შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 950

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 950

„UNOMIL“-ის მედლის ლენტა
თარიღი 21 ოქტომბერი, 1994
სხდომა № 3442
კოდი S/RES/950 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია ლიბერიაში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 950 ერთხმად მიიღეს 1994 წლის 21 ოქტომბერს; მას შემდეგ, რაც კვლავ დაადასტურა 813-ე (1993), 856-ე (1993), 866-ე (1993) და 911-ე (1994) რეზოლუციები, საბჭომ აღნიშნა ლიბერიაში არსებული მდგომარეობის გაუარესება და გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIL) მანდატი 1995 წლის 13 იანვრამდე გააგრძელა.[1]

საბჭომ მუშაობა დაიწყო დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS) და მისი პრეზიდენტის, განის პრეზიდენტ ჯერი როულინგსის შექებით ლიბერიაში მათი როლისთვის. ხაზგასმით აღინიშნა ლიბერიის ეროვნული გარდამავალი მთავრობის (LNTG) ავტორიტეტის გაძლიერების მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადეს იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის მონიტორინგის ჯგუფის (ECOMOG) საქმიანობაში. თავად „ECOMOG“-მა შექება დაიმსახურა დედაქალაქ მონროვიაში „LNTG„-ის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთისთვის. გამოითქვა შეშფოთება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევისა და უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო, რამაც საომარი მოქმედებების ინტენსივობის ზრდის შედეგად მძიმე გავლენა მოახდინა ლიბერიის სამოქალაქო მოსახლეობაზე.

გენერალურმა მდივანმა ბუტროს ბუტროს-გალიმ გამოთქვა განზრახვა, გაეგზავნა მაღალი დონის მისია „ECOWAS“-ის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციების გასამართად ლიბერიაში საერთაშორისო თანამეგობრობის როლის შესახებ. საბჭომ აღიარა, რომ „UNOMIL“-ის მანდატის გაგრძელების მიუხედავად, ადგილზე არსებული ვითარების გამო აუცილებელი იყო მისიის შემცირება. მისიის პერსონალის ზრდა დამოკიდებული იყო პირობების გაუმჯობესებასა და გენერალური მდივნის შემდგომ ანგარიშზე.

ლიბერიის ყველა ფრაქციას მოუწოდეს, შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები და შეთანხმებულიყვნენ ძალების დაშორიშორების, განიარაღებისა და დემობილიზაციის განრიგზე. ამავდროულად, ლიბერიის ეროვნულ გარდამავალ მთავრობასა (LNTG) და მოსახლეობას მოუწოდეს ეროვნული შერიგებისკენ და „ECOWAS“-ის თავმჯდომარესთან და გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან თანამშრომლობისკენ.[2] ყველა სახელმწიფოს დაევალა, მკაცრად დაეცვათ ლიბერიის მიმართ დაწესებული საყოველთაო და სრული იარაღის ემბარგო, გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული 788-ე (1992) რეზოლუციის შესაბამისად.

რეზოლუციამ დაგმო მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები, აგრეთვე „UNOMIL“-ის დამკვირვებლების, „ECOMOG“-ის ჯარისკაცების, ჰუმანიტარული მისიის მუშაკებისა და სხვა პერსონალის[3] დაკავებისა და მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტები. საბჭომ მოითხოვა, ლიბერიის ყველა ფრაქციას პატივი ეცა „ECOMOG“-ისა და „UNOMIL„-ის პერსონალის სტატუსისთვის, თავი შეეკავებინათ მათ მიმართ მუქარისა თუ ძალადობისგან და დაებრუნებინათ ყველა წართმეული აღჭურვილობა.

წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს, წვლილი შეიტანონ ლიბერიის სამშვიდობო პროცესში, ხოლო მათ, ვინც ქვეყანას ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა, მადლობა გადაუხადეს. დასასრულს, გენერალურ მდივანს ეთხოვა, „UNOMIL“-ის მიმდინარე მანდატის ამოწურვამდე წარედგინა ანგარიში საბჭოს წინაშე ლიბერიაში მოვლენების განვითარებისა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. United Nations Dept. of Public Information (1997). The United Nations and the situation in Liberia. United Nations Dept. of Public Information, გვ. 11. 
  2. Yusuf, Abdulqawi A. (1997). African Yearbook of International Law / Annuaire Africain de Droit International, Volume 4 (1996). Martinus Nijhoff Publishers, გვ. 15. ISBN 978-90-411-0471-7. 
  3. Mgbeoji, Ikechi (2004). Collective Insecurity: The Liberian Crisis, Unilateralism, and Global Order. UBC Press, გვ. 119. ISBN 978-0-7748-1037-1.