განის სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შემწვარი თევზი და ლობიო დაბრაწული ბანანითა და წიწაკით

განის სამზარეულო (ინგლ. Ghanian cuisine) — განელი ხალხის ტრადიციული კერძების ერთობლიობა. განური გასტრონომია ძირითადად სუპებისა და წვნიანებისაგან შედგება, რომლებშიც მთავარი ინგრედიენტი თითქმის ყოველთვის კარტოფილია. უმეტეს შემთხვევაში, განურ საჭმელებს წითელი ან ნარინჯისფერი შეფერილობა აქვთ.

ძირითადი მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანკუ და გრილზე შემწვარი თევზი

განური კერძების უმეტესობას სუპისა და წვნიანის სახე აქვს, რომელთა უმეტესობაც გაჯერებულია მრავალი არომატიზატორითა და სანელებლით, რაც მათ ერთობ ეგზოტიკურ სახეს სძენთ.

ბოსტნეულიდან ყველაზე პოპულარულია ბადრიჯანი და პომიდორი, აგრეთვე გავრცელებულია ისპანახი, პალმის კაკალი, არაქისი, ტარო, ველური სოკო, ბამია და ა.შ. როგორც წესი, განელები წვნიანებსა და სუპებს უმეტესად ამ ბოსტნეულისაგან ამზადებენ.

განაში აგრეთვე მოიხმარენ საქონლის, ღორის, ქათმის, იხვის, თხის, ცხვრისა და თევზის ხორცს. მეზობელი კოტ-დ’ივუარის მსგავსად, ლოკოკინები აქაც პოპულარულია. ვინაიდან ისინი თითქმის ყველა ტიპის ხორცს ჭამენ, მათი წვნიანებიც მდიდარი და მრავალფეროვანია ხორცით. გარდა წვნიანებისა და სუპებისა, გავრცელებულია შებოლილი ხორცი და დამარილებული თევზი. ზღვის პროდუქტებიდან განსაკუთრებით პოპულარულია კიბორჩხალა, კრევეტები, რვაფეხა, ხამანწკები. აღსანიშნავია ისიც, რომ განელები თავიანთ კერძებში ღორის ფეხებსაც კი იყენებენ.

განური სამზარეულოსათვის ასევე გამახასიათებელია შებოლვა. ისინი არა მხოლოდ თევზსა და ხორცს, არამედ სოკოსაც კი ბოლავენ. შებოლვასთან ერთად ისინი პროდუქტებს აშრობენ და ამარილებენ. ხშირ შემთხვევაში წვნიანებში სწორედ შებოლილი თევზი გამოიყენება და არა ჩვეულებრივი. ამასთან, გემოების გასამძაფრებლად იყენებენ ისეთ სანელებლებს, როგორებიცაა: ნიორი, ხახვი, წიწაკა, რეჰანი და ჯავზი. განური გასტრონომიისთვის დამახასიათებელი ეგზოტიკური არომატის შესაძენად კი ისინი თითქმის ყველა კერძში იყენებენ დაფნის გამხმარ ფოთლებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ განაში ზეითუნის ზეთი დიდად გავრცელებული არაა და აქ უფრო პოპულარულია პალმის, ქოქოსის, ვიტელარიის, პალმის კაკლისა და არაქისის ზეთები. რაფინირებული ზეთების დანერგვის შემდეგ ქოქოსის, ვიტელარიისა და პალმის კაკლის ზეთებმა აქტუალობა დაკარგეს, თუმცა პალმის ზეთი დღემდე აქტიურად გამოიყენება არაერთ საჭმელში.

ტრადიციული განური სუპების სიაში შედის: მიწის თხილის სუპი, პომიდვრის სუპი, ტაროს ფოთლების სუპი, პალმის კაკლის სუპი, აიოიოს სუპი და ოკრის სუპი.

სასმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული განური სასმელები ძირითადად განის სამხრეთულ რეგიონებშია გავრცელებული. ერთ-ერთი ასეთი სასმელია ასანა, რომელიც მზადდება ფერმენტიზებული სიმინდისაგან. ვოლტის წყალსაცავის გასწვრივ და სამხრეთის მხარეში ასევე გვხვდება პალმის ღვინო, რომელიც სწრაფი მოსამზადებელია და გამოიყენება ავთენტური ჯინის მოსამზადებლად. რაც შეეხება ჩრდილოეთ განას, აქ უფრო მეტად უალკოჰოლო სასმელებია გავრცელებული. ერთადერთი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ამ რეგიონში პოპულარულია არის პიტო, ფეტვისაგან მომზადებული ლუდი.

განის ურბანულ ნაწილებში პოპულარულია ხილის ნატურალური წვენები, კაკაოს სასმელები, ქოქოსის რძე, იოგურტი, ნაყინი, გაზიანი და ალაოს სასმელები და აგრეთვე სოიოს რძე. აღსანიშნავია, რომ განაში ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებენ კაკაოსგან, ალაოსგან, შაქრის ლერწმისა და ზოგიერთი ხის ქერქიდანაც კი. მათგან ძირითადად ლუდს, ჯინისა და ლიქიორს ხდიან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jojo Cobbinah: Ghana. Praktisches Reisehandbuch für die „Goldküste“ Westafrikas. 7. aktualisierte und überarbeitete Auflage. Peter Meyer, Frankfurt am Main 2005, ISBN 3-89859-110-7
  • BetumiBlog: Ghanaian Gourmet-Recipe No. 49, continued: Palmnut Soup Archived 12 October 2016 at the Wayback Machine. Betumiblog.blogspot.com (4 November 2010). Retrieved 30 November 2011.
  • Food in Ghana – Ghanaian Food, Ghanaian Cuisine Archived 27 October 2016 at the Wayback Machine. Foodbycountry.com. Retrieved 30 November 2011.
  • Kasapreko Company Limited produces alcoholic and non-alcoholic beverages – an Accra, Ghana manufacturing company Archived 3 September 2011 at the Wayback Machine. Kasaprekogh.com. Retrieved 30 November 2011.
  • How To Make Ghanaian Peanut Brittle | Guide (4 Steps) « Wonder How To Archived 12 April 2012 at the Wayback Machine. Wonderhowto.com (9 June 2011). Retrieved 30 November 2011.