გარიბალდის ძეგლი (ტაგანროგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარიბალდის ძეგლი
რუს. Памятник Гарибальди
კოორდინატები 47°12′29″N 38°56′58″E / 47.208056° ჩ. გ. 38.949444° ა. გ. / 47.208056; 38.949444
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
მასალა ბრინჯაო
გახსნის თარიღი 1961

გარიბალდის ძეგლი (რუს. Памятник Гарибальди) — ძეგლი ქალაქ ტაგანროგში. ძეგლი აღმართულია 1961 წელს ცნობილი იტალიელი რევოლუციონერის ჯუზეპე გარიბალდის პატივსაცემად.

ჯუზეპე გარიბალდი ტაგანროგში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუზეპე გარიბალდი დაიბადა მეზღვაურის ოჯახში. 1832 წელს გახდა სავაჭრო გემის კაპიტანი. იგი სტუმრობდა სხვადასხვა საპორტო ქალაქებს. ხშირად მისი შხუნა „კლორინდა“ იმყოფებოდა ტაგანროგშიც. არსებობს საარქივო ჩანაწერები იმის შესახებ, რომ იგი ნავსადგურში დააჯარიმეს სიგარეტის კონტრაბანდისთვის. 1833 წელს ფორთოხლით დატვირთული მისი შხუნა 10 დღე შეჩერებულა ნავსადგურში. ახალგაზრდა კაპიტანს ქალაქის ქუჩებში გაუვლია და მოუნახულებია იტალიელთა სახლები. ერთ-ერთი ასეთი გასეირნების დროს იგი შეხვდა იტალიელ პოლიტიკურ ემიგრანტს, იატაკქვეშა პოლიტიკური მოძრაობის ახალგაზრდა იტალიის წევრს ჯოვანი ბატისტა კუნეოს. ტაგანროგში ჯუზეპე გარიბალდი შეუერთდა აღნიშნულ მოძრაობას და დადო ფიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლებდა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის.

ძეგლის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წელს ტაგანროგის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა გარიბალდის სახელი, ხოლო ნავსადგურის იმ ადგილში სადაც ერთხელ იდგა გარიბალდის შხუნა დაიდგა ობელისკი[1]. მისი საზეიმო გახსნა მოხდა 1961 წლის 2 ივნისს, იტალიის გათავისუფლებიდან 100 წლის თავზე.

2007 წელს მოხდა ძეგლის რესტავრაცია და მისი ხელახალი გახსნა მოხდა ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. საზეიმო გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა იტალიელი რევოლუციონერის შვილიშვილი ანიტა გარიბალდი-ჟალე და მოსკოვში იტალიის საელჩოს წარმომადგენლები[2].

ეს არის ჯუზეპე გარიბალდის ერთადერთი ძეგლი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Решение №109 Таганрогского городского Совета депутатов трудящихся Ростовской области. 18 мая 1961 г.
  2. „Photos from the inauguration of the new Giuseppe Garibaldi Monument“. Taganrog Municipality. 12 September 2007. ციტირების თარიღი: 6 August 2009.