შინაარსზე გადასვლა

გალა (თეოდოსიუსის მეუღლე)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალა
რომის იმპერატორის მეუღლე
მმართ. წლები: 387-394
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 367-ის შემდეგ
გარდ. თარიღი: 394
მეუღლე: თეოდოსიუს I
შვილები: გრატიანი
გალა პლაციდია
დინასტია: ვალენტინიანუსების (დაბადებით)
თეოდოსიელების (ქორწინებით)
მამა: ვალენტინიანე I
დედა: იუსტინა

გალა (გ. 394 წ.) — რომის დედოფალი, თეოდოსიუს პირველის მეორე ცოლი. იყო ვალენტინიანე I და მისი მეორე ცოლის, იუსტინას ქალიშვილი.

გალას მამა დასავლეთ რომის იმპერატორი 364-დან 375 წლამდე იყო, ხოლო მამის ძმა, ვალენტი, აღმოსავლეთ რომის იმპერიას 364-დან 378 წლამდე მართავდა. ვალენტინიანეს წინა ქორწინებიდან ჰყავდა ვაჟი, სახელად გრატიანი, რომელიც მამის შემდეგ ტახტზე ავიდა და 383 წლამდე იმეფა.

გალა გვხვდება, როგორც მისი მშობლების ქორწინების შედეგად გაჩენილი ოთხი შვილიდან ერთ-ერთი.[1] მისი ძმა ვალენტინიანე II, გრატიანეს თანაიმპერატორი 375 წლიდან შემდეგ კი დასავლეთ რომის ერთადერთი ლეგიტიმური იმპერატორი იყო, 383 წლიდან მის გარდაცვალებამდე, 392 წელს.[2] მის დებს გრატა და ჯუსტა ერქვათ.[2] სოკრატე კონსტანტინოპოლელის თანახმად, არც ერთი არ გათხოვილა. 392 წელს ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მაგრამ ამ თარიღის შემდეგ აღარსად იხსენიებიან.[3][4]

თეოდოსიუსზე გათხოვება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალამ 380-იან წლებში რომის სამ იმპერატორს შორის კონფლიქტში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 383 წელს გრატიანი მაგნუს მაქსიმუსის დიდი აჯანყების დროს გარდაიცვალა. მაქსიმუსმა განაგრძო კონტროლის დამყარება რომის იმპერიის ნაწილზე, მათ შორის ბრიტანეთის, გალიის, ესპანეთისა და აფრიკის ეპარქიის ტერიტორიებზე. ის ამ მიწებს თავისი დედაქალაქიდან, ავგუსტა ტრევერორიუმიდან (ტრევესი, ტრირი) მართავდა, და ვალენტინიან მეორესთან და თეოდოსიუს პირველთან შეძლო მოლაპარაკება საკუთარი პოზიციის აღიარების შესახებ. ამის შეთანხმების პირობების შედეგად, ვალენტინიანეს ტერიტორია მხოლოდ იტალიამდე შემცირდა.[2]

387 წელს ვალენტინიანე II და მაქსიმუსს შორის ზავი დასრულდა. მაქსიმუსმა ალპები გადალახა და მედიოლაუმს დაემუქრა. ვალენტინიანე და იუსტინა დედაქალაქიდან სალონიკში, ილირიკუმის პრეტორიის პრეფექტურის დედაქალაქში გაიქცნენ, სადაც თეოდოსიუსი ცხოვრობდა. გალა მათ თან ახლდათ.[5] ამ პერიოდში თეოდოსიუსი ქვრივი იყო, რადგან მისი პირველი ცოლი, ელია ფლაკილა 286 წელს გარდაცვლილიყო.[6]

მონეტა, თეოდოსიუს I

თეოდოსიუსმა გაქცეულები შეიფარა, მაგრამ რეალურად გადამწყვეტი მოქმედების განსახორციელებლად თვეები დასჭირდა, რაც მიუთითებდა, რომ სამოქალაქო ომის წამოწყება არ სურდა.[7][8] საბოლოოდ, ის ბრძოლაში იმიტომ ჩაება, რომ მაქსიმუსი თავიდან მოეცილებინა.[9][10] შედეგად, ის გალაზე დაქორწინდა, ხოლო პატარძლის ოჯახი მართლმადიდებელი გახდა, რითაც იმპერატორმა დინასტიური და რელიგიური სოლიდარობის საჯარო იმიჯს მიაღწია.[10][11][8]

როდესაც გალა თეოდოსიუსზე გათხოვდა, ის რომის დედოფალი და თეოდოსიუსის ორი ვაჟის, არკადიუსისა და ჰონორიუსის დედინაცვალი გახდა. 388 წლის ივლისსა და აგვისტოში თეოდოსიუსისა და ვალენტინიანეს გაერთიანებული ჯარები მაქსიმუსის ტერიტორიაზე რიქომერესის, არბოგასტის, პრომოტუსის და ტიმასიუსის ხელმძღვანელობით შეიჭრნენ. მაქსიმუსი ამ ბრძოლებში მეტად დაზარალდა და აკვილიაში დანებდა. ის 388 წლის 28 აგვისტოს შვილ და თანამმართველ ვიქტორთან ერთად სიკვდილით დასაჯეს, თუმცა მისი ოჯახის დანარჩენი წევრები შეიწყალეს.[12]

თეოდოსიუსმა 388-391 წლები იტალიაში გაატარა, ხოლო გალა და მისი გერები კონსტანტინოპოლის სასახლეში დარჩნენ. მარსელინუს კომეს ცნობით, არკადიუსმა დედოფალი 390 წელს სასახლიდან გააძევა.[5] იმის გამო, რომ არკადიუსი ამ დროისათვის მხოლოდ ცამეტი წლისა თუ იქნებოდა, საეჭვოა ეს ბრძანება მართლაც მისგან წამოსულიყო. [13]

როდესაც თეოდოსიუსმა აღმოსავლეთში (შესაძლოა გალასა და არკადიუსს შორის კონფლიქტის გამო) დაბრუნება გადაწყვიტა, მან ვალენტინიანე და მისი სამეფო კარი ვიენაში, გალიაში, მილანისა და ამბროსის გავლენისგან მოშორებით გადაიყვანა, და არბოგასტი დასავლეთის პროვინციების მაგისტრად დანიშნა.[14]

392 წლის 15 მაისს ვალენტინიანი თავის ოთახში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მისი გარდაცვალება თვითმკვლელობად გამოაცხადეს, მაგრამ შესაძლოა ამ საქმეში არბოგასტის ხელი ყოფილიყო გარეული, რა ბრალდებაც სოკრატე კონსტანტინოპოლელის, ოროზიუსისა და ზოსიმეს ჩანაწერებში გვხვდება. სოზომენი ნაკლებად დარწმუნებულია საკუთარ გადმოცემაში და ნაწერებში იმპერატორის გარდაცვალების ორივე სავარაუდო ვერსიას ახსენებს.[2]

გალას ძმის გარდაცვალებით გამოწვეული წუხილის შესახებ ზოსიმესა და იოანე ანტიოქელის ნაშრომებიდან ვიგებთ. [5][15] ამავე წლის 22 აგვისტოს არბოგასტმა ევგენოსი თეოდოსიუსის თანხმობის გარეშე, იმპერატორად გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილების აღიარებისათვის გამართული მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა, და 393 წლის 23 იანვარს თეოდოსიუსმა თავისი მეორე ვაჟი, ჰონორიუსი, ავგუსტუსად გამოაცხადა, რაც არაპირდაპირ გულისხმობდა, რომ ლეგიტიმური იმპერატორი მხოლოდ თეოდოსიუსი უნდა ყოფილიყო. ორ იმპერატორს შორის კონფლიქტი მალევე დაიწყო, რის შედეგადაც, 394 წლის 5-6 სექტემბერს, ფრიგიდუსის ბრძოლა მოხდა, რომელშიც თეოდოსიუსმა გაიმარჯვა, მთელ რომის იმპერიაზე კონტროლი მოიპოვა, არბოგასტმა თავი მოიკლა, ხოლო ევგენოსი სიკვდილით დასაჯეს.

გალას ეს გამარჯვება არ უნახავს. ის მშობიარობისას, ბრძოლის დაწყებამდე გარდაიცვალა.[16][15][17]

გალას თეოდოსიუსთან სამი შვილი გაუჩნდა:

  • გრატიანი, 388-389 წლებში დაბადებული ვაჟი, გარდაიცვალა 395 წლამდე;[18]
  • გალა პლაციდია, ქალიშვილი (392/93–27 ნოემბერი 450), მისი ერთადერთი შვილი, რომელიც სრულწლოვანებამდე გადარჩა და რომელიც მოგვიანებით დედოფალი გახდა. დაქორწინდა ვესტგუთთა მეფე ათაულფზე, ხოლო პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კონსტანციუს მესამეზე;
  • იოანე, ვაჟი, რომელიც დედასთან ერთად გარდაიცვალა, მშობიარობისას, 394 წელს.[19]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Jones, Martindale & Morris, p. 488-489.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Roberts, Walter E., Valentinian II (375-92 A.D.) დაარქივებული 2022-09-27 საიტზე Wayback Machine.
  3. Jones, Martindale & Morris, p. 400, 488.
  4. Williams & Friell 1994, p. 127.
  5. 5.0 5.1 5.2 Jones, Martindale & Morris, p. 382.
  6. Jones, Martindale & Morris, p. 342.
  7. Errington 2006, p. 36.
  8. 8.0 8.1 Hebblewhite 2020, p. 82.
  9. Holum 1982, pp. 45–46.
  10. 10.0 10.1 McLynn 1994, p. 293.
  11. Williams & Friell 1994, p. 62.
  12. Williams & Friell 1994, p. 63-64.
  13. Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology (1849)
  14. Williams & Friell 1994, p. 71.
  15. 15.0 15.1 Errington 2006, p. 41.
  16. Williams & Friell 1994, p. 132.
  17. McLynn 1994, p. 352.
  18. Rebenich 1985, p. 381-383.
  19. Rebenich 1985, p. 384.