განაპირა კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

განაპირულობა კულტუროლოგიური ცნებაა და მიუთითებს ამა თუ იმ რეგიონის კულტურულ სპეციფიკაზე. იგი გულისხმობს ცვლილებებსა და ტრანსფორმაციებს „დიდი“ კულტურის სისტემის ფარგლებში. იქმნება კულტურის ელემენტთა ახალი კომბინაციები, ახალი აქცენტები, იცვლება ელემენტთა ურთიერთქმედების ფორმები; რაღაც აქტუალიზდება, რაღაც უკანა პლანზე გადადის, მაგრამ ყველაფერი ეს ხდება „დიდი“ კულტურის პრინციპების, კანონზომიერებათა და ტენდენციათა ჩარჩოებში. შესაბამისად, „განაპირულობა“ არ დაიყვანება მხოლოდ სივრცით-გეოგრაფიულ ფაქტორზე.

მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტერმინი „განაპირა კულტურა“, რომელიც მოკლებულია შეფასებით დატვირთვას, ორიენტირებულია განაპირა კულტურის კავშირზე მის წარმომშობ კულტურასთან და აქცენტს აკეთებს მათი ერთობის მომენტზე, წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ „სასაზღვრო“, „პერიფერიული“, „მარგინალური კულტურის“ ნაცვლად, რომლებსაც იგი მოიცავს კიდეც.

ა. ჯ. ტოინბით დაწყებული დღემდე, მკვლევრები არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ ზოგჯერ, ცივილიზაციის მთელი სისტემის კრიზისის დროს, შეიძლება, „განაპირა“ ტიპის კულტურამ უფრო მკაფიოდ გამოხატოს ამ სისტემის არსი, კანონზომიერებანი და ტენდენციები, ვიდრე „ბირთვმა“, ცენტრმა. „დიდი“ ცივილიზაციების ისტორიის კრიზისულ პერიოდებში მისმა ცენტრებმა შეიძლება „განაპირას“ გადაინაცვლოს.

განარჩევენ განაპირა კულტურის რამდენიმე ქვეტიპს: 1) „ახალგაზრდა“ კულტურები, თავის დროზე „გამოტანილი“ „დიდი“ კულტურის თავდაპირველი სივრციდან, მეტროპოლიათა ყოფილი კოლონიური ვარიანტები (მაგალითად, ლათინურამერიკული და ჩრდილოამერიკული კულტურები); 2) „განაპირა“ კულტურები ძველი ავტოქტონური ტრადიციით (მაგალითად, ესპანური კულტურა).

ფ. ბროდელი მიუთითებდა „განაპირა“, „სასაზღვრო“ კულტურათა შესწავლის მნიშვნელობაზე. იგი თვლიდა, რომ ასეთი კულტურების მეშვეობით ცივილიზაციათა საზღვრები იხსნება სხვებთან კონტაქტისათვის, მათში მჟღავნდება ცივილიზაციათა კომუნიკაციური შესაძლებლობანი. დენ დაინერი აღნიშნავს, რომ ცივილიზაციათა თვითიდენტიფიკაცია სწორედ მათ პერიფერიაზე ყალიბდება, სხვა ცივილიზაციებთან დაპირისპირების შედეგად.