შინაარსზე გადასვლა

გაიანა-ვენესუელის ტერიტორიული დავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესეკიბო ნაჩვენებია ღია მწვანე ფერით, გაიანის დანარჩენი ნაწილი მუქი მწვანით, ხოლო ვენესუელა ნარინჯისფრად.

გაიანა-ვენესუელის ტერიტორიული დავა — მიმდინარე ტერიტორიული კონფლიქტი გაიანასა და ვენესუელას შორის ესეკიბოს რეგიონისათვის, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ესეკიბო ან ესპანურად გაიანა-ესეკიბა.[1] ეს არის 159,500 კმ² ფართობის ტერიტორია მდინარე ესეკიბოს დასავლეთით. ექვსი რეგიონისაგან შემდგარი ტერიტორია ექვემდებარება ვენესუელის კონტროლს კუნძულ ანკოკოს გარდა. აღნიშნული ოლქები იმართება გაიანას მიერ 1899 წლის პარიზის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე.[2][3][4] ამ ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს ასევე ვენესუელა, როგორც გაიანა-ესეკიბას შტატზე. საზღვრების დავა მემკვიდრეობით მიიღეს კოლონიური ძალებისგან (ვენესუელის შემთხვევაში ესპანეთისგან, ხოლო გაიანის შემთხვევაში ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოსაგან) და გრძელდება ვენესუელისა და გაიანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც.

1835 წელს ბრიტანეთის მთავრობამ გერმანიაში დაბადებულ მკვლევარსა და ბუნებისმეტყველს რობერტ ჰერმან შომბურგკს დაავალა ბრიტანეთის გაიანას საზღვრების კვლევა. ამ კვლევის შედეგად შეიქმნა ე. წ. „შომბურგკის ხაზი“, რომელიც უარყო როგორც ვენესუელის მთავრობამ, ასევე ბრიტანეთმა, რადგან გაფართოებული შომბურგკის ხაზიც კი არ მოიცავდა მდინარე კუიუნის მთელ აუზს, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდა ბრიტანეთი.[5] დაძაბულობა გაიზარდა 1876 წელს რეგიონში ოქროს საბადოების აღმოჩენის შემდეგ, რამაც კულმინაციას მიაღწია 1887 წელს, როდესაც ვენესუელის პრეზიდენტმა ანტონიო გუსმან ბლანკომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებულ სამეფოსთან. გაერთიანებული სამეფო და ვენესუელა შევიდნენ არბიტრაჟში შეერთებული შტატების მედიაციით, რამაც შედეგად მოიტანა 1899 წლის პარიზის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომელიც ძირითადად ბრიტანეთის სასარგებლოდ გადაწყდა. 1949 წელს არბიტრაჟში აშშ-ვენესუელის დელეგაციის ოფიციალურმა მდივანმა სევერო მალეტ-პრევოსტმა დაწერა მემორანდუმი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. მასში ნათქვამი იყო, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამომდინარეობდა ტრიბუნალის პრეზიდენტის ფრიდრიხ მარტენსის ზეწოლისგან და რუსეთსა და ბრიტანეთს შორის პოლიტიკური გარიგებისგან. 1962 წელს აღნიშნულმა მემორანდუმმა გამოიწვია ვენესუელის საჩივარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რამაც შედეგად მოიტანა ჟენევის შეთანხმება, რომელსაც 1966 წელს ხელი მოაწერეს გაერთიანებულ სამეფოსთან.

1966 წლის 17 თებერვალს ხელმოწერილი ჟენევის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი მოაწერეს გაერთიანებულმა სამეფომ, ვენესუელამ და ბრიტანეთის გაიანამ, ტერიტორიის სტატუსი დარეგულირდა. ეს ხელშეკრულება ადგენს, რომ მხარეები შეთანხმდებიან დავის „პრაქტიკული, მშვიდობიანი და დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების“ პოვნაზე.[6] ხელშეკრულების თანახმად, ჩიხური სიტუაციის შემთხვევაში, გადაწყვეტის საშუალებების შესახებ გადაწყვეტილება უნდა გადაეცეს „შესაბამის საერთაშორისო ორგანოს“ ან ამ საკითხზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გაეროს გენერალურ მდივანს. გენერალურმა მდივანმა მთელი საკითხი უნდა გადასცეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ). 2020 წლის 18 დეკემბერს ICJ-მ მიიღო გაიანას მიერ წარდგენილი საქმე დავის გადასაწყვეტად.[7] 2023 წლის დეკემბერში ვენესუელამ ჩაატარა რეფერენდუმი, სადაც ვენესუელის ამომრჩევლებს ეკიტხებოდა, უნდა გამხდარიყო თუ არა რეგიონი ვენესუელის შტატი და მისი მოსახლეობა — მოქალაქეები. ვენესუელამ განაცხადა, რომ შედეგებმა აჩვენა დიდი მხარდაჭერა. სადავო რეგიონში კენჭისყრა არ ჩატარებულა.[8]

ამჟამად ვენესუელა აცხადებს პრეტენზიას მდინარე ესეკიბოს დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე, რომელსაც ის მოიხსენიებს როგორც Zona en Reclamación ანუ რეკლამაციის ზონა.[9] ისტორიულად, ეს არ მოიცავდა მდინარე ამაზონის შენაკადებსა და პირარას ტერიტორიას, რომლებიც ბრიტანეთის გაიანას გადაეცა მხოლოდ 1904 წელს ბრაზილიასთან არბიტრაჟის დროს. ესეკიბოს ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი მიჰყვება 1905 წლის საზღვარს, რომელიც დადგინდა ბრიტანეთ-ვენესუელის შერეული სასაზღვრო კომისიის მიერ, 1899 წლის 3 ოქტომბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესაბამისად. ამჟამად ვენესუელა ცდილობს გააუქმოს სამართლებრივი საზღვრები და თანახმაა მხოლოდ საზღვარზე მდინარე ესეკიბოს გაყოლებით.

2024 წლის მარტში ვენესუელამ მიიღო კანონი, რომელიც ესეკიბოს ასახელებს ვენესუელის ახალ შტატად, რომელიც იმართება ვენესუელის ქალაქ ტუმერემოდან. კანონი წარედგინა უზენაეს სასამართლოს მისი კონსტიტუციურობის დასადასტურებლად.[10][11]

  1. * „Venezuela says voters back claim to oil-rich swath of Guyana“. Financial Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 December 2023. ციტირების თარიღი: 16 December 2023. ციტატა: „'Guayana Esequiba', as the disputed region is known in Venezuela.“
  2. British Guiana Boundary: Arbitration with the United States of Venezuela. The Case (and Appendix) on Behalf of the Government of Her Britannic Majesty დაარქივებული 8 April 2023 საიტზე Wayback Machine. Volume 7. Printed at the Foreign office, by Harrison and sons, 1898.
  3. Caribbean Nations Have High Hopes For the Biden-Harris Administration en-US (2021-01-20). ციტირების თარიღი: 2021-01-20
  4. Boadle, Anthony; Gaier, Rodrigo Viga; Boadle, Anthony (2023-12-06). „Brazil urging Venezuela to avoid force or threats against Guyana, says Lula aide“. Reuters (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 December 2023. ციტირების თარიღი: 2023-12-07.
  5. Office of the Geographer (14 March 1969). „International Boundary Study: Guyana (British Guiana) - Venezuela Boundary“ (PDF). International Boundary Study. Washington, D.C.: US Department of State. 21: 2. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 25 March 2024. ციტირების თარიღი: 13 March 2024.
  6. Agreement to resolve the controversy over the frontier between Venezuela and British Guiana (Treaty of Geneva, 1966) დაარქივებული 16 January 2013 საიტზე Wayback Machine. from UN
  7. Summary of the Judgement of 18 December 2020. ციტირების თარიღი: 27 December 2022
  8. Venezuela's planned vote over territory dispute leaves Guyana residents on edge en (2023-11-29). ციტირების თარიღი: 2023-12-06
  9. Venezuela-Guyana: qué riquezas hay en el Esequibo, el territorio que se disputan ambos países desde hace casi dos siglos es (2023-11-24). ციტირების თარიღი: 2023-12-08
  10. „Le Venezuela adopte une loi affirmant sa souveraineté sur l'Essequibo, actuel territoire du Guyana“. Le Monde.fr (ფრანგული). 2024-03-23. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 March 2024. ციტირების თარიღი: 2024-03-25.
  11. Venezuela's parliament approves creation of state in disputed oil-rich Essequibo en (2024-03-22). ციტირების თარიღი: 2024-03-25