შინაარსზე გადასვლა

გარდამავალი სახლი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარდამავალი სახლი
Domus Transitoria

გარდამავალი სახლის გეგმის ნაწილი, ნერონის ოქროს სახლთან ერთად

დომუს ტრანსიტორია (გარდამავალი სახლი)[1]რომის იმპერატორ ნერონის (მმ. 54-68) პირველი სასახლე, რომელიც დაზიანდა ან განადგურდა რომის დიდი ხანძრის დროს, ახ. წ. 64, და შემდგომ თავიდან აშენდა მისი დომუს აურეას (ან ოქროს სახლის) სახით.

გარდამავალი სახლის/დომუს ტრანსიტორიას გეგმა

ეს „დომუსი“ განკუთვნილი იყო პალატინის სასახლის დასაკავშირებლად ყველა იმ იმპერიულ მამულთან, რომლებიც სხვადასხვა გზით იყო შეძენილი, და მათ შორის მოიაზრებოდა მეცენატის ბაღები, ჰორტი ლამიანი, ჰორტი ლოლიანი და ა.შ.[2]

სვეტონიუსის მიხედვით (ნერონი 31.1): „მან ააშენა სასახლე, რომელიც გადაჭიმული იყო პალატინიდან ესკვილინამდე, რომელსაც თავდაპირველად უწოდა დომუს ტრანსიტორია, მაგრამ როდესაც ის დაიწვა მისი დასრულებიდან მოკლე ხანში და ხელახლა აშენდა, [უწოდა] ოქროს სახლი“. სავარაუდოდ, ის აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვით 60 წლიდან, ან ამ თარიღის ირგვლივ.[3]

იმპერიული აბანოების გეგმა მათ ქვეშ მდებარე დომუს ტრანსიტორიასთან ერთად

კომპლექსის მთავარი შენობებიდან ერთ-ერთი, როგორც ფიქრობენ, მდებარეობდა ოპიანის ბორცვის დასავლეთ მხარეს, ტრაიანეს აბანოების ქვეშ.[4]:237

სასახლის აგურის კედლების ქვედა ნაწილი თავდაპირველად მარმარილოთი იყო დაფარული, ხოლო ზედა ნაწილები მრავალგვარი ფრესკებით იყო მოხატული. პორტიკი წინ უძღოდა დომუსს სამხრეთ მხარეს. თითქმის ყველა სვეტი, იატაკი და მარმარილოს კედელი მოშორებულ იქნა, როდესაც ტრაიანემ შენობის ადგილას თავისი აბანოები ააშენა (ჩვ.წ.აღ. 104 წელს).[4]:232

სახლი აშენებული იყო დიდი პერისტილის გარშემო სამი მხრიდან პორტიკებით, ხოლო მეოთხე, ჩრდილოეთის მხარეს იყო კრიპტოპორტიკუსი, რომელიც უკანა მიწაყრილს ეყრდნობოდა. ცენტრში, რომელიც ახლა დაკავებულია გრძელი ცილინდრული თაღების სერიით ზემოთ მდებარე ტრაიანეს აბანოების გასამაგრებლად, არის შადრევნის ნარჩენები; აღმოსავლეთ ნაწილში არის დიდი ნიმფეუმი, რომელიც ეზოში გადის.

გარდამავალი სახლის ნიმფეუმის ფრესკა, ახ.წ. 54-64

პოლიფემის ნიმფეუმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამწუხაროდ, დიდებული ნიმფეუმი ტრაიანეს გვიან აშენებული კედლით ორად გადაიყო. გარშემორტყმული ოთხი სვეტისაგან შემდგარი პორტიკით, ის, ქვედა ნაწილში, აღჭურვილი იყო კასკადური შადრევნით, რომლის წყალიც ცენტრალურ აუზში გადადიოდა. გროტის კედლებზე დატანილი უნდა ყოფილიყო მოზაიკა, რომლის დატოვებული მცირე კვალი ნიჟარების ჩარჩოებში ჯერ კიდევ შესამჩნევია. კედლების ქვედა ნაწილები თავდაპირველად მარმარილოთი იყო დაფარული.

თაღის მორთულობა, სიმაღლით 10 მ (33 ფუტი), მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი, და ვხედავთ ადგილს, სადაც ოთხი კუთხის მედალიონი და ცენტრალური რვაკუთხედი იყო ჩასმული. ეს რვაკუთხედი ნაწილობრივ გადარჩენილა და ზედ დატანილია პოლიფემეს სცენა.

ვენერას და რომას ტაძარი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრიანეს ვენერას და რომას ტაძრის ქვემოთ, 5 მეტრზე, 1828 წელს აღმოაჩინეს სასახლის დიდებული როტონდა, რომელიც გადაკვეთილი იყო დომუს აურეას საძირკვლებით.[5] დახვეწილი გუმბათიანი ოთახი, რომელიც ორ ცილინდრულ-თაღოვან დერეფანს აკავშირებდა, არქიტექტურულად მეტად შთამბეჭდავი იყო, და ჰქონდა მარმარილოთი მოპირკეთებული აუზები და მრავალფეროვანი ოპუს სექტილეს იატაკი, რომლის უდიდესი ნაწილიც ჯერ კიდევ ხელშეუხებლად შემოგვრჩენია ტაძრის ქვეშ.[6]

ნერონის კრიპტოპორტიკუსი, პალატინი
ნერონის კრიპტოპორტიკუსის ჭერი

სასახლის მთავარი ნაწილი სავარაუდოდ პალატინის ბორცვზე მდებარეობდა. ამ ვარაუდს ამყარებს ის, რომ ოთახების დიდი და ბრწყინვალედ მორთული ანსამბლი პალატინის ბორცვის ცენტრალურ ნაწილში, დომიციანეს სასახლის ქვეშ აღმოჩნდა. ეს ადგილი გათხრილ იქნა 1721 წელს, რომელი გათხრების დროსაც ის საგრძნობლად დაზიანდა. ქვედა სართულები შეიცავდა ჩაძირულ ბაღებს, ორ პავილიონს, ნიმფეუმს და ხელოვნების გალერეას. ამ ოთახების იქით იყო ძალიან დიდი საპირფარეშო (ლატრინე).[7]

ამ ოთახებიდან ერთ-ერთში არის მდიდრული მარმარილოს იატაკი (რომელიც ნაპოვნია დომიციანეს Cenatio Iovis-ის ოვალური შადრევნის ოთახის ქვეშ), და მდიდრული ნიმფეუმი მარმარილოს სვეტებითა და ბრინჯაოს კაპიტელებით. დღეს ნიმფეუმის ერთი კუთხეა რეკონსტრუირებული.

ნერონის კრიპტოპორტიკუსი, რომელიც სასახლეს ახლომდებარე დომუს ტიბერიანასთან აკავშირებდა, ასევე კომპლექსის ნაწილი უნდა ყოფილიყო. ის 130 მ სიგრძისაა, მოზაიკური იატაკებითა და თაღის დახვეწილი სტუკოს მორთულობით, გაფორმებულია მცენარეული ელემენტებითა და კუპიდონებით. ის მდებარეობს ჰორტი ფარნესიანის ქვეშ, დომუს ტიბერიანას ერთ მხარეს.[8]

მარმარილო და სხვა ნაწილები, რომლებიც ნანგრევებიდან გადაარჩინეს, შემდგომში დომუს აურეას (ოქროს სახლის), ნერონის მთავარი რეზიდენციის ნაწილი გახდა.

მოხატული ჭერები მითოლოგიური სცენებით დომუს ტრანსიტორიიდან, მეოთხე სტილის მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუშები (შესაძლოა მხატვარ ფამულუსის მიერ შესრულებული), გამოფენილია პალატინის მუზეუმში.

2019 წელს გამოცხადდა, რომ სასახლის ეს ნაწილი პირველად იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, მისი დახურვიდან თითქმის 70 წლის შემდეგ.[9]

  • The Architecture of the Roman Empire: An Introductory Study, Volume 1, William Lloyd MacDonald, p.23

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ball, Larry F. (11 September 2003) The Domus Aurea and the Roman Architectural Revolution. Cambridge University Press, გვ. 148. ISBN 0-521-82251-3. 
  2. LacusCurtius • Domus Transitoria (Platner & Ashby, 1929).
  3. A Companion to the Neronian Age edited by Emma Buckley, Martin Dinter, Ch 19: Buildings of an emperor - How Nero transformed Rome, Heinz-Jurgens Beste, H.Hesberg
  4. 4.0 4.1 Filippo Coarelli, Rome, Bari and Rome, Laterza, 2012
  5. The Architecture of the Roman Empire: An Introductory Study, Volume 1, William Lloyd MacDonald, p.23
  6. John Bryan Ward-Perkins, Roman Imperial Architecture, Yale University Press, 1994. p 57, ISBN 0140561455
  7. Samuel Ball Platner. (1929) A Topographical Dictionary of Ancient Rome. Oxford University Press. ციტირების თარიღი: 2009-07-18
  8. The Neronian Cryptoporticus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 2025-04-18.
  9. Nero's Domus Transitoria on the Palatine to open to the public. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 2019-04-01