გაიოზი (კერატიშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიტროპოლიტი გაიოზი
წილკნელ-ურბნელი მიტროპოლიტი
26 მარტი, 1972 — 25 მაისი, 1978
არჩევა: 26 მარტი, 1972
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია
 
დაბადების სახელი: ბიძინა კერატიშვილი
დაბადება: 24 თებერვალი, 1945
წყაროსთავი, საგარეჯოს რაიონი, საქართველოს სსრ
გარდაცვალება: 19 მარტი 2016
თბილისი, საქართველო
ბერად აღკვეცა: 14 დეკემბერი, 1971
მღვდლად კურთხევა: 19 დეკემბერი, 1971
ეპისკოპოსად კურთხევა: 26 მარტი, 1972

მიტროპოლიტი გაიოზი (ერისკაცობაში ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილი; დ. 24 თებერვალი, 1945, წყაროსთავი, საგარეჯოს რაიონი, საქართველოს სსრ — გ. 19 მარტი, 2016, თბილისი, საქართველო) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, წილკნელი, შემდეგ ურბნელი მიტროპოლიტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერო ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1945 წლის 24 თებერვალს საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში. 1963 წელს დაამთავრა საგარეჯოს საშუალო სკოლა, რის შემდეგ ჩაირიცხა და სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. მანამდე სამხედრო ბეგარის მოუხდელობის გამო უარი უთხრეს მცხეთის სასულიერო სასწავლებელში ჩარიცხვაზე. 1963-1965 წლებში სამხედრო სამსახურშია, დემობილიზაციის შემდეგ კვალავ აღადგინეს უნივერსიტეტში. სწავლის პარალელურად მუშაობდა ჯერ საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის, შემდეგ - პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლად.

ბიძინა კერატიშვილი ახლოს იცნობდა საგარეჯოს წმიდა დოდოს ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ევაგრე დიასამიძეს, რომლის რეკომენდაციის საფუძველზეც წარდგა კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის წინაშე.

სასულიერო ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წელს უწმინდესი ეფრემ II-ის რჩევით ბიძინა კერატიშვილმა დატოვა საერო სამსახური და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, ერთი წლის შემდეგ პატრიარქის კურთხევით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოში საქმის მწარმოებლად.

1971 წლის 14 დეკემბერს ეფრემ II-მ ბიძინა კერატიშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად გაიოზი. 17 დეკემბერს ნავთლუღის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში აკურთხა დიაკვნად. მანვე, იმავე წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, ბათუმში საკათედრო ტაძრის დღესასწაულზე ხელი დაასხა მღვდლად. მღვდელმონაზონი გაიოზი აგრძელებდა საპატრიარქოს კანცელარიაში საქმიანობას, ამავე დროს მას ევალებოდა ყოველდღიური ღვთისმსახურება სიონის საპატრიარქო ტაძარში. 1972 წლის მარტში კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებს დაუგზავნა შეტყობინება შეკითხვით მღვდელმონაზონ გაიოზის ეპისკოპოსის ხარისხში აყვანის შესახებ და გამოითხოვა წერილობითი პასუხი. 1972 წლის 24 მარტს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც მღვდელმონაზონი გაიოზი 26 მარტს, დიდმარხვაში ბზობის კვირიაკის წინა კვირას, წილკნელ ეპისკოპოსად აკურთხეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში. იმავე დღეს წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

ეფრემ II-ის გარდაცვალების შემდეგ პატრიარქად აირჩიეს ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), რომელმაც ეპიკოპოსი გაიოზი მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის, ანუ კათოლიკოსის მოადგილედ და მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად დანიშნა. სემინარიაში იგი კითხულობდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას, ჰომილეტიკას, საეკლესიო სამართალს.

1973 წლიდან ეპისკოპოსი გაიოზი ადგენდა და გამოსაცემად ამზადებდა საქართველოს ეკლესიის კალენდარს, რომელსაც შეუცვალა პროფილი, 10 საგამომცემლო თაბახიდან გაზარდა 30-მდე და აქცია სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შინაარსის კრებულად.

1976 წლის 4 ივნისს, მამადავითობის დღესასწაულზე, უწმიდესმა და უნეტარესმა დავით V-მ ეპისკოპოსი გაიოზი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა.

1977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი დავით V, მიტროპოლიტმა გაიოზმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ ასარჩევად მხარი დაუჭირა ბათუმ-შემოქმედელ და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ რომანოზს (პეტრიაშვილი) და ამ პოზიციაზე ურყევად იდგა 1977 წლის 20 დეკემბრამდე. მიუხედავად ამისა, მან 23 დეკემბერს სიონში გამართულ XII საეკლესიო კრებაზე ხმა მისცა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. მანვე წაიკითხა საეკლესიო კრების დეკლარაცია და ძირითადი ლოცვებიც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. 1978 წლის იანვარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიტროპოლიტი გაიოზი გაათავისუფლა ქორეპისკოპოსის მოვალეობისგან, მცხეთის სემინარიის რექტორობიდან და სვეტიცხოვლიდან და გადაიყვანა ურბნისის ეპარქიის მმართველად (ურბნელ მიტროპოლიტად) და ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრად.

პატიმრობა და ცხოვრების უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წლის 25 მაისს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ მიტროპოლიტი გაიოზი დააპატიმრეს საეკლესიო ქონების მითვისების ბრალდებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე ალექსანდრე ალადაშვილის თავმჯდომარეობით მიტროპოლიტ გაიოზს მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია. 1980 წლის სინოდის განჩინებით ჩამოერთვა მღვდელმთავრის ხარისხი და დაიყვანეს ერისკაცის რანგში. გასამართლების შემდეგ სასჯელის მოსახდელად გააგზავნეს დაღესტანში, საიდანაც მიხეილ გორბაჩოვის მიერ მიღებული ამინისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს 1989 წელს, 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ. საქართველოში დაბრუნებულს აღარ ჰქონდა აღარც ბინა, აღარც საარსებო საშუალება.

მიტროპოლიტყოფილ გაიოზს 2000-იანი წლების დასაწყისიდან საპატრიარქოს მიერ დაენიშნა მცირე პენსია.

გარდაიცვალა 2016 წლის 19 მარტს, თბილისის ერთ-ერთ კარდიოლოგიურ კლინიკაში გულის ოპერაციის შემდეგ[1]. დაკრძალეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საკათედრო ტაძრის ეზოში[2].

სამეცნიერო მოღვაწეობა და ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიტროპოლიტი გაიოზი ერისკაცობაშივე ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას. ახალგაზრდობიდანვე რაიონული და რესპუბლიკური პრესის ფურცლებზე აქვეყნებდა ისტორიულ-ფილოლოგიურ ხასიათის სამეცნიერო წერილებს, სტატიებს. მიტროპოლიტყოფილ გაიოზს დარჩა ბევრი გამოქვეყნებული შრომა:

  1. გავუფრთხილდეთ ძეგლებს. გაზ. "სამგორი", 1965 წ. 26 ოქტომბერი.
  2. წარსულისადმი პატივისცემით. გაზ. "ივერიის განთიადი," 1966 წ. 24 მარტი.
  3. ცხოვრების გულმართალი მეხოტბე. გაზ. "ივერიის განთიადი", 1966 წ. 2 აპრილი.
  4. თამარის ეპოქა და შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი". წაკითხული რუსთაველის დაბადების 800 წლისათვისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე საგარეჯოში, 1966 წლის 29 სექტემბერს. დარბევისას დაკარგული. (გადარჩენილა სამეც. სესიაზე მოსაწვევი ბარათი).
  5. ისევ თვალ-საგარეჯოს ისტორიისათვის. გაზ. "ივრის განთიადი," 1968 წ. 9 მარტი.
  6. ორი საყურადღებო დოკუმენტი ნინოწმინდიდან. გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი". 1969 წ. 21 ივნისი.
  7. ნინოწმინდის ქართული წარწერა. ჟურნალი "საბჭოთა ხელოვნება", 1969 წ. N7.
  8. წარმართობის გადმონაშთები გარეკახეთში. გაზ. "ივრის განთიადი," 1969 წ. 18 მარტი.
  9. რას ნიშნავს სიტყვა გარეჯა? 1968 წ. (დაკარგული. არასრული, შემორჩენილია გვერდები).
  10. ერთი ადგილის გაგებისათვის "შუშანიკის მარტვილობიდან." 1969 წ. (დაკარგული. შემორჩენილია გვერდები).
  11. ერთი თავისებურება ძველ ქართულ წერილობით და ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში. 1968 წ. (დაუბეჭდავი).
  12. ძველ ქართულში ერთი ტერმინის სულხან-საბა ორბელიანისეული განმარტების გარშემო. 1968 წ. (დაუბეჭდავი).
  13. საუკუნეების საიდუმლოება. ნინოწმინდის ქართული წარწერა. 1968-1969 წ.წ. (დაკარგული 2008 წ.).
  14. ქართლის ცხოვრების ერთი ტერმინის დადგენისათვის 1972 წ. (დაუბეჭდავი).¬
  15. რამდენი მონასტერია გარეჯაში? ჟურნალი "ძეგლის მეგობარი". 1971 წ. N27-28.
  16. საქართველოს ეკლესიის კალენდარი - 1973, 1974, 1975, 1976, 1977 წ.წ. შემდგენელ-რედაქტორი ეპისკოპოსი გაიოზი. მოიცავს საავტორო უფლების სხვადასხვა სახის წერილობით სტატიებს: 1) გაბრიელ ეპისკოპოსი. 1976 წ. კალენდარი. გვ. 17-21. 2) კანონნი წმიდა მოციქულთანი. იგივე. გვ. 43-43. 3) კათოლიკოს ანტონ I. იგივე. გვ. 99-100. 4) მსოფლიო საეკლესიო კრებები. იგივე. გვ. 102-109. 5) ქორონიკონის გამოანგარიშება. იგივე. გვ. 137-138. 6) ძველი ქართული ენის გამოკრებული ლექსიკონი. იგივე. გვ. 338-386. 7) ძველი ქართული სამოციქულო და საეკლესიო იერარქიული ტერმინების ლექსიკონი. იგივე. გვ. 387-396. 8) იაკობის ჟამის წირვა. 1977 წ. კალენდარი. გვ. 201-202.
  17. პოეტური ნიმუშები ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნებიდან. 1977 წ. (დაკარგული. შემორჩენილია რამდენიმე გვერდი).
  18. სტეფანოს ორბელიანის ისტორიიდან ერთი ადგილის გაგებისათვის. 1972 წ. (დაუბეჭდავი. დაკარგული. აკლია დასაწყისი გვერდები).
  19. ქართული სტამბისა და ბიბლიური ტექსტების ბეჭდვის ისტორიისათვის. 1977 წ. (გაზ. "ასავალ-დასავალი", 2009 წ. N50 (79ა)).
  20. შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის პროლოგი და საეკლესიო სამართლის ზოგი საკითხები. 1977-1978 წ.წ. (დაკარგული. გადარჩენილია 55 ნაბეჭდი და მცირე რაოდენობის ხელნაწერი გვერდები).
  21. ნათელმეტყველება. 1980-1988 წ.წ. შრომა-გასწორების კოლონიაში შედგენილი სამუშაო მასალა კონსპექტებისა და ჩანაწერების სახით. დასამუშავებელი. მოიცავს 100-ზე მეტ რვეულს.
  22. რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი წერილი რუსეთის პატრიარქ პიმენს. 1988 წ. დაწერილია შრომა-გასწორების კოლონიაში. დაუბეჭდავი.
  23. ქართული ბიბლიის საკითხები და თანამედროვეობა. 1977 წელს, პრაღაში, 5-10 სექტემბერს გამართულ ევროპის სემინარზე წაკითხული მოხსენება (დაუბეჭდავი).
  24. მოკლე ისტორიული წიაღსვლები საქართველოს ეკლესიის XIX და XX საუკუნეების ცხოვრებიდან ავტოკეფალიასთან მიმართებაში. 1998 წ. (დაუბეჭდავი).
  25. საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს აღდგენის შესახებ. 2004 წ. (დაუბეჭდავი).
  26. ქართველთა განმანათლებელი წმიდა ნინო, მისი უძველესი ქართული ხატება და ვაზის ჯვრის მისტერია. გაზ. "ასავალ-დასავალი", 2005 წ. #9 (548).
  27. 300 წლისთავი უფლის საგალობლის "დავითნის" დაბეჭდვიდან. გაზ. "ასავალ-დასავალი", 2005 წ. N14 (553).
  28. ახალი რედაქცია ქართული ოთხთავისა (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე). გიორგი მთაწმიდისეული რედაქციის თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე. გაზ. "ასავალ-დასავალი". 2005 წ. 15-51-ე და 2006 წლის პირველ ნომერში.
  29. აუცილებელი განმარტება სახარების ახალი რედაქციის ავტორისაგან. გაზ. "ასავალ-დასავალი", 2005 წ. N33 (572).
  30. ვინ არიან ახალი მწვალებელნი, ფარისეველნი და მწიგნობარნი. იუდას ამბორი და უმეცართა ინკვიზიცია საღვთო წერილის წინააღმდეგ. გაზ. "ასავალ-დასავალი." 2006 წ. N18 (618).
  31. ლექსები. დაკარგული 1978 წელს. გადარჩენილი მკვლევარისა და მთარგმნელის თამარ მესხის მიერ. ნაწილი დაკარგული. დაბეჭდილია ერთი ნაწილი. გაზ. "ასავალ-დასავალი," 2005 წ. N5(544).
  32. მითი და სინამდვილე (ინტერვიუ, გაზ. "ასავალ-დასავალი", 2009 წ. N1 (797)).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]