შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 986

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 986

ალ-ბასრას ნავთობის ტერმინალი
თარიღი 14 აპრილი, 1995
სხდომა № 3,519
კოდი S/RES/986 (დოკუმენტი)
თემა ერაყი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 986 მიღებულია 1995 წლის 14 აპრილს , მას შემდეგ, რაც საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ერაყის შესახებ მანამდე მიღებული ყველა რეზოლუცია და ერაყის სამოქალაქო მოსახლეობაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, საბჭომ, გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე, შექმნა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ერაყული ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავლები ქვეყნისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას დააფინანსებდა. ეს მექანიზმი მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც პროგრამა „ნავთობი საკვების სანაცვლოდ“.[1]

უშიშროების საბჭო დარწმუნებული იყო, რომ აუცილებელი იყო დროებითი ზომების გატარება ერაყელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად მანამ, სანამ ქვეყანა სრულად შეასრულებდა უშიშროების საბჭოს ყველა შესაბამის რეზოლუციას. მათ შორის იგულისხმებოდა 687-ე (1991) რეზოლუცია, რომელიც იძლეოდა 661-ე (1991) რეზოლუციით დაწესებული სანქციების ფარგლებში დამატებითი ზომების მიღების საშუალებას.

პირველ რიგში, ქვეყნებს მიეცათ უფლება, დაერთოთ ნება ერაყული წარმოშობის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე და მასთან დაკავშირებულ ფინანსურ ტრანზაქციებზე, საერთო ჯამში 1 მილიარდ აშშ დოლარამდე ყოველ 90 დღეში ერთხელ. ეს პროცესი საჭიროებდა 661-ე რეზოლუციით შექმნილი კომიტეტის თანხმობას, ხოლო ნავთობის საფასური უნდა ჩარიცხულიყო მიმდინარე რეზოლუციით შექმნილ ესქრო ანგარიშზე.[2] თურქეთს მიეცა უფლება, დაეწესებინა გადასახადი თავის ტერიტორიაზე არსებული კირკუკ-იუმურთალიკის მილსადენის გამოყენებისთვის. აღნიშნული დებულებები ძალაში შევიდოდა მომდევნო დღის 00:01 საათზე (EST), როდესაც უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი გამოაცხადებდა, რომ მიიღო გენერალური მდივნის, ბუტროს ბუტროს-გალის მოხსენება. დებულებები ძალაში რჩებოდა საწყისი 180 დღის განმავლობაში, რომლის შუა პერიოდშიც გადახედვა იგეგმებოდა.

შემდეგი დებულებები ძალაში შევიდა დაუყოვნებლივ: დამოუკიდებელი ინსპექტორები და კომიტეტი გააკონტროლებდნენ ნავთობის გაყიდვებს და შეიქმნებოდა ესქრო ანგარიში.[3] აღნიშნული ანგარიშიდან უნდა დაფინანსებულიყო:

(ა) მედიკამენტების, ჯანდაცვის საშუალებების, საკვები პროდუქტებისა და სამოქალაქო საჭიროების მასალების ექსპორტი, რის სამართლიან განაწილებაზეც ერაყის მთავრობას თანხმობა უნდა განეცხადებინა;

(ბ) ჰუმანიტარული საქონლის განაწილების პროცესის შევსება ერაყის მთავრობის მიერ;

(გ) ესქრო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების იმავე პროცენტის გადარიცხვა გაეროს საკომპენსაციო კომისიაში, რომელიც 705-ე (1991) რეზოლუციით იყო განსაზღვრული;

(დ) დამოუკიდებელი ინსპექტორების, სერტიფიცირებული საჯარო ბუღალტრებისა და სხვა საქმიანობის დაფინანსება; (ე) გაეროს სპეციალური კომისიის (UNSCOM) საოპერაციო ხარჯების დაფარვა;

(ვ) სხვა ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება;

(ზ) ყოველ 90 დღეში 10 მილიონ აშშ დოლარამდე თანხის გამოყოფა 778-ე (1992) რეზოლუციით გათვალისწინებული გადახდებისთვის.

ქვეყნებს მიეცათ უფლება, 661-ე რეზოლუციის მიუხედავად, განეხორციელებინათ იმ სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობის ექსპორტი, რომლებიც აუცილებელი იყო ერაყში კირკუკ-იუმურთალიკის მილსადენის უსაფრთხო მუშაობისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. ხარჯების დაფარვა შესაძლებელი იყო კრედიტით, ესქრო ანგარიშზე თანხის შემდგომი ჩარიცხვის პირობით.

გენერალურ მდივანს სთხოევს მოხსენებების წარდგენა პროცესის 90-ე და 180-ე დღეს, ხოლო კომიტეტს დაევალა ზემოაღნიშნული დებულებების იმპლემენტაციისთვის საჭირო პროცედურების შემუშავება. ორივე მხარეს მოუწოდეს ეფექტური მოქმედებისკენ რეზოლუციის შესასრულებლად. საბჭომ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ესქრო ანგარიშსა და გაეროსთან მომუშავე მთელ პერსონალს მიანიჭა იმუნიტეტი „გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენციის“ შესაბამისად.

რეზოლუციის დასასრულს კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ არცერთი დებულება არ უნდა შეხებოდა ერაყის ვალდებულებებს საგარეო ვალის დაფარვასთან დაკავშირებით და ამავდროულად, არ უნდა დაერღვია მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

ერაყმა თავდაპირველად უარყო რეზოლუცია იმ მოტივით, რომ იგი არღვევდა მის სუვერენიტეტს, და 1996 წლის იანვრამდე არ ეთანხმებოდა მის დებულებებს.[4][5] პროგრამა ოფიციალურად შეწყდა 2003 წლის 21 ნოემბერს, ერაყში შეჭრის შემდეგ, ხოლო მისი ძირითადი ფუნქციები გადაეცა კოალიციის დროებით მმართველობას (Coalition Provisional Authority).[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. United Nations (2004). United Nations: Observations on the Oil for Food Program & Iraq’s Food Security. DIANE Publishing. ISBN 978-1-4223-1041-0. 
  2. Bailey, Sydney Dawson (1998). The procedure of the UN Security Council. Oxford University Press, გვ. 370. ISBN 978-0-19-828073-6. 
  3. Allain, Jean (2004). International law in the Middle East: closer to power than justice. Ashgate Publishing, Ltd, გვ. 174. ISBN 978-0-7546-2436-3. 
  4. Niblock, Tim (2002). "Pariah States" & Sanctions in the Middle East: Iraq, Libya, Sudan. Lynne Rienner Publishers, გვ. 118. ISBN 978-1-58826-107-6. 
  5. O'Sullivan, Meghan L. (2003). Shrewd sanctions: statecraft and state sponsors of terrorism. Brookings Institution Press, გვ. 111. ISBN 978-0-8157-0602-1. 
  6. UN Office of the Iraq Program – Oil-for-Food