განძანის ეკლესია (XII-XIII საუკუნეები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

განძანის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძანში. აგებულია XII-XIII საუკუნეებში.

დარბაზული ტიპის ეს ეკლესიაც ნაგებია იმავე მოწითალო ფერის ანდეზიტური ტუფით, როგორითაც ნაგებია ზედა უბნის, ზემო ეკლესია ნაშენი. სამხრეთის მხარეს ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. კედლები დასრულებულია მარტივი, თაროსებრი ლავგარდნით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ორივე კარი გარედან არქიტრავითაა დასრულებული, შიგნიდან თაღოვანია. კარებებს გარედან მარტივი ლილვების თაღოვანი მოჩარჩოება აქვს. დასავლეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებში ერთიან ქვაში გაჭრილი თითო სარკმელია. დასავლეთის და სამხრეთის სარკმლებს სწორკუთხა საპირე შემოსდევს, აღმოსავლეთისას კი - თაღოვანი.

აბსიდა ნახევარწრიულია. კონქი აბსიდისწინა პილასტრებზე გადასულ თაღს ებჯინება. ასეთივე, ორსაფეხურიანი პილასტრებია გრძივი კედლების შუაში და დასავლეთ კიდეში. მათზე გადასულ თაღებს კამარა ეყრდნობა. პილასტრებს შორის დეკორატიული თაღებია. ფასადები მოჩუქურთმებულია და აქ ორი ვრცელი ასომთავრული ლაპიდარული წარწერაა.

სამხრეთ კედლის ბალავერზე იკითხება, შემდგომი:

ვიკიციტატა
„ქ ღმრთვის გვრგვნოსანი მეფობაი გიორგისი ლაშქარნი და სამეფო დაიფარენ დედაო ყოველთა მხსნელისაო.“

იქვე სამხრეთის კედელზე სარკმლის მარჯვნივ წერა:

ვიკიციტატა
„ქრისტე ღმერთო ადიდე ორთავე ცხორებათა მანდატურთუხუცესი შალვა ძითა და ძმითა. მათგან ცოცხალთა ვაშენეთ მეორე წმინდაი ესე საყდარი ჩუენ ნოკოლასძეთა. შალვას მონასა მანგლაფას მეოხ ექმენ ღმერთო ყოველთა საყდარი დედისა ღმრთისაი.“

სწორედ ამ ორი წარწერით ხერხდება ეკლესიების დათარიღება როგორც ზემოთა და ქვემოთა უბნისა. კერძოდ წარწერებში მოხსენეიებული მეფე გიორგი, გიორგი ბრწყინვალეა, ხოლო შალვა- ბექა ჯაყელის ძე. ზედა ეკლესიის აგების დროს კი შალვა მეჭურჭლეთუხუცესი ყოფილა, ხოლო ქვედა ეკლესიის აგების დროს მანდატუხუცესი. ჯაყელებს განძანიც ეკუთვნოდათ ჯავახეთში.

განძანის ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვალერი სილოგავა, განძანის წარწერის "მანგლაფას" შესახებ, ახალციხე 2009
  • განძანის ეკლესიები //ჟღერს ქვის ჰარმონია; ნაკვეთი პირველი, ა-დ, საკითხავნი ყმაწვილთათვის, "ციცინათელა", თბილისი 2006 წ., გვ. 232-234

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16467

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]