გამდლისწყაროს განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გამდლისწყაროს განძი — ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის სპილენძ-ბრინჯაოს ნივთების განძი. აღმოჩნდა 1966 სოფ. გამდლისწყაროსთან (კასპის რაიონი). დაფლული ნივთების ნაწილი სამეურნეო დანიშნულებისა და უმთავრესად კოლხეთის ბარისა და ზოგიერთი მთიანი რაიონისთვისაა დამახასიათებელი. აღმოჩნდა მრავალნაირი თოხი, ნამგალი, ხელეჩო, დიდი რაოდენობით ე. წ. სეგმენტისებრი იარაღი, სამი სახეობის კოლხური ცული, ისრისპირები, წალდის, მახვილისა და სატევრის ფრაგმენტები, სამაჯურები, აბზინდის, მოხატული სარტყლის ნატეხები და სხვა. განსაკუთრებით საყურადღებოა ბრინჯაოს მცირე ზომის უნიკალური სკულპტურული ჯგუფი, რომელიც ცხვრის კულტთან და ნაყოფიერების ღვთაებასთან დაკავშირებულ რიტუალურ სცენას გამოხატავს (ფარეხი, ცხვრის ფარა, მეცხვარის ძაღლები, ორფერდა კარავი, სამსხვერპლო, მწყემსები, სარიტუალო ნივთები და სხვა). გამდლისწყაროს განძს დიდი მნიშვნელობა აქვს გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში საქართველოს სამეურნეო ყოფა-ცხოვრების და კულტურის შესწავლისათვის, გვიჩვენებს კოლხურ და აღმოსავლურ ქართულ კულტურათა ურთიერთობას ძვ. წ. II ათასწლეულის მიჯნაზე და მიუთითებს შიდა ქართლში კოლხური კულტურის ელემენტების ფართო გავრცელებაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქორიძე დ., დავიცვათ და გადავარჩინოთ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები, «ძეგლის მეგობარი», 1968, № 15;