განწყობის თეორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

განწყობის თეორიადიმიტრი უზნაძის მიერ ქცევის მიზანშეწონილობის ასახსნელად შემუშავებული თეორია. ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის განვითარების ადრეულ საფეხურზევე წამოიჭრა აუცილებლობა შესწავლილიყო ინდივიდის მიზანმიმართული აქტივობის დინამიური საწყისი. გამოვლინდა ამ საწყისის ერთ-ერთი განზომილება — ქცევის გარკვეული ფორმისადმი ინდივიდის წინასწარი მზაობის მდგომარეობა ანუ განწყობა. ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში ტერმინი „განწყობა“ სხვადასხვა მნიშვნელობით გვხვდება („გარკვეული აქტივობისადმი დისპოზიცია“, „ინდივიდის აქტივობის ორიენტაცია“, „მოლოდინის მდგომარეობა“, „რიგიდობა“, „სტერეოტიპია“, „ქცევის ელემენტების ორგანიზაცია“, „ქცევის კონსტანტობა“, „ქცევის განუსაზღვრულობის საფუძველი“ და სხვა). განწყობის ერთიანი ბუნების შესწავლა დიმიტრი უზნაძის მიერ შექმნილი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის კვლევის სპეციფიკური საგანი გახდა. დიმიტრი უზნაძემ ჩამოაყალიბა განწყობის ორიგინალური თეორია. მან დაამტკიცა, რომ შესაძლებელია სიმძიმის ილუზიის (ფეხნერი) ანალოგიური ილუზიები (მაგ., განსხვავებული სიმძიმის მრავალგზის შედარების შედეგად ტოლი საგნები ილუზორულად — უტოლოდ აღიქმება) გაჩნდეს მგრძნობელობის ყველა სხვა მოდალობის (ჰაპტუნი, სმენითი, მხედველობითი და ა.შ) სფეროში. ეს ხდება მაშინ, როდესაც სიტუაცია, რომელშიც ინდივიდს უხდება მოქმედება, არ შეესატყვისება მის განწყობას. ეს ფაქტი მეცნიერებაში ცნობილია „უზნაძის ეფექტის“ სახელით. დიმიტრი უზნაძემ ფსიქოლოგიაში პირველად დაამუშავა განწყობის ბუნების შესწავლის ექპერიმენტული მეთოდი („ფიქსირებული განწყობის მეთოდი“) და შესაძლებელი გახადა განწყობის ბუნების შესწავლა იმ როლის საფუძველზე, რომელსაც იგი თამაშობს ილუზიის წარმოშობაში, მის მიმდინარეობასა და ჩაქრობაში. ფიქსირებული განწყობის მეთოდით შესწავლილ იქნა განწყობის სხვადასხვა განზომილება (აგზნებადობა, დინამიკურ-სტატიკურობა, პლასტიკურობა-სიტლანქე, სტაბილობა-ლაბილობა, ირადიაცია, გენერალიზაცია); დადგინდა განწყობის სახეები (დიფუზური, დიფერენცირებული, ფიქსირებული); გაირკვა, რომ ამა თუ იმ ინდივიდს, როგორც განწყობის გარკვეული ტიპის წარმომადგენელს, ახასიათებს განწყობის ცალკეულ განზომილებათა სხვადასხვაგვარი შერწყმა; დადასტურდა, რომ ფსიქოზები და ნევროზები თავს იჩენს განწყობის ზემოთ დასახელებულ ასპექტთა სტრუქტურული ცვლილებისას და სხვა.

ფიქსირებული განწყობის მეთოდმა შესაძლებელი გახადა შესწავლილიყო განწყობა როგორც შეგუებითი მიზანმიმართული ქცევის კონსტიტუციური ფაქტორი — ინდივიდის ქცევა „ცარიელი ადგილიდან“ არასოდეს იწყება. ინდივიდი ქცევის სუბიექტი იმით ხდება, რომ უშუალოდ მოქმედების განხორციელების მომენტში კი არ განეწყობა მოცემული მოქმედების მიმართულებით, არამედ მანამდეა წინასწარ ორიენტირებული, განწყობილი ამ მოქმედებისადმი. ამრიგად, განწყობა წესრიგს, ორგანიზაციას გამოხატავს და ქცევის განსაზღვრულობის საფუძველს წარმოადგენს. ის არის ფაქტორი, რომელიც ინდივიდის დისპოზიციათა შინაგან ორგანიზაციას ახდენს. „შინაგანი გარემოს“, ე.ი განწყობის წარმოქმნის წყალობით ინდივიდი, გარეგანი ზემოქმედების განუწყვეტელი ცვლილების მიუხედავად, თანმიმდევრულად მოქმედებს, როგორც აქტიური „ავტონომიური მთლიანობითი ერთეული“; განწყობა უდევს საფუძვლად მისი ქცევის შინაგან მოწესრიგებულობას.

განწყობა მთლიანობითი მდგომარეობაა, რომელიც პრინციპულად განსხვავდება ინდივიდის ყველა სხვა დიფერენცირებული პროცესისა და ფსიქოლოგიური თავისებურებებისგან. განწყობის თეორიის მიხედვით, განწყობის წარმოქმნის ფაქტორებია მოთხოვნილება და სიტუაცია. მოთხოვნილებისა და მისი დაკმაყოფილების სიტუაციის თანხვდომის შედეგად სუბიექტში წარმოიქმნება სპეციფიკური მდგომარეობა — განწყობა ისეთი ქცევის შესრულებისადმი, რომელსაც შეუძლია კონკრეტული მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ქცევა გაწყობაში წინასწარაა ასახული (ანტიციპირებულია), მაგრამ განწყობას, თავის მხრივ, განაპირობებს მოთხოვნილება და სიტუაცია. ამრიგად, ქცევა წარმოდგენილია, როგორც განწყობის ფაქტორებით განსაზღვრული და ამავე დროს მიზანმიმართული მოქმედება.

განწყობის თეორიის მიხედვით, ინდივიდმა რომ რაიმე ქცევის განხორციელება შეძლოს, იგი როგორც მთლიანობა, სრულიად გარკვეულ მდგომარეობაში უნდა იყოს.

განწყობა გამოხატავს ინდივიდის ფსიქოლოგიური ორგანიზაციის — „ადამიანურ არსებით ძალათა“ (კ. მარქსი) — უმაღლეს დონეს — მთლიანობითი სუბიექტის (პიროვნების) მოდუსს მისი მოქმედების ყოველ კონკრეტულ მომენტში. იგი თითქოს ერთ ფოკუსში უყრის თავს ყველა იმ შინაგან დინამიურ მიმართებას, რომლებიც აშუალებენ სტიმულთა ქემოქმედების შედეგად ინდივიდში აღძრულ ფსიქოლოგიურ ეფექტს და რომელთა საფუძველზეც წარმოიშობა მიმართულების მქონე ქცევა, როგორც გაწონასწორება ინდივიდსა და გარემოს შორის.

განწყობის ფუნქციას წარმოადგენს არა მარტო ჯერ კიდევ განუხორციელებელი აქტივობის პოტენციური, წინასწარი ორგანიზაციის შექმნა, არამედ უკვე რეალიზებული აქტივობის აქტუალური მართვაც უკუკავშირების საშუალებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განუწყვეტელი კორეგირების გზით; ტრადიციულად განწყობა წარმოდგენილი იყო როგორც გამოვლენილი ქცევის ერთ-ერთი ფაქტორი. ქართველ ფსიქოლოგთა კონცეფციის თანახმად, მოტივები, პიროვნების ნიშნები, „ღირებულებითი ორიენტაციები“ და ქცევის სხვა ცალკეული ფაქტორები გამოვლინებულ ქცევას უშუალოდ ერთმანეთისგან იზოლირებულად კი არ განსაზღვრავენ, არამედ ემორჩილებიან მთლიანობითი პიროვნების მარეგულირებელ მოდუსს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უზნაძე დ., განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები, „ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები“, 1949, ტ.6
  • ნათაძე რ., წარმოსახვის განმაწყობელი მოქმედება, თბ., 1958
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 690, თბ., 1977 წელი.
  • Натадзе, Р.Г. - Экспериментальные основы теории установки Д.Н. Узнадзе
  • Д.Н.Узнадзе. Психологические исследования. М.: Наука, 1966.
  • Норакидзе, В.Г., Типы характера и фиксированная установка, Тб, 1966
  • Прангишвили А.С, Исследования по психологии установки, Тб, 1967
  • Прангишвили А.С, Общепсихологическая теория установки, კრ.: М., 1960
  • Психологическая исследования, посвященные 85-летию со дня рождения Д.Н.Узнадзе, под ред. А.С Прангишвили, Тб, 1973
  • Узнадзе Д.Н., Психологические исследования, М., 1966
  • Ходжава З.И', Проблема навыка в психологии, Тб, 1960
  • F.H. Allport, Theories of Perception and Concept of Structure, N.Y — L., 1955
  • Allport G. W Attitudes, წგნ., Hand-book of social psychology, L., 1935
  • Gibson J. J, A critical review of rhe concept of set in contemporary experimental psychology, „Psychology Bulletin“, 1941, v.38, №9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]