განის რეფორმები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

განის რეფორმები — იმ ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და ეკონომიკური ღონისძიებების პირობითი სახელწოდება, რომელიც რუსეთის მთავრობამ გაატარა ამიერკავკასიაში XIX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში. 1840 წლის 10 აპრილს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა დაამტკიცა სენატორ პავლე განის ხელმძღვანელობით შემუშავებული კანონები: „უზენაესად დამტკიცებული დაწესებულება ამიერკავკასიის მხარის მმართველობისათვის“, „დებულება სამოქალაქო საზოგადოებრივი მმართველობის შესახებ თბილისში“, „დებულება საერობო საბეგრო კომიტეტების შესახებ ამიერკავკასიაში“, რომლებიც ძალაში შევიდა 1841 წლის 1 იანვრიდან.

განის რეფორმები მიზნად ისახავდა რუსეთის იმპერიის პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებას, ადმინისტრაციული და სასამართლო დაწესებულებებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ჩამოშორებას, ადგილობრივი იურიდიული აქტების გაუქმებასა და რუსიფიკატორული პოლიტიკის გაძიერებას. ამიერკავკასიის ახალი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური დაყოფა უგულვებელყოფდა ადგილობრივთა ისტორიულ-ეკონომიკურ და კულტურულ თავისებურებებს.

პავლე განის რეფორმების მიხედვით ამიერკავკასია დაიყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულად: საქართველო-იმერეთის გუბერნიად და კასპიის ოლქად. საგუბერნიო, საოლქო და სამაზრო მმართველობა რუსულ ყაიდაზე მოეწყო. მხარის მართვის სადავეები მთავარმართებლის ხელში იყო. 1842 წლის 10 აპრილს დებულებების ცხოვრებაში გატარებამ გამოიწვია ადგილობრივების მკვეთრი რეაქცია. საქართველოს მტელ რიგ რეგიონებში ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ გამოსვლებს. განის რეფორმება შეავიწროვა ცარიზმის სოციალური ბაზა ამიერკავკასიაში. იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა ამიერკავკასიაში შექმნილი რთული ვითარების შესასწავლად 1842 წელს გამოაგზავნა სამხედრო მინისტრი მიხეილ პოზენი, რომელმაც უარყოფითი შეფასება მისცა პავლე განის საკანონმდებლო საქმიანობას. მთავრობა იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. ამ პერიოდიდან მოყოლებული ცარიზმი ცვლის პოლიტიკას ამიერკავკასიაში და ცდილობს მჭიდრო კავშირი დაამყაროს ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამის ნათელი დადასტურებაა მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის მოღვაწეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 551.
  • ჯავახიშვილი ივ., პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა მე-19 საუკუნის საქართველოში, ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, 2016 978-9941-13-503-3 გვ. 44-46