შინაარსზე გადასვლა

გაჩო ადამიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაჩო ადამიდი
ალბ. Gaqo Adhamidhi
დაბადების თარიღი 1859
დაბადების ადგილი კორჩა
გარდაცვალების თარიღი 1939
გარდაცვალების ადგილი ჟენევა
მოქალაქეობა  ალბანეთი
 ოსმალეთის იმპერია

გაჩო ადამიდი (ალბ. Gaqo Adhamidhi; დ. 1859, კორჩა — გ. 1939, ჟენევა) ასევე ცნობილი, როგორც ადამიდ ფრაშერი[1]XX საუკუნის ალბანელი ექიმი და პოლიტიკური მოღვაწე.[2]

დაიბადა ქალაქ კორჩაში (მაშინდელი ოსმალეთის იმპერია, დღევანდელი ალბანეთი).[2] ალბანეთის მართლმადიდებლური საზოგადოების უმეტესი ნაწილის მსგავსად, ისიც ახალგაზრდობაში ემიგრაციაში წავიდა და ეგვიპტეში დასახლდა, სადაც მედიცინას სწავლობდა და ექიმიც გახდა. ემიგრაციაში ყოფნისას ის ალბანური თემის ერთ-ერთ გამოჩენილ წარმომადგენელს, ექიმსა და პოლიტიკოსს, მიხალ ტურტულის დაუმეგობრდა.[3]

ადამიდი 1892-1914 წლებში მუჰამედ ალი-ფაშას დინასტიის წარმომადგენლის, ეგვიპტისა და სუდანის ბოლო ხედივის, აბას II ჰილმის პირად ექიმად მსახურობდა. ეგვიპტეში ყოფნის დროს ის იქ მცხოვრებ ალბანურ საზოგადოებასა და რუმინეთში არსებულ ალბანურ თემს შორის თანამშრომლობის დამყარებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.[4] 1914 წელს, ალბანეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების და ალბანეთის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ, ადამიდი სამშობლოში დაბრუნდა და თურჰან ფაშა პერმეტის მთავრობაში ფინანსთა მინისტრად განაგრძო მუშაობა.[5] პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შვეიცარიაში გადასახლდა,[5] სადაც ლოზანის უნივერსიტეტთან განაგრძო თანამშრომლობა. შვეიცარიაში ის მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ალბანური დიასპორის წევრთა პოლიტიკური ასოციაციის - ალბანეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეც კი გახდა. გარდა ამისა, სწორედ ის წარმოადგენდა ალბანეთს ერთა ლიგაში.

არსებობს მოსაზრება, რომ ცნობილმა ალბანელმა პოეტმა და დრამატურგმა, ანდონ ჩაკომ მისი კომედიის „კლუბი სალონიკში“ ერთ-ერთი პერსონაჟის „ექიმი ადამიდის“ პროტოტიპად სწორედ გაჩო ადამიდი გამოიყენა.[2] ამის მიზეზი შესაძლოა ჩაკოს პირადი შურისძიება ყოფილიყო. კომედიაში ადამიდი გროტესკულ, უკიდურესად ძუნწ, უცოდინარ, ოსმალეთის იმპერიის მომხრე ფსევდოექიმადაა წარმოჩენილი.[3]