გასტროენტეროლოგია
გასტროენტეროლოგია (გასტრო..., ძვ. ბერძნ. ἔντερον [enteron] — „ნაწლავი“ და λόγος [lógos] — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის საჭმლის მომნელებელ ორგანოებსა და მათ დაავადებებს. ექიმი გასტროენტეროლოგი ახდენს იმ პრობლემების დიაგნოსტიკას და მკურნალობას, დაკავშირებულს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან, რომელიც შეიცავს საყლაპავის მილს, კუჭს, ნაწლავებს, ღვიძლს და პანკრეასს.[1]
გასტროენტეროლოგია, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, XIX სსაუკუნის I ნახევარში ჩამოყალიბდა. მის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ი. პავლოვმა, რ. ლაენეკმა, ჟ. დიელაფუამ, ვ. ჰანომ და სხვებმა. 1867 წელს გერმანელი კლინიცისტის ა. კუსმაულის მიერ მსხვილი ზონდის, ხოლო 1911 წელს გერმანელი ექიმის მ. აინჰორნისა და ვ. ლაიონის (აშშ) მიერ წვრილი ზონდის შემოღებამ საგრძნობლად გაზარდა კუჭის სეკრეტორული და მჟავიანობის ფუნქციისა და სანაღვლე გზების პათოლოგიური მდგომარეობის შესწავლის შესაძლებლობა. რენტგენოლოგიური მეთოდის განვითარებამ შესაძლებელი გახადა თითქმის ყველა საჭმლის მომნელებელი ორგანოს პათოლოგიურ ცვლილებათა დადგენა. გამოკვლევის ინსტრუმენტური მეთოდების (გასტროსკოპია, გასტრობიოფსია, ეზოფაგოსკოპია, ლაპაროსკოპია, რექტორომანოსკოპია, რადიოინდიკაცია და სხვ.) შემოღებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა გასტროენტეროლოგიის დიაგნოსტიკური შესაძლებლობანი. გასტროენტეროლოგიის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ს. ბოტკინის, გ. ზახარინის, ვ. ობრაზცოვის; საბჭოთა მეცნიერების მ. კონჩალოვსკის, ნ. სტრაჟესკოს, რ. ლურიას, მ. პევზნერის, ვ. ვასილენკოს, ს. რისის, ო. გორდონის, ი. ლაზოვსკის, ს. იუდინის, ბ. პეტროვსკის და სხვათა შრომებმა.
გასტროენტეროლოგიის დარგში გამოკვლევებს აერთიანებს და წარმართავს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ასოციაცია და გასტროენტეროლოგთა მსოფლიო გაერთიანება. საქართველოში 1960 წელს ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკის კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე დაარსდა გასტროენტეროლოგიური განყოფილება, 1973 წელს კი — საქართველოს გასტროენტეროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება. მეცნიერული გასტროენტეროლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით ს. ვირსალაძეს, ა. ალადაშვილს, შ. მიქელაძეს, ნ. მახვილაძეს, გ. დიდებულიძეს, კ. ვირსალაძეს და მათ მოწაფეებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 12.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გასტროენტეროლოგია — vipmed.ge
|