაზიანებულია. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში გაჭრილ კარებების თავზე ამოკვეთილია წრეში ჩასმული, ლურჯად შეღებილი ჯვრები. ეკლესია გადახურული ყოფილა ქართული კრამიტით, რომელიც ახლაც აწყვია ეზოში. ამჯერად ეკლესია გადახურულია გოფრირებული თუნუქის საბურავით. ეკლესია გარშემორტყმულია უზარმაზარი, უძველესი ცაცხვის ხეებით. სამხრეთ კედელთან არის ჩასასვლელი მიწისქვეშა გვირაბში, ან სათავსოში. ეკლესიის ეზოში, სამხრეთით, შემორჩენილია აგურის კედლის (შესაძლოა კარიბჭის) ნაშთი.
ეკლესიას ირგვლივ შემოუყვება დიდი ზომის ქვებით ნაშენი გალავნის ნაშთი. სამხრეთით, გალავანში ჩართულია ნახევარწრიული ბურჯი, რომლის ზედა ნაწილი მცენარეებითაა დაფარული. გალავანში სათოფურებია დატანილი.
ამ ეკლესიაში ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს „ვარდობის“ დღესასწაულს. აღინიშნება აღდგომიდან მერვე ორშაბათს. აღსანიშნავია, რომ გედსამანიის ღვთისმშობლის ეკლესია, როგორც „გესამანის საყდარი“ მოხსენებული აქვს ტიმოთე გაბაშვილს, 1737 წელს შედგენილ ლიხთ-იმერეთის რუკაზე. ასევე, მოხსენებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილსაც.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8724